დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლების პრიორიტეტი - წყალი და გზა
2010/05/24 12:31:14

სამტრედიის მუნიციპალიტეტში „თითო პროექტი თითო სოფელს“ თებერვლის თვიდან მიმდინარეობს. გასულ წელთან შედარებით პროექტის დაფინანსებისთვის თანხა გაორმაგდა. ანალოგიური პროექტის განხორციელებისთვის გასულ წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 300000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი 585852 ლარი გამოიყო, რომელიც 14 თემის 49 სოფელში 108 პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზვიად ნიკურაძის თქმით:„ამ დროისთვის პროექტების ნაწილი დასრულებულია. პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა და არის ისეთი პროექტები, რომლებიც სოფლის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია.“

141 631 ლარი მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მოხრეშვისთვის დაიხარჯა, სპორტული მოედნებისთვის - 39 819 ლარი, სოფლებში სკვერებისა და დასასვენებელი ბაღების მოწესრიგებისთვის - 16 978 ლარი. რამდენიმე სოფელში გარე განათების პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 39 125 ლარი გამოიყო. სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის 78 981 ლარი დაიხარჯა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხების მოწესრიგება პრიორიტეტი აღმოჩნდა, რისთვისაც 1 360 ლარი  გამოიყო. გამოყოფილი თანხის თითქმის 45%   „სხვა სამუშაოებისთვის“ დაიხარჯა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემში რამდენიმე სოფელი შედის. ზემო ტოლების, ვაზისუბნის, ქორეისუბნის და ბუღნარას მცხოვრებლებს ერთი საერთო პრობლემა ჰქონდათ - ბოლო 15 წლის მანძილზე სასმელი წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდებოდათ.  ზემო ტოლებში 200 მეტრის სიგრძის 50 მმ-იანი წყლის მილის შეძენამ სოფლის მოსახლეობას პრობლემა გადაუწყვიტა, თუმცა ვაზისუბნის, ქორეისუბნის და ბუღნარას მოსახლეობას სასმელი წყალი დღემდე არ მიეწოდება. ვაზისუბანში ტოლები- ვაზისუბანი-ქორეისუბნის წყალსადენს სარემონტო სამუშაოები სჭირდებოდა, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარი შესაძლებლობებით ვერ შეძლებდნენ. ამიტომ მათ ინდმეწარმე აკაკი თელია დაიქირავეს, რომელმაც სამუშაო 12 888 ლარად 29 მარტიდან 15 მაისამდე უნდა შეასრულოს. ამავე ინდმეწარმემ აიღო ვალდებულება ქორეისუბანსა და ბუღნარაში წყალსადენის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, რისთვისაც დამატებით 2000 ლარი უნდა მიიღოს. ჩვენ შევეცადეთ ინდმეწარმე აკაკი თელიასთან დაკავშირება, თუმცა ვერ შევძელით. როგორც გვითხრეს, ინდმეწარმეს ყველა ის ადამიანი ჰყავს თავად დასაქმებული, რომლებიც მანამდე წყალთასამმართველოში მუშაობდნენ. ამდენად, სოფლის მოსახლეობას მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. ამ დროისთვის კი სამივე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის   მოსაგვარებლად  სამუშაოები  დაწყებულია,  თუმცა,  როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, არჩევნებამდე მაინც ვერ დასრულდება.

ამ საკითხზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ნიკურაძე ასეთ კომენტარს აკეთებს: „სამტრედიაში ბევრი მთიანი სოფელია, სადაც 4 000 კომლი ცხოვრობდა. ქალაქის ცენტრიდან 20-25 კილომეტრითაა დაშორებული. ასეთ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა იდგა. ტოლები, ვაზისუბანი - ეს ის სოფლებია, რომლებმაც ერთი წყაროდან უნდა მიიღონ წყალი. თუმცა საიდანაც წყალი უნდა ამოგვეყვანა, დებეტი, ესე იგი წყლის დონე, იქ ნელ-ნელა იკლებს. ამიტომ შემსრულებელმა სოფლის მოსახლეობასთან  შეთანხმებით  გადაწყვიტა, რომ ივნის-ივლისში  დაიწყოს სამუშაოები, რათა ზუსტად განისაზღვროს წყლის რეალური დებეტი. რადგან შეიძლება  ფული დაიხარჯოს და წყალი არ წამოვიდეს.“

ტოლევის თემის თავმჯდომარე ბორის ახალაძე ამბობს: „ამ სოფელში 1962 წლიდან წყლის მილები არავის შეუცვლია. ამიტომ წყალი სანამ მოსახლემდე მიაღწევდა, იღვრებოდა. ამ ეტაპზე ეს ადგილები შევაკეთეთ. ასევე შემკრები ავზი გავარემონტეთ და მოსახლეობის ნაწილს წყალი უპრობლემოდ მიეწოდება. ასევე 4 კილომეტრის სიგრძის მილი გამოვცვალეთ და 200 კომლი სასმელ წყალს უპრობლემოდ იღებს.“ თავად ტოლევის მოსახლეობისთვის პრიორიტეტი მართლაც სასმელი წყლის სისტემის მოგვარება იყო. თუმცა „სპორტული მოედანი და სკვერი სოფელს ნამდვილად დაამშვენებდა,“- ამბობს ვახტანგ გ.

სოფლებში რომ აზრი ორად გაი-ყო, ამას ზვიად ნიკურაძეც გვიდასტურებს: „პროექტების განხორციელების და პრიორიტეტების შერჩევის დროს თითქმის 49 სოფელში აზრი ორად გაიყო. არც ერთ სოფელს არ ჰქონია ერთ საკითხზე 100%-იანი შეთანხმება რომელიმე პროგრამაზე. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობის აზრის მიხედვით შეირჩა პროექტი. ამ მხრივ ჩვენთან თითქმის ყველაფერი მეტ-ნაკლებად შეთანხმებით გადაწ-ყდა. ამ ეტაპზე საპრეტენზიო არავის აქვს. სამუშაოების 90%-ს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობა. თუმცა, არის რაღაც დონის სამუშაოები, რომელსაც ვერ სწვდება ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობა და ასეთ შემთხვევაში კონკრეტული კომპანია ასრულებს სამუშაოებს. თუმცა თუ ვისთან ან რომელ ინდმეწარმესთან გააფორმონ ხელშეკრულება, ამას სოფელი წყვეტს. ხელშეკრულების საფუძველზე, დაქირავებული იმ სამუშაოს ასრულებს, რაც მას ეკისრება. პროგრამა ითვალისწინებს, რომ მოსახლეობა ჩაერთოს ამ პროგრამაში, რათა თავად უკეთ მოუაროს საკუთარ ნაშრომს.“

კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა თემების ხელმძღვანელებს და მაჟორიტარ დეპუტატებს ეკისრებათ. მათ ეს ოფიციალურად და არაოფიციალურადაც დაევალათ, რადგან პროექტების უმრავლესობა 20 მაისამდე უნდა დასრულდეს, ხოლო 30 მაისს საქართველო ადგილობრივ თვითმმართველებს ირჩევს. თუმცა 20 მაისამდე პროგრამის „თითო პროექტი თითო სოფელს“ დასრულება „ზემოდან“ წამოსული დირექტივა არ არის, - ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. აქვე დასძენს: „შარშან ამ სოფლის პროგრამას შედეგი არ ჰქონია. იყო სოფლები, სადაც სოფლის პროგრამები თავმოუბმელობის გამო ვერ დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კონკრეტული ვადა სამუშაოების დაწყების და დამთავრების განსაზღვრული არ იყო.“

გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს სამუშაოების დასრულების კონკრეტული ვადა, მართალია, „ზემოდან“ არ განისაზღვრა, თუმცა ადგილობრივმა მმართველებმა კარგად იციან, რომ დაწყებული პროექტები მაქსიმუმ 25 მაისამდე უნდა დასრულდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია