დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ბიძინაობა“ საქართველოში
2011/10/17 12:30:11

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად რომ შავ-თეთრი პიარის სჯერათ, ამ ბოლო ათწლეულმა ყველაზე ნათლად გვიჩვენა. ახლა მორიგი ტალღა აგორდა, კოდური სახელწოდებით „ბიძინა.“ და ეს ყველაფერი იმდენად ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ, ბოლო ერთი კვირაა, დღეში 100-ჯერ მაინც ბიძინა ივანიშვილის სახელი შვიდივე ბრუნვაში ისმის.

 

ქართულ მასმედიასა და ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგებს საქმე მიეცათ.

ცენტრალური ტელევიზიები მასმედიის სხვა საშუალებებთან ერთად აქტიურად აგორებენ შავ პიარს პოლიტიკაში ახალგამოჩენილი ბიზნესმენის წინააღმდეგ, რომელიც წერილობითი განცხადებებით აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას საკუთარი მიზნების შესახებ.

მიყვარს მთავრობის კარნახით გულანთებული ჟურნალისტების დაპირისპირებას რომ ვხედავ ბიზნესმენის მიმართ, გამიჩნდა სურვილი, მკითხველს ის ვუთხრა, რაც სინამდვილეში ხდება და არა ის, რასაც სამთავრობო არხები გვეუბნებიან.

ბიზნესმენის პრეს-მდივანმა პირველი მიმართვა ქართველი საზოგადოებისა და სამთავრობო წრეების მისამართით 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სწორედ იმ დღეს, როცა ქვეყანა ზარ-ზეიმით ეგებებოდა ნიკოლა სარკოზის, ჩრდილოეთში კი პუტინის იუბილეს აღნიშნავდნენ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის თავად - ხელისუფლებისთვისაც. უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს მისივე  მიმართვიდან:   მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო! ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის

გადაწყვეტილების  შესახებ.

საქმე ის არის, რომ მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით. ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.

თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.

ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ - დანდობა და სიყვარული არ იცით!

თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია.

ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს.

ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ.

„ქართუ ჯგუფის პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი...

თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა.“

ქართულმა ტელევიზიებმა ივანიშვილის მიმართვებიდან მხოლოდ ის ფრაზები გააჟღერეს, რომლებიც ეჭვს აღძრავდა და საზოგადოებაში კვლავ წამოჭრიდა კითხვას: ბიძინაც რუსეთის კაცია, ისე როგორც ჩვენი ფსევდოოპოზიციის გარკვეული ნაწილი? სწორედ ამ მიზნით გაახმოვანეს ის, რომ ივანიშვილი ევროპაზე წინ რუსეთს აყენებსო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ აქვს ჩვენს საზოგადოებას „ჩრდილოელი დათვის“ ბუნაგში შებრუნების სურვილი და როცა ბიზნესმენის მიმართვა გადავიკითხე, ვერც იქ შევნიშნე მსგავსი სურვილი. კვლავ გთავაზობთ ამონარიდს და თავად განსაჯეთ:

„ - დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

- გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია...

სრულ და დაზუსტებულ ჩამონათვალს, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, საზოგადოება მომავალი პარტიის პროგრამაში იხილავს.“

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებას შეშინებული თაგვის ფერი გადაჰკრავს და ამის დამადასტურებელია საინფორმაციო ომი. ინტერნეტში საინფორმაციო საიტებზე, სხვადასხვა შინაარსის სტატია ვრცელდება, თუ როგორ წაართვა ივანიშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს კერძო საკუთრება სოლოლაკში და იქ თავისი „სრა-სასახლე“ წამოჭიმა, ასევე ლაშა ბერულავამ საკუთარ სტატიაში განავითარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ტელეეკრანების წინ მხოლოდ საკუთარი იმერული კილოს გავლენით დამახინჯებული მეტყველების გამო ვერ ჩნდება და ახლა მეტყველების შესწავლას მიჰყო ხელი. „ქორ-ვაჭარ ივანიშვილის ინდაურები და მორიგი უსტარი ბუჩქებიდან“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა presa.ge-ზე სოფო ქავთარაძის სტატია, რომელიც, ალბათ, ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი უფროა და ივანიშვილის წინააღმდეგ ვერავის განაწყობს, დიდი-დიდი, ღიმილი მოგგვაროთ. ამ წერილიდანაც გთავაზობთ ამონარიდს: მილიარდერი, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთარი ფულის მეტი, სხვა არანაირი რესურსი არ უმაგრებს ზურგს, პოლიტიკაში ფინანსების ძალაზე აშკარად გადაჭარბებული და ძველმოდური წარმოდგენისაა. რუსეთში ფულებნაშოვნი და კრემლის მმართველობის ყაიდაზე აღზრდილი ოლიგარქისათვის, ეს სრულიად ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ უხერხულობას საერთოდ არ უქმნის: არანაირი პროგრამა, არანაირი პრინციპები, არანაირი გამოკვეთილი პოლიტიკური იდეოლოგია, მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის, სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების შეთავაზების დაპირებები ისმის უკვე ეს რამდენიმე დღეა ჭორვილადან.“

ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომელმაც საკუთარი კალმით ნაციონალური მოძრაობის სათქმელი გაახმოვანა. არ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფული უმაგრებდეს ზურგს, ამ ფულის უკან მისი ჭკუა-გონებაც უნდა დავინახოთ, ამის გარეშე ვერ შეძლებდა ჭორვილაში დაბადებული უბრალო ქართველი - გამხდარიყო ამხელა სიმდიდრის პატრონი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ბიზნესი რუსეთში დაიწყო, ამას თავადაც არ მალავს: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ჯიუტად ცდილობენ რუსულ პოლიტიკასთან მიმაბან და ლამის რუსეთის აგენტად გამომაცხადონ, ვერავინ დამისახელებს ამის დამადასტურებელ თუნდაც ერთ ფაქტს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არცერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან.

საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა მათ ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ - მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს რუსულ პოლიტიკასთან.“

არსებობს სამი ვარიანტი იმისა, თუ რატომ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში:

1. ის შეიძლება მართლაც იყოს რუსეთიდან მართული (ამის გაშიფვრას    ჩვენი ვანო მალევე შეძლებს).

2. ეს ყველაფერი კვლავ ქართული ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლია, რომელშიც ბიზნესმენი მთავარ როლს თამაშობს.

3. ის მიზეზი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავად ასახელებს: პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს.“

ისე, ჩვენი გამწარებული ჟურნალისტები სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სულმა კი წასძლიათ ბიძინასკენ, მაგრამ თან ვანოს შიში ვერ დაძლიეს - მტერი ჩავარდა „კოდი-კუდის“ ხელში.

საინფორმაციო ომიც არის და საინფორმაციო ომიც, ამ ყველაფერსაც ნიჭი და გამოცდილება უნდა. გამოცდილება კი აქვთ ჩვენს მასმედიის რიგ საშუალებებსა და ძალოვან უწყებებს, თუმცა - ნიჭისა რა მოგახსენოთ, ბავშვიც კი ხვდება, სად, როდის და რას იტყუებიან. რაც არ უნდა თქვან, უდავოა, რომ ბიზნესმენს, რომელზეც ლეგენდები დადის, ბევრი დაუჭერს მხარს, რადგან ყველამ იცის, რომ ბიძინას უამრავი კეთილი და ქართული საქმე გაუკეთებია. სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკაში ახლადმოსულ ბიზნესმენს, აქვე უნდა ვთქვათ, ისიც რომ, ბოლოსდაბოლოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხმობა განაცხადა მისი ბრიფინგის გაშუქებაზე. ეტყობა, „ზემოთ“ მიხვდნენ,  რომ საზოგადოების ინტერესს წინ ვერ აღუდგებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილის წერილობითმა მიმართვებმა, ასე რომ ვთქვათ, საზოგადოებას გული მოფხანა, სამაგიეროდ, თავის მართლება დასჭირდათ სახელისუფლებო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ, მაგრამ მაინც სახელისუფლებო ტელევიზიებს.მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე, ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

მე მიზანს მივაღწიე - ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია,“ - ნათქვამია ბიზნესმენის მიმართვაში.

საზოგადოებაში იგრძნობა ახალი მუხტი და შემართება, სწორედ ამის ეშინია ჩვენს ხელისუფლებას და უკვე დაიწყეს ივანიშვილის მხარდამჭერების შევიწროება. თავად ბიზნესმენს კი მოქალაქეობას ედავებიან, რადგან მას საფრანგეთის პასპორტიც აქვს.

თავად ბიზნესმენმა 7 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში დააფიქსირა, რომ რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. ჩვენს ხელისუფლებას კი მის ფრანგულ პასპორტზე ინფორმაცია, შეუძლებელია, არ ჰქონოდა. გამოდის, რომ გიორგი ვაშაძის სანაქებო სისტემა (სამოქალაქო რეესტრი) გაუმართავად მუშაობს.

როგორც ჩანს, ქართველობა მხოლოდ იმ მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც გუნდრუკს ხელისუფლებას უკმევენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია