დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
100 : 0 - ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ
2011/11/07 13:22:39

როგორ აფასებენ ექსპერტები ახალბედა პოლიტიკოსის პირველ პრესკონფერენციას

მინდა, გითხრათ, რომ თქვენ ასით ნული მოიგეთ დღევანდელი პრესკონფერენცია“ – ამგვარად შეაფასა „ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და მას ორასამდე აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრებოდა. გამოუცდელი პოლიტიკოსისა და გამოცდილი ბიზნესმენის დებიუტმა პირდაპირ ეთერში სრული ანშლაგით  ჩაიარა.  ბრძოლა მიკროფონისათვის და პრესკონფერენციის ჩაშლის მცდელობა – ასეთი იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის პოლიტიკური ფონი.

 

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია არ იყო რიგითი მოვლენა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში და მას მთელი საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. საზოგადოება ელოდა პასუხებს იმ კითხვებზე, რაც მართლად, რეალურად არსებობს. ამის სანაცვლოდ კი მიიღეს შოუ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოუწყვეს სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა, მაგრამ მოუწყვეს იმდენად უნიჭოდ, რომ „დამკვეთის“ პოლიტიკური ოპონენტის წისქვილზე დაასხეს წყალი.

„ის, რაც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ე. წ. სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა და მათმა ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს, არის სახე სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისა, რომლებმაც ჟურნალისტობის მსურველი ახალგაზრდები საშოვარზე გამოსულ და ყველაფრის მკადრებელ ბრბოდ აქციეს. მეორე მხრივ, ეს არის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება თვითონ ჟურნალისტური პროფესიისა, რომელიც ასე თუ ისე ცივილიზებულ ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება პროგრესისა და სრულფასოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების სასიცოცხლო მნიშვნელობის ატრიბუტად“ – ამგვარად აფასებს ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კორპუსის საქციელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აკადემია.

ივანიშვილთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ძირითადი შთაბეჭდილება „ქართულ ჟურნალისტურ სპეცნაზზე“ შეექმნა: „ძირითადი შთაბეჭდილება დამრჩა ქართულ ჟურნალისტურ სპეცნაზზე, რომელშიც სრულიად მკაფიო ბატალიონებია ჩამოყალიბებული „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „პრესა.გე“-ს, „ტაბულას“, „პრაიმ-ტაიმის“ და რამდენიმე მედიასაშუალების სახით. მათ სრულიად მკაფიო დავალება ჰქონდათ. როგორც ჩანს, ისინი გადიოდნენ წვრთვნას, ისევე, როგორც ჩემს ახალგაზრდობაში – დემონსტრაციების წინ „მარშიროვკების“ სახით ხდებოდა. რასაკვირველია, ქვეყანაში, სადაც ასეთი ჟურნალისტური სპეცნაზი არ ერიდება ტელეეკრანზე გამოჩენას, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.“

 „ივანიშვილისგან აქცენტები სწორად იყო დასმული, მაგრამ ზოგადად, პრესკონფერენციას დაღი დაასვა მისი ორგანიზაციული ხარისხის სისუსტემ“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

„დღეს ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ვნახეთ ჟურნალისტები, რომლებიც ნაკლებად ასრულებდნენ ჟურნალისტის ფუნქციას. ისინი სვამდნენ ისეთ კითხვებს, რომლებიც კითხვას არ შეიცავდა, ან უინტერესო იყო, ან მისი მიზანი დეზინფორმაცია იყო... ცივილიზებულ სამყაროში სხვა წესები არსებობს და მიკროფონზე ნადირობა ამ წესებში არ ჯდება. ნინო გომართელის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა, უნდა შევიტანოთ კითხვის დასმის ქრესტომათიის სახელმძღვანელოებში, სხვა მოსაზრება მე არ გამაჩნია. აბა რა შეფასება შეიძლება გავუკეთო იმ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გენერალ ლებედევს ლებედისგან ვერ არჩევს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით პრესკონფერენციაზე მიდის,“ – განაცხადა მედია ექსპერტმა,  ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ  ზვიად ქორიძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, იაფფასიანი მცდელობის მიუხედავად - პროპაგანდისტული სქემიდან ჩამჭრელი კითხვები დაესვათ ბიძინა ივანიშვილისთვის - ის ღირსეულად გამოვიდა. „ჟურნალისტებს არაფერს ვაბრალებ, მაგრამ აბსოლუტურად არაადექვატური შეკითხვების მიუხედავად, მათ მიმართაც კი ბოლომდე კორექტული და ლოიალური იყო. მე მგონი, ქართულ სინამდვილეში ესეც ახალია, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაუგებარ კითხვაზე არ იწყებს კამათს და ცდილობს, იმაზეც კი უპასუხოს. რაც მთავარია, ძალიან გულწრფელი, ადექვატური, აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.

რაც შეეხება იმას, როგორი პასუხები გასცა  ბატონმა ივანიშვილმა  საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი გულწრფელი პრესკონფერენცია იშვიათად თუ ყოფილა – ბიძინა ივანიშვილს არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია. „მან ყველა პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ საკითხთან, მათ შორის ბეღურების გადაფრენასთან დაკავშირებითაც კი, ამომწურავად ისაუბრა. არ მრჩება მეხსიერებაში კითხვა, რომელზე პასუხსაც მან თავი აარიდა. მე პრესკონფერენციის ასეთი ფოიერვერკი ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ, დღევანდელი დღის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ლეგენდა პოლიტიკაში ივანიშვილის ახალბედობისა და გამოუცდელობის შესახებ  ეჭვქვეშ დადგა“, - ამგვარად აფასებს ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციას ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

შეკითხვაზე, რას ნიშნავდა ჟურნალისტებისთვის ივანიშვილისგან მიძღვნილი წიგნი: „ანტიჟურნალისტიკა და ქრონიკული ალიაქოთი“, სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა: „წიგნი თვალით არ მინახავს და ვერ შევაფასებ. თუმცა, როგორც  ბატონი ივანიშვილის ნათქვამიდან მივხვდი, „ანტიჟურნალისტიკა“ შეიცავდა იმ მასალებს, რომელიც მიუთითებდა სწორედ ამ ტიპის ჟურნალისტების ნამოქმედარზე. ცხადია, ბევრ მათგანს მაინცდამაინც გულს არ მოეფინებოდა ასეთი გამოჩენა“.

რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ამ პრესკონფერენციით თავად ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. კითხვაზე, რამდენად რეალისტია ივანიშვილი, როცა მხატვრულად აცხადებს, რომ სააკაშვილს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას, ლევან ბერძენიშვილი იხსენებს, რომ, სხვათაშორის, ასეთი რამ ადრე პირადად მასაც უთქვამს, თუმცა თავს ვერ დადებს, სინამდვილეში ასე მოხდება თუ არა.

„ახლა, არ ვიცი, მისცემს თუ არა სააკაშვილს საკუთარი დედა ხმას, რადგან დედის გული როგორია, მოგეხსენებათ... მაგრამ  სააკაშვილს სერიოზული პრობლემები რომ ექნება მომავალ არჩევნებშიბ მე მგონიბ თქვენც იცითბ მეც ვიციბ მსოფლიომაც იცის და ჯონ ბასმაც იცის“...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია