დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ფრეშჯორჯიას“ ქართველი მუშები ალაპარაკდნენ...
2011/10/17 12:22:53

2009 წელს, როდესაც ქუთაისი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადდა, ეგვიპტელმა ბიზნესმენმა ავტოქარხნის დასახლებაში, საოჯახო ტექნიკის ქარხანა  „ფრეშჯორჯია“ გახსნა. ქარხანაში, დაახლოებით, 500-მდე ქუთაისელი და ეგვიპტელი მუშაა დასაქმებული. ქარხნის დირექტორი მიხეილ თიგიშვილია.

 

 

 ამ დღეებში კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ადგილობრივი მუშები უკმაყოფილონი არიან. ამბობენ, ხელზე ასაღებ (დაქვითვის გარეშე) კუთვნილ ხელფასს - 280 ლარს, ხან 50, 80 და ხანაც 100 ლარს აკლებენო. აი, რას ყვება ერთ-ერთი მუშა, რომლის ვინაობას მისი თხოვნით არ დავასახელებ:

„ეგვიპტელების ქარხანაში რამდენიმე თვეა, რაც მუშაობა დავიწყე. თავიდან კარგად გვექცეოდნენ, მაგრამ ბოლო დროს ჩვენი უფლებები დარღვეულია. 360 ლარი გვაქვს ხელფასი, აქედან სახელმწიფო ოც პროცენტს გვართმევს. ამასთან, კუთვნილ 280 ლარზე, გაურკვეველი მიზეზის გამო, კიდევ 100 ლარს გვაკლებენ. დარჩენილი ხელფასი სამგზავროდ არ გვყოფნის. ეს ნამდვილად უსამართლობაა! ჩვენ მონები ხომ არ ვართ, უხელფასოდ რომ ვიმუშაოთ. სამაგიეროდ, ეგვიპტელებს  ჩვენთან შედარებით სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ. მითხარით, რატომ უნდა ვიყოთ ქუთაისელი მუშები ეგვიპტელებისგან განსხვავებული? ქარხანაში სასმელი წყალი, აბაზანა და სველი წერტილი არ არსებობს. ფორმებზე საუბარი ზედმეტია, საკუთარი ტანსაცმელით გვიწვევს მუშაობა. გეტყვით, რომ „ფრეშჯორჯიაში“ არ არის უსაფრთხოება დაცული. ის არ შეესაბამება ევროსტანდარტებს.

რა სტანდარტებზეა საუბარი, როდესაც დაღლილი მუშები შესვენების დროს შიმშილობენ. ადგილზე სამზარეულო არ არსებობს, მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი ლობიანით ვნაყრდებით. ეგვიპტელები კი საჭმელს დესერტსაც აყოლებენ. ამჟამად „ფრეშჯორჯიასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. გთხოვთ, ჩემი სახელი და გვარი არ დაასახელოთ, რადგან შეიძლება სამსახურიდან გამათავისუფლონ.“

რაკი ჩვენთან საუბრისას ? რესპონდენტმა არაერთი პრობლემა დააფიქსირა, გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით მენეჯერს, მიშა ჭავჭანიძეს. ქარხნის შესასვლელთან ადმინისტრაციამ გაგვაჩერა. როდესაც პრესის ჟურნალისტის დოკუმენტი ვაჩვენე, ადმინისტრატორი მობილურით „ფრეშჯორჯიას“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და მოახსენა, ჭავჭანიძესთან ჟურნალისტს გასაუბრება სურსო. უსაფრთხოების მუშაკმა გვითხრა, ჭავჭანიძე სამსახურში არ იმყოფება, ამიტომ ქარხნის დირექტორს, მიხეილ თიგიშვილს თბილისში, ოფისში ეწვიეთ და იქ გაესაუბრეთო. ადმინისტრატორს ავუხსენი, თბილისში ჩასვლას ვერ მოვახერხებ და იქნებ თიგიშვილის ტელეფონის ნომერი მომცეთ-მეთქი, მაგრამ მისგან უარი მივიღე.

ყველანაირად ვეცადე, ბატონ ჭავჭანიძეს გავსაუბრებოდი, თუმცა - ამაოდ. უშედეგო გამოდგა მორიგი მცდელობაც. ნამდვილად ვიცი (იქვე შემატყობინეს), რომ მენეჯერი ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ, აშკარად, მედიასთან ურთიერთობა არ ისურვა.

ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მამუკა მღვდელაძეს, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული შეხება ჰქონდა ამ თემასთან.

- ბატონო მამუკა, კულუარებიდან შევიტყვეთ, რომ ეგვიპტური ქარხნის „ფრეშჯორჯიას“ ქუთაისელ მუშებს კუთვნილ ხელფასს გაურკვეველი მიზეზის გამო 50 პროცენტს აკლებენ. გაქვთ თუ არა ამ საკითხზე ინფორმაცია? 

- ეგვიპტელების ქარხნის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ. ერთი ის არის, რომ ეგვიპტელები ზედმეტად გაპიარდნენ თავის დროზე. საზოგადოებაში უფრო მეტი მოლოდინი გაჩნდა, თითქოს ეს იქნებოდა რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია და თხუთმეტი ათასი ადამიანი დასაქმდებოდა. არაერთხელ, ჟურნალისტებთან ერთად, მცდელობა მქონდა, რომ შევსულიყავი ქარხანაში და მენახა, რა ხდებოდა. მაგრამ ჯერჯერობით არ მოხერხდა. შარშან ტელევიზიებიც მახლდა, მაგრამ ინფორმაცია ვერ გამოვიტანეთ. ეს არის საშინლად ჩაკეტილი საწარმო. ქარხნის დირექტორს თბილისში დავუკავშირდი, მაგრამ ჟურნალისტების გარეშეც არ შემიშვეს. რაც ვიცი, ის არის, რომ ინდოელების კომპანიასთან შედარებით, შრომის კუთხით, „ფრეშჯორჯიაში“ უკეთესი მდგომარეობაა. არაა დარღვეული უფლებები, იმიტომ, რომ სამუშაო საათები არის დაცული. ნუ, ახლა ხელფასი რამდენად ადეკვატურია იმ შრომასთან შედარებით, რასაც ისინი გასწევენ, ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ სურვილი მაქვს, რომ ამ საკითხის დაზუსტებაში თქვენთან ერთად ჩავერთო. გეუბნებით ფაქტს: სადაც შესასვლელია, იქამდე ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი და ვერანაირად ვერ მოვახერხე ქარხანაში შეღწევა.

- ჩვენც ვცადეთ რამდენიმე დღის წინ და როგორც თქვენ - ამაოდ...  

- კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან გასაიდუმლოებულად მუშაობენ. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამას წინათ ტექნიკის რამდენიმე სახეობა გამოუტანიათ გამოფენაზე. მაგრამ, ჯერჯერობით, გაყიდვაში არა მგონია იყოს. ამიტომ გვაინტერესებს, პრეზიდენტის განცხადება რამდენად სწორია. ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რა საწარმოა, ბაზარზე როგორი ადგილი უკავია და ა.შ.

რაც ვიცი, სამუშაო საათები აქვთ დაცული. რა თქმა უნდა, ადგილობრივ მუშას მაღალი ხელფასი უნდა. მანდ ერთი მომენტია, რაც ცოტა მოუწესრიგებელია და, ალბათ, უნდა გამოსწორდეს: ადგილობრივ მუშას, თუ პრაქტიკაზე, მაგალითად, ეგვიპტეში არ არის წასული, საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვს. მაგრამ ეგვიპტეში წასვლაც ჩაწყობით ხდება და ვიღაცეების დახმარებით. მერე, შესაბამისად, უფრო მეტ ხელფასს აძლევენ. ამაში, რა თქმა უნდა არის ლოგიკა, რაც კვალიფიკაციას ეხება. პრობლემა ის არის, რომ იქ წასვლა ჩაწყობით არ უნდა ხდებოდეს.

- ასევე, ამბობენ, რომ ქარხანა არ ექვემდებარება „ევროსტანდარტებს“. შენობაში აბაზანა, სველი წერტილი და სამზარეულო არ არსებობსო.

- რა თქმა უნდა „ფრეშჯორჯია“ ევროსტანდარტული ვერ იქნება. ჩვენთან სტანდარტები არ არის ისე მოწესრიგებული, რომ მუშამ თავი კომფორტულად იგრძნოს. მაგალითად, ინდურ კომპანიაში დაუცველია უსაფრთხოება. ძალიან ბევრი დაინვალიდდა, მაგრამ არ ამხელენ. საქართველოში ამას თვლიან ჩვეულებრივ მოვლენად. ჩემი მამა მუშაობდა ავტოქარხანაში, იქ კიდევ 16 ათასი ადამიანი იყო. ყოველდღე ყოფილა აბაზანის საშუალება და უფრო მეტიც - რძე, რაც ჯანმრთელობაზე იყო მიბმული (მავნე ქმედების დროს რძე დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე). ამ სტანდარტების მიხედვით, დღევანდელი ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს და დარწმუნებული ვარ, ეგვიპტურ წარმოებაშიც მოუწესრიგებელია. რატომღაც თვლიან, რომ საკმარისია, ადამიანმა ხელფასი აიღოს და იქ სველი წერტილი, სამედიცინო უზრუნველყოფა ზედმეტი ფუფუნებაა. აი, ეს არის ზუსტად წინწამოსაწევი საკითხი, რომ ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს. ვიცი, რომ ეს ნორმები არის დარღვეული, ეს დიდ თანხებს არ მოითხოვს და მათ შეუძლიათ უწინარესად ამაზე იზრუნონ. გადავხედოთ თავიანთ ქვეყნებში - პირველ რიგში სველ წერტილს აკეთებენ და ამის გარეშე ნამდვილად არ შეიძლება.

- რამდენად არის შრომის კოდექსი დღეს საქართველოში დაცული და რას აკეთებენ პროფკავშირები, რომელმაც უნდა დაიცვას მუშის უფლებები?

- მე ყოველთვის ვარ იმის მომხრე, რომ, რაც არ უნდა დიდი ინვესტიცია იყოს, ყველამ პატივი უნდა სცეს ადგილობრივ შრომის კოდექსს და ადამიანის უფლებების დაცვას. ქართველი მუშის პირობები არ უნდა დაემსგავსოს მონის პირობებს. როდესაც მუშას ცუდ პირობებში ზედმეტად ამუშავებ, თან ხელფასს დააკლებ, ეს, ძირითადში, ქვეყნის და ადგილობრივი კანონმდებლობის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს. მე ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები თქვენს გაზეთს, რომ ეს საკითხი წინ წამოწია. რაც შეეხება პროფკავშირებს, მაგათ ინდური ქარხნის „ჰერკულესის“ მოვლენები გააპროტესტეს. მე ვიყავი თბილისში ჩასული და გამოვუცხადე მხარდაჭერა. თუმცა მითხრეს, რომ პოლიტიზირებისგან ვიკავებთ თავსო. ვფიქრობთ, ასე უფრო მეტ შედეგს მივაღწევთო. მიუხედავად არაპოლიტიზირებისა, მაინც ჩაახშვეს ეს ორგანიზაცია. რაც უფრო ძლიერია პროფკავშირების მოძრაობა ქვეყანაში, მით უფრო დაცულია მუშის უფლება. უკვე ყველა წარმოებაში პროფკავშირებს ფასი აქვს, იგი მუშას უნდა დაეხმაროს. თუმცა, როგორც ნახეთ, პროფკავშირებს გადაუარეს და ამ ეტაპზე გაიმარჯვა ძალადობამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია