დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახლჩამორთმეული მხატვრის ოჯახი და დაუბინავებელი კულტურული მემკვიდრეობა
2011/11/28 12:25:24

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ერთ-ერთი აქტიური საკითხია. გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო, ხდება ისე, რომ ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები მოუვლელობის გამო ზიანდება, ან სრულიად იკარგება.

ამჯერად იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორ ნიავდება მხატვარ გურამ (ჭობი) გაგოშიძის დაუბინავებელი,კულტურული მემკვიდრეობა. სამწუხაროდ, შემოქმედების შუა გზაზე შეწყდა ნიჭიერი ხელოვანის, კოლორიტული პიროვნების სიცოცხლე. მხატვარმა ისიც ვერ მოასწრო, საკუთარი ნამუშევრებისთვის ადგილი მიეჩინა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაგოშიძეების საცხოვრებელი სახლი სადაო გახდა. სწორედ ამის გამო მხატვრის ბევრი ნამუშევარი დაზიანდა, ბევრიც დაიკარგა.

მხატვრის მეუღლე, ქალბატონი ანა ასათიანი აცხადებს;

-1993 წლიდან ვცხოვრობდით თამარ მეფის 84-ში. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩემი მეუღლე ტელეფონით ესაუბრა ბინის ძველ პატრონს ილუშა რიჟინაშვილს (იგი 1990 წლიდან ისრაელში ცხოვრობს). ამ სატელეფონო საუბრისას მოხდა გარიგება მოწმეთა თანდასწრებით. ბინის სანაცვლოდ შეთანხმდნენ 8000 ამერიკულ დოლარსა და ერთ ფერწერულ ნამუშევარზე. ამის შემდეგ ჩემი მეუღლე მალე გარდაიცვალა, სახლის პატრონთან დაკავშირება კი ოჯახის წევრებმა ვერ შევძელით. როგორც გავიგეთ, ამერიკაში გადასულა საცხოვრებლად. მივმართე სასამართლოს, რათა მისი დახმარებით მომეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ამ მდგომარეობით ისარგებლა ქალაქმუზეუმის მუნიციპალიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა სოფიო ადეიშვილმა. მან გამოიყენა ყველა შესაძლებლობა და მიითვისა ჩემი საცხოვრებელი ფართი (361 კვ.მ) მასთან ერთად - ამავე ნომერზე მითითებული თამარ საიდოვას კუთვნილი ფართიც. ასევე რამდენიმე ებრაელის ბინის გაყიდვაშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად ეს ადამიანი გათავისუფლებულია სამსახურიდან. ჩემი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, დღეს ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში. რაც მთავარია, საფრთხე დაემუქრა ჩემი მეუღლის გურამ გაგოშიძის 30-მდე ნამუშევარს, რადგან, სადაც ვცხოვრობ, იქ ნესტიანი ადგილია, თანაც ფართი - არასაკმარისი. ნამუშევრები გადავიტანე ახლობელთან, მადონა მხეიძესთან (კოსტავას ქ.74), მაგრამ რამდენიმე ხანში მისი ბინაც გაიძარცვა. საფრთხე დაემუქრა ნახატებს, ერთ-ერთი დაზიანდა კიდეც. არადა, ისინი არამარტო ჩემი, არამედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაც არის. ყველა სურათი მნიშვნელოვანია, მაგრამ „ვაჟა ფშაველა“ სულ ახლახან ვიკიპედიაშიც შევიდა.

როგორც მხატვრის მეუღლე აღნიშნავს, წლების მანძილზე მხატვრის მფლობელობაში ასევე ყოფილა დაახლოებით 120 კვადრატული მეტრი ფართის სახელოსნო (ჭავჭავაძის გამზირზე), რომელიც გურამ გაგოშიძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე უსასყიდლოდ ჩაუბარებია, რათა ახალი მიეღო. მაგრამ ახალი ბინის მიღება ვერ მოასწრო. ქალბატონ ანა ასათიანის თქმით, ამას მხატვრებიც ადასტურებენ.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ქუთაისის მხატვართა ორგანიზაციის ამჟამინდელ თავმჯდომარეს გიორგი კიკვაძეს ვესაუბრეთ. მან გვითხრა: - დღესდღეობით მხატვართა კავშირს გურამ გაგოშიძის ნამუშევრების გადასარჩენად პირობები არ გააჩნია. მაგრამ ამის პირობები აქვს გალერეას და შეძენილიც აქვს რამდენიმე ნახატი. გურამ გაგოშიძე გახლავთ თვალსაჩინო ფერმწერი, მისი გამოფენები თბილისშიც და ბათუმშიც იყო, პირადად ვიყავი ამ გამოფენაზე 10 წლის წინ. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ეკუთვნის მხატვრის ოჯახს, მათ ჰქონდათ პირობები მათი შენახვისა, მაგრამ სახლის ჩამორთმევის შემდეგ ეს პირობა დაირღვა. ჩვენ ველოდებით სახლის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხის გარკვევას და შემდეგ მთელი საზოგადოება და, განსაკუთრებით, მხატვართა კავშირი, ჩავერთვებით ამ პრობლემის მოგვარებაში, რათა ნამუშევრებს მიუჩინოთ ისეთი ადგილი, როგორიც ეკადრება.

შევეცადეთ, დავკავშირებოდით გაგოშიძეების ბინის ამჟამინდელ მესაკუთრეს. ქალბატონმა სოფიო ადეიშვილმა ტელეფონით საუბრისას საკმაოდ მკვახედ მოგვახალა, რომ ორი სასამართლო მოუგო გაგოშიძეებს და სათქმელიც არაფერი აქვს. ისიც თქვა,რომ მოვიდოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით დაგველაპარაკებოდა, თუმცა ორი კვირა გავიდა და არ გამოჩენილა....

სასამართლოს მოგება-არმოგების საქმე კი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. გაგოშიძეების ადვოკატმა ნაზიბროლა ალფაიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული განაჩენი უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.

გაგოშიძეების ოჯახმა 7 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქის საკრებულოს საბინაო ფართის გამოყოფის თაობაზე, მაგრამ საკითხი კვლავ განხილვის ფაზაშია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია