დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვერტმფრენიდან „დანახული“ ლაზიკა
2011/12/12 11:27:10

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ ინტენსიურად დაიწყო ქალაქების რეაბილიტაცია. საზოგადოების თვალი უკვე შეეჩვია შემინულ და გუმბათდადგმულ შენობა-ნაგებობებს, მოპირკეთებულ ცენტრალურ ქუჩებს, განახლებულ პავილიონებს, ახალ სამედიცინო დაწესებულებებს (საკითხავია, რა ფასად ვიმკურნალებთ იქ...), მოცეკვავე შადრევნები კი უკვე მოძველებული თემაა, თუმცა არც ისე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მალე ვიზეიმებთ კიდევ ერთი შადრევნის გახსნას.

2012 წლიდან ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ახალი ქალაქის მშენებლობაა. ფოთსა და ანაკლიას შორის მინისტრთა გარკვეულმა ნაწილმა (მათ შორის - თბილისის მერი გიგი უგულავა) ვერტმფრენიდან ასათვისებელი ტერიტორია, სახელწოდებით ლაზიკა „დაინახა“. რომ გვეგონა, ქუთაისი ქვეყნის მეორე დედაქალაქი იქნებოდა, კონკურენციას ჯერ კიდევ აუშენებელი ქალაქი, დაუშრობელი ჭაობებით გვიწევს.

შავიზღვისპირეთში დაგეგმილი ახალი საპორტო ქალაქის - ლაზიკას მშენებლობის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქალაქის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და 2015 წლისთვის უკვე დასრულებულ სახეს მიიღებს.

ლაზიკა, როგორც ვიცით, ისტორიული მხარეა ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ დღეს, როცა უამრავი გამოწვევის წინაშე ვართ, გვაქვს თუ არა იმის ფუფუნება ახალი ქალაქები ვაშენოთ, როცა „აშენებულსა“ და „დამშვენებულს“ გვართმევენ და ხალხი ყოველდღიურად გაჭირვებას მისტირის?

მშენებლობის დაწყებამდე ერთი წელი ჭაობების დასაშრობად დასჭირდებათ, „ამას-იმასობაში“ კი არჩევნებიც გვიახლოვდება.

მოქალაქეების აზრი კი ასეთია:

ნაზი თევზაძე, 59 წლის, დიასახლისი: „შვილო, კარგია, რომ ჩვენი ქვეყანა შენდება და მშვენდება, მაგრამ სირცხვილი არაა, როცა ამდენი ახალგაზრდა დაუსაქმებელია? ჩემმა შვილებმა ორ-ორი უმაღლესი დაამთავრეს და კი ზიან სახლში. წარმოგიდგენიათ, რა დაჯდება ამ ახალი ქალაქის მშენებლობა.“

ნოდარი, 25 წლის: „ეს არის ქართული ოცნება....“

მაყვალა ჭუმბურიძე, 80 წლის, პენსიონერი: „ჩემზე მეტი გაჭირვებული კაცი არ მეგულება, მარტო პენსიის ამარად ვარ, მაგრამ მაინც არ ვწუწუნებ.რასაც კარგს გააკეთებს, კარგია.ააშენოს, რავა, ვერ გააკეთებს, თუ რა (ნიშნის მოგებით).“

დურმიშხან ახვლედიანი, 53 წლის:„ისე, რა მნიშვნელობა აქვს, რას ვფიქრობ, მაგათ თუ მოინდომეს, ყველაფერს გააკეთებენ.იმ ფულს მე მაინც არავინ არ მომცემს (სიცილით).“

ბუდუ ლომიძე, (რაიონიდან), 58 წლის: „თლა გარეკეს! მიშამ რო თქვას, საქართველოს სახელი გადავარქვათო, იმაზეც დასტურს დასცემენ მაგის ჩინოვნიკები. ქალაქის აშენებისთვის საკმარისი ეკონომიკა გვაქს ჩვენ?“

ვალერი გ. ისტორიკოსი: „ქალაქი ნიშნავს ისეთ დასახლებას, სადაც საცხოვრებელი სახლების გარდა, არის დაწესებულებები, ქუჩები, მოედნები, ინფრასტრუქტურა... მხოლოდ დაბა რომ ააშენო, იმას უნდა მილიონები და, საინტერესოა, მილიარდებს საიდან მოიტანენ ქალაქის ასაშენებლად?“

ლია ჭიჭინაძე, ფილოლოგი: „ამას, პირველს, ისე უნდა დავით აღმაშენებელს გაუტოლდეს, ალბათ, წინასწარ ტკბება იმის წარმოდგენით, თუ როგორ დაუწერენ კარის პოეტები: „მიშა, სთქვი: იყავნ ქალაქნი! და აღმოცენდნენ ქალაქნი...“

მამუკა წეროძე, 34 წლის, დროებით უმუშევარი: „ამ ახალი ქალაქის აშენებას არ სჯობდა, იქვე, ფოთისა და ყულევისათვის მიეხედათ, ისინი ექციათ თანამედროვე ქალაქებად?“

ლალი თოდუა, დევნილი: „საინტერესოა, ვის ჩაასახლებენ პირველად იმ ქალაქში, - ჩვენ, დევნილებს?“

რობერტ ხურციძე, ყოფილი ბუღალტერი (რაიონიდან): „მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ეკონომიკა კრიზისშია და პატარა, დაქცეული ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო ფონდების ნაწყალობევი ფულით აპირებს ქალაქის აშენებას? სასაცილოა!..“

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავად არ სჯერათ ქალაქის აშენების ავკარგიანობისა. თუმცა, როგორც ჩანს, ტორფზე ქალაქის აშენებასაც ჰქონია ხიბლი. ისე კი სჯობდა, სანაქებო მაღალჩინოსნებს მიწაზე ფეხის შეხებით დაეთვალიერებინათ ტერიტორია და მერე ებჭოთ ნახევარმილიონიანი ქალაქის მშენებლობაზე. მათ ის არ გაითვალისწინეს, რომ კოლხეთის ჭაობს ორი საერთაშორისო კონვენცია იცავს. რაც მთავარია, ტორფი შავი ზღვის ტრანსგრესიის, ანუ ბუნებრივი, ციკლური აწევის ფაზაშია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია