დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიბლიოთეკარების მხიარული კონკურსი სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
2011/06/06 12:59:32

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ პატარა შემოქმედის მათე ჟურავლსკის ნამუშევრების გამოფენას და ასევე ნორჩ სტუმრებს უმასპინძლა, ბავშვებმა ბიბლიოთეკაში შეკრებილი საზოგადოებისათვის ლექსები წაიკითხეს და მათთვის გამართულ კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა, დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვეს და საჩუქრებიც მიიღეს.   

ბავშვობა ადამიანის ცხოვრების საუკეთესო პერიოდია და იქ თუნდაც ერთი დღით დაბრუნება, ალბათ, ყველას სანუკვარი ოცნებაა. ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა რამდენიმე საათით სწორედ ეს ოცნება აიხდინეს. თავიანთი ბავშვობის დროინდელი შავ-თეთრი ფოტოები გამოფინეს და იმის გასარკვევად, ვინ უკეთ ამოიცნობდა თანამშრომლებს, კონკურსიც მოაწყვეს.

ბიბლიოთეკისათვის უჩვეულო ხმაური, ასევე უჩვეულოდ მხიარული თანამშრომლები... სხვადასხვა ასაკის, უკვე ჭაღარაშემოპარული ბიბლიოთეკარები ბავშვური მხიარულებით ცდილობდნენ ფოტოებზე პატარა თანამშრომლები ამოეცნოთ.

გამარჯვებულები ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. მათ საჩუქრებიც გადაეცათ, იდეის ავტორმა - სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ციცი ჯინჯიხაძემ  სწორად განსაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულებს ყველაზე მეტად ფუმფულა სათამაშოები გაახარებდათ.

მერაბ გვაზავა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: „როდესაც იდეის შესახებ გავიგე, დიდი ამბიცია მქონდა, რომ ყველას გამოვიცნობდი, მაგრამ წარმატებით მხოლოდ საკუთარი თავის ამოცნობა შევძელი, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სახალისო და საინტერესო კონკურსია.“

ნარგიზა ლორთქიფანიძე, წამყვანი ბიბლიოთეკარი: „ძალიან ვიხალისე და ჩემი ბავშვობა გავიხსენე, თანამშრომლების ამოცნობა ნეტ-ნაკლებად ადვილი იყო ბიბლიოთეკაში 37 წელია ვმუშაობ და ძველი თანამშრომლების ამოცნობა გაცილებით გამიადვილდა ვიდრე ახლების, თუმცა იდეის შესახებ როდესაც გავიგე, ვიფიქრე, რომ გაცილებით ადვილი იქნებოდა.“

39 ქულით გამარჯვება ბიბლიოთეკის დამლაგებელმა მარინა მამარდაშვილმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები უფროსმა ბუღალტერმა ნაილი ბალანჩივაძემ და პერიოდიკის განყოფილების გამგემ მაია მიქაძემ მოიპოვეს. ყველაზე პატარა თანამშრომელმა თიკო გოქაძემ ფოტოებზე მხოლოდ საკუთარი თავის ამოცნობა შეძლო, რისთვისაც მას, ექსპრომტად, სამზარეულოს სათამაშო გადაეცა.   

კონკურსის დასრულების შემდეგ თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდნენ და „ბავშვობას“ მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1439
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია