დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მითხარი, რა მუსიკას უსმენ და გეტყვი, როგორი გემოვნება გაქვს!
2011/11/28 12:32:34

მსმენელთა კლასიფიცირება გემოვნებიანად და უგემოვნოდ, ხელოვნურია და უტრირებული, ისევე, როგორც თემა დაობენ თუ არა გემოვნებაზე“. სადაო შეიძლება იყოს, რა შეიძლება ჩაითვალოს მაღალი გემოვნების გამოვლინებად და რა მიეკუთვნება უგემოვნო პროდუქციას. ან, ვინ არის ის უზენაესი მეტრი, რომელიც მკაცრ დიფერენცირებას მოახდენს: ეს კარგია, ეს - არა!

თავად ცნება „გემოვნება“, როგორც კატეგორია, არ იძლევა მკაფიო დეფინიციის საშუალებას; ამ შემთხვევაში, მუსიკალური ნაწარმოებები მაქვს მხედველობაში, თუმცა, ვფიქრობ, ანალოგიურ დილემას ადგილი აქვს ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ გამოვლინებასა და ფორმასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გემოვნების ტენდენციებიც ისეთივე ცვალებადია, როგორც დავუშვათ, მოდა და ჩაცმის კულტურა. მართალია, არსებობს ხელშეუხებელი კატეგორიებიც, ისეთი, როგორიც, მაგალითად, კლასიკური მუსიკა, მაგრამ თავის დროზე მოცარტსაც იწუნებდნენ მისი თანამედროვენი!

სწორედ ამ თავისებურებების გამო, გემოვნების, მარტივად რომ ვთქვათ, მოწონება-არ მოწონების საკითხი, მე პირადად, დემოკრატიულობის ერთ ერთ პრინციპულ და მკაფიო გამოვლინებად მიმაჩნია, რადგან ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება, მოისმინოს სწორედ ის მუსიკა, რომელიც მას მოსწონს. ან ჩაიცვას ის, რისი ჩაცმის სურვილი აქვს, თუნდაც - ჩექმები პაპანაქება ზაფხულში, ან პირიქით, მოკლესახელოიანი მაისურით ტიტლიკანამ ირბინოს გაგანია ზამთარში...

მაგრამ...

როდესაც თბილისი-ქუთაისის სამარშრუტო ტაქსში ვჯდები, გული მიკანკალებს ხოლმე მღელვარე მოლოდინით, მომდევნო 4 საათის განმავლობაში რომელი მუსიკალური „შედევრებით“ დამატკბობს მძღოლი და, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევების გარდა, მგზავრობა ე.წ. „მძღოლკლორის“ თანხლებით მიწევს ხოლმე. ასეთ დროს ჩემი აზროვნების გადემოკრატიულების ნებისმიერი მცდელობა კრახით სრულდება, რადგან მთელ არსებას ამბოხი მოიცავს და მაშინ ვნატრობ ხოლმე მონარქიას, ერთი პირობით, მე უნდა ვიყო ერთპიროვნული მონარქი! არა, მეტი, დიქტატორობა მინდება, რათა ჩანასახშივე მოვსპო მძღოლებისაგან წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინება...

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით !

თუმცა, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო, და სწორედ ამ თემაზე საუბრების დაანონსების შემდეგ მივუჯექი ტელეეკრანს ამ ცოტა ხნის წინ, სადაც ქართულ შოუ-ბიზნესში დღეს არსებული ვითარების შესახებ გაიმართა პროფესიონალთა თუ ვითომ პროფესიონალთა დებატები. „იმედის“ იმ გადაცემას ვგულისხმობ, სახელი დამავიწყდა, ქართულ სიმღერებზე და დღევანდელ მუსიკალურ პოდიუმზე შექმნილი სიტუაციის შესახებ რომ ბჭობდნენ...

ცხონებული ბესარიონ ჟღენტი გამახსენდა. მისი კრიტიკით შეწუხებულ პოეტს უთხრა ერთხელ იმ საყვედურის პასუხად, რა იცით, ლექსი რა არის, თავად ხომ არც ერთი სტრიქონი არ დაგიწერიათო, მე ქათამი არ ვარ, კვერცხებს რომ ვდებდე, მაგრამ კარგ და ლაყე კვერცხს კი ვარჩევ ერთმანეთისგანო. არც მე ვარ პროფესიონალი მუსიკოსი, მაგრამ მაქვს პრეტენზია, ვუსმინო მხოლოდ იმ მუსიკას, რომელიც მე მომწონს და მაშინ, როცა ამის სურვილი მე მაქვს.

ადრე, ჩემი „ვოიაჟების“ გარიჟრაჟზე, მქონდა ხოლმე მცდელობები, ამეხსნა მძღოლებისთვის (მათთვის გასაგებ ენაზე, ცხადია), რომ მათი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩვენი, ანუ მგზავრების თავისუფლება იწყება. მაგრამ უკვე მშვენივრად ვიცი, რომ ეს ფუჭი დროის და, რაც მთავარია, ნეირონების კარგვაა. ამიტომაც მახსოვს ზეპირად იუმორინას ყველა გამოშვება (მკითხეთ, ვერ ჩამჭრით ი.ს.) და чёрные глаза-ს მთელი ტექსტი, მაშინ, როცა ვერასდიდებით „ქებათაქება ნიკორწმინდას“ ვერ დამაზეპირებინა ცხონებულმა ვარდო მიქაბაძემ სკოლაში.

ამ მოწამებრივ მგზავრობებს კიდევ გაუძლებს ადამიანი, მეც, ასე თუ ისე, გამიკაჟდა ნერვები და წინასწარ ვიქმნი ხოლმე შესაბამის განწყობას მოსალოდნელი აუდიოკატასტროფის წინ. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ე.წ. მასკულტურამ ნელ-ნელა, შეპარვით თუ აშკარად გადმოინაცვლა სატრანსპორტო საშუალებებიდან - მასმედიაში!

მე არ ვარ ბეჭდური სიტყვის ძალაუფლების პირველაღმომჩენი. არც ტელევიზიის განუზომელი ზეგავლენის შესახებ კვლევებში ვარ პიონერი. ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ, ეს უკვე ათასჯერ და ათიათასჯერ ითქვა და ითქმება მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ, მართალია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ გემოვნების ფორმირება შეიძლება!

ზემოხსენებულ გადაცემაში ბევრი გაწევ-გამოწევა იყო, გულზე ბევრი მუშტის ბრახუნი, ბევრი სიმართლე და ბევრიც მიუღებელი და ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი... მაგალითად, არ მესმის, რატომ უნდა იმსჯელოს სიმღერასა და გემოვნებაზე სტეფანე-სტიოპკად წოდებულმა; ან როდის შემდეგ გახდნენ მუსიკალური ექსპერტები ია, უფ, გვარი დამავიწყდა, ისე, როგორც მისი ნამღერი, და თიკო სადუნიშვილი?! რატომ არის მისი აზრით, დიმპიტაურა, ვთქვათ, მისი დაწუნებული (ჩემიც. ი.ს.) ნინო ჩხეიძის სიმღერები მაშინ, როცა იგივე ტექსტური და მუსიკალური ფაქტურა აქვს, მაგალითად, კახუჩელას „დოლარები ცვიოდეს“, თუ რაც ჰქვია, ან კიდევ, დათო გომართელის „თუ ფული გაქვს, შენი ვარ“... ან სხვა მსგავსი დიმპიტაურები; არგუმენტი - სახუმარო სიმღერებიაო, არ გამოდგება; თუ ხუმრობაზე მიდგება საქმე, ეგრე სახუმაროდ დაუწერია „კაკლის თუ შინდის მურაბა“ ჯგუფ „ქსოვრელების“ მომღერალს, ყველა რადიომიმღებიდან რომ ისმის სავსებით სერიოზულად.

არც ვაჟა აზარაშვილის მოსაზრებაა ჩემთვის მთლად მისაღები, სამხატვრო საბჭოების აღდგენის შესახებ, რადგან პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ასეთი სტრუქტურების, როგორც სასტიკად ბიუროკრატიული მექანიზმის ფუნქციონირებისა.

მესმის, რომ ძალით იძულება ხალხის, მხოლოდ რადიო „სინდიკატს“ ან „მუზას“ უსმინოს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეროვნული ტელევიზიები თანამიმდევრულად და მეთოდურად ახდენენ მასკულტურის კულტივირებას და პროპაგანდას, თუნდაც ყველაზე რეიტინგული „პროფილის“ და მისი ტყუპისცალი გადაცემების მეშვეობით.

გადართე სხვაგანო, მეტყვის მავანი. მე კი გადავრთავ, სულაც გამოვრთავ და ჩემს ნოუთბუკში ჩაწერილ „ვაი შენს პატრონს, ამას რა გასმენინებს!“ - მოვუსმენ, მაგრამ რა ქნან ჩემმა დისშვილებმა, ჯერ რომ გემოვნების ფორმირების სტადიაში არიან და ყველა დინამიკიდან მხოლოდ ის ესმით, რასაც მარკეტინგული თვალსაზრისით „ყველაზე მომგებიანი პროდუქცია“ ჰქვია, ანუ დიმპიტაურას და - ტაშიიიი, ცეკვავს ერი და ბერი!

თუ საქმე მარკეტინგზე მიდგება და მუსიკალურ პროდუქციასაც, როგორც სავაჭრო პროდუქტს, ისე განვიხილავთ, მასზეც ხომ ვრცელდება ბიზნესის უმარტივესი წესი? - მომხმარებელი ყიდულობს იმას, რაც ბაზარზეა გამოტანილი... ანუ მიწოდება იწვევს მოთხოვნის ფორმირებას! და, პირიქით, მოთხოვნა იწვევს მიწოდების ფორმირებას!

ჰოდა, რა უშლის ხელს მუსიკალურ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის გამოტანას?! თავად ამ პროდუქტის მომწოდებელთა უგემოვნობა თუ მონოპოლიზებული ბაზარი?!

უფრო მარტივად ვიკითხავ: მოინატრებთ როდესმე ავოკადოს, თუკი მთელი ცხოვრება პანტა ვაშლის მეტი არაფერი გაგისინჯავთ?!

 

ირინე სახელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია