დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტების პროტესტი ხარაგაულში
2011/06/27 12:10:04

ქართულ რეალობაში არცთუ ხშირია მასმედიის საშუალებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების დაპირისპირების სასამართლო გზით გარკვევის პრეცენდენტი. 16 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა დამოუკიდებელი გაზეთის „ჩემი ხარაგაულის“ სააპელაციო სარჩელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.

 

 

ზემოაღნიშნული გაზეთის რედაქცია აპროტესტებს ხარაგაულის ბიუჯეტში საგამომცემლო საქმიანობისთვის განკუთვნილი თანხის, 27 ათასი ლარის ელექტრონული ტენდერის გამართვის გარეშე განკარგვას. 2011 წლის იანვარში საკრებულომ 27 000 ლარი ბიუჯეტის მუხლიდან „საქონელი და მომსახურება“ სუბსიდიის მუხლში გადაიტანა და იგი მათ მიერვე შექმნილ გაზეთ „ახალ ხარაგაულს“ გადასცა. ამ გზით საკრებულომ საგამომცემლო საქმესთან დაკავშირებით ტენდერის გამართვა თავიდან აიცილა. ხოლო კონკურსის დაწყების შემთხვევაში გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ საგრძნობ კონკურენციას გაუწევდა „ახალ ხარაგაულს,“ ვინაიდან ზემოთ აღნიშნული საქმიანობისთვის მხოლოდ 10 000 ლარი ესაჭიროებოდა.

სუბსიდიის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად შეიქმნა არაკომერციული იურიდიული პირი (აიპ) გაზეთი „ახალი ხარაგაული“, რომელიც მანამდე შპს-ს ფორმით არსებობდა. თუკი ამგვარი გარდაქმნა არ მოხდებოდა, მაშინ, კანონის შესაბამისად, „ახალ ხარაგაულსაც“ ტენდერში უნდა მიეღო მონაწილეობა „ჩემი ხარაგაულის“ მსგავსად.

საქმის პირველი მოსმენა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, თუმცა მათ „ჩემი ხარაგაულის“ სარჩელი არ დააკმაყოფილეს. გაზეთის რედაქტორი ლაურა გოგოლაძე აპირებს, რომ დაელოდოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას, რომელიც 20 დღის შემდეგ გახდება ცნობილი. „თუ განაჩენი დამაჯერებელი იქნება და ის კანონები იქნება არგუმენტებად მოყვანილი, რომლებიც მე აქამდე არ ვიცოდი, მაშინ იურისტებთან კონსულტაციას გავივლი და შეიძლება, საქმეც შეწყდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ განაჩენის დასაბუთება დამაჯერებელი არ იქნება და ამ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს მივმართავ,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა ლაურა გოგოლაძემ.

როგორც აღვნიშნეთ, იშვიათად, რომ დაპირისპირების განხილვა სასამართლომდე მივიდეს და კიდევ უფრო იშვიათია ჩვენს რეალობაში საქმის ჟურნალისტების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევა, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ თბილისში მაინც არ იქნება „ჩალით დახურული“ ეს ქვეყანა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1436
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია