საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლევან დავითაშვილი: "საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც - ღვინის"
2016/11/07 14:12:53

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი  გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნეს. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. მნიშვნელოვია, რომ ყოველწლიურად იზრდება  როგორც ფესტივალში მონაწილე ფერმერთა რაოდენობა, ასევე წარმოებული ყველის სახეობები.


,,საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის და  ქართულ პროდუქტებს შორის ქართულ ყველს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქართული ყველი გახდეს ბრენდი და დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა  ფესტივალში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა  ფერმერი მონაწილეობას და აღნიშნა, რომ  ეს დარგის განვითარებისა და პერსპექტიულობის ერთ-ერთი ინდიკატორია.

 

წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის მწარმოებელმა 45 კომპანიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა (საქართველოს ყველა რეგიონიდან) წარმოადგინა.  ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 60-ზე მეტი სახეობის ყველი. მათ შორის:  დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობები და სხვა


ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო როგორც  ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული  ქართული ყველის სახეობები, ასევე  საქართველოში წარმოებული  ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ყველის ოსტატებმა ყველის ამოყვანის  მასტერკლასები გამართეს.


ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული  ღვინისა და თაფლის მწარმოებელმა კომპანიებმაც. განსაკუთრებული საფესტივალო განწყობა ანსამბლის ,,ბალადა“ მიერ შესრულებულმა ქალაქურმა სიმღერებმა შექმნა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული ყველის წარმოების განვითარების ხელშეწყობას, ტრადიციების აღდგენას და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ყველის ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია