დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კულაშის უძველესი სალოცავი
2011/06/06 12:57:32

სამტრედიის რაიონის დაბა კულაშის ერთ-ერთი საუნჯეა ჯვარცმის სახელზე აგებული ეკლესია. სამლოცველო ერთნავიანი, დარბაზული ტიპისაა, ნაგებია სუფთად გათლილი ქვის დიდი კვადრებით. ეკლესია ძველად სამნავიანი ბაზილიკა უნდა ყოფილიყო, ამჟამინდელი სამლოცველო ბაზილიკის შუა ნავია. გადმოცემით, ეკლესია XII საუკუნისაა. პირველი სახით ჩვენამდე მოაღწია აღმოსავლეთ მხარის მხოლოდ ქვედა ნაწილმა (სწორედ ის ატარებს არქაულ იერს).

 

 

20-იან წლებში ეკლესია ბოლშევიკებმა აიკლეს და დახურეს. 1934 წელს ტაძრის კუთვნილი ვერცხლის ჯვარცმის ხის კიოტი პროფესორმა სარგის კაკაბაძემ ქუთაისის მუზეუმში მოათავსა, რითაც იგი განადგურებას გადაარჩინა. ეს რელიკვია ცნობილი მამნე ოქრომჭედლის სახელს უკავშირდება.

ყურადღებას იმსახურებს კულაშის ეკლესიის კარიბჭე. მის ბოძებს შეადგენს სუფთად გათლილი, უზარმაზარი, მოყვითალო ფერის ქვები, შემკული ორნამენტებითა და ჩუქურთმებით.

ტაძრის შესახებ გვესაუბრა კულაშის ჯვართამაღლებისა და წმინდა მღვდელმოწამე ნაზარე მიტროპოლიტის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი რომანოზ ნინუა.

 

- მამაო, კიდევ რითი გამოირჩევა კულაშის ეკლესია?

- როგორც ხედავთ აქ არის გვიანდელი შუა საუკუნეების ფრესკები, რომელთაც 3-4 წელია, რესტავრაცია ჩაუტარდა და უმაღლეს დონეზეა. ისინი წააგავს სვანეთში მდებარე ტაძრებისა და ურბნისის მოხატულობას.

- კომუნისტების დროს აქ ტარდებოდა წირვა-ლოცვა?

- რა თქმა უნდა, არა, ტაძარს სახურავიც კი არ ჰქონდა და წინ მოშენებული სტოაც არ იყო, ერთიანად სუროთი იყო დაფარული, ფრესკებს აზიანებდა. როგორ გადაურჩა ასეთ ცუდ პირობებს, გასაკვირია.

ეკლესიაში წირვა-ლოცვა განახლდა 1995 წლიდან. მისი წინამძღვარი შვიდი წლის განმავლობაში იყო მამა იოანე, შემდეგ მე ვარ.

- რას გვეტყვით ტაძრის ახალ და ძველ სახელწოდებაზე?

- საყდარი, თავდაპირველად, ჯვარცმის სახელზე ყოფილა ნაკურთხი, რასაც ადასტურებს ნაპოვნი ბეჭედი. მას პირდაპირ აწერია: „კულაშის ჯვარცმის სახელობის ეკლესია“. დღეს კი იგი ჯვართამაღლების სახელობისაა. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ ტაძარს უნდა ჰქონოდა თავისი დღესასწაული, თან ამ უდიდეს თემში სხვა ეკლესია არ იყო და უფლის ჯვარცმას, ანუ წითელ პარასკევს ხომ არ იზეიმებდა ქრისტიანი... სხვათაშორის, გვერდზე ყოფილა უზარმაზარი ხის ეკლესიაც, იოაკიმი და ანას სახელობის. ისიც კომუნისტებს დაუნგრევიათ და ნანგრევებისგან კულაშის კინოთეატრი, საბჭო და საბავშვო ბაღი აუშენებიათ. ისინი ახლაც ფუნქციონირებს...

- ვინ განაახლა კულაშის უძველესი სალოცავი?

- თავის დროზე ტაძარი განუახლებიათ მიქელაძეებს, რომლებიც იყვნენ სამტრედიის მმართველები. სამტრედია იმართებოდა კულაშიდან. ამბობენ, სამტრედია - ახალგაზრდა ქალაქიო, მაგრამ, კულაშს თუკი მოვიშველიებთ, შეცდომაც  გამოსწორებული იქნება. ამ ბოლო დროს ტაძრის აღდგენაში აქტიურად ჩაება მოსახლეობაც, ავთო მიქელაძე, ბარნაბა მიქელაძე და სხვები. მაგათ ბეჭებზე გადაიარა ამ საქმემ.

ვარაუდობენ, რომ ამ ტაძრის ქვემოთ იყოს მიქელაძეთა საძვალე, რადგან ისინი, ტრადიციულად, ამ ეკლესიასთან იმარხებოდნენ.

ეკლესიის მთავარი სიძველე ყოფილა ჯვარცმის ხატი - ბაჯაღლო ოქროსი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: სიმონ  თადუმაძესა და დომენტი სტურუას 1924 წელს გადაუციათ გასაყიდად ადგილობრივი მოვაჭრე ებრაელისათვის. უკანასკნელს იგი გაუყიდია ტფილისში 150 მანეთად. ხატის წონა ყოფილა 11/4 გირვანქა. როგორც ამბობენ, კომუნისტების დროს ტაძრების ნგრევას ეწინააღმდეგებოდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მაგრამ ხმის ამოღების ეშინოდათ, რადგან ოჯახებს გადაასახლებდნენ, ან კიდევ საზოგადოდ დასჯიდნენ. უხუცესების თქმით, ტაძრის ნგრევაში მონაწილეებს ტრაგიკული აღსასრული ჰქონდათ, მათი ოჯახები თითქმის გადაშენდნენ.

 

***

...ამ დროისათვის ჯვართამაღლების (მაცხოვრის ჯვარცმის) ტაძარი, რომელიც ერთ დროს კომუნისტების მიერ შეურაცხყოფილი და ლამის ამოძირკული იყო, კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. ღვთის წყალობით და კახი კალაძის მეშვეობით, აქვე ჩაეყარა საფუძველი კომუნისტების მიერ ქუთაისის მახლობლად, საღორიის ტყეში, ქრისტიანობისათვის წამებული -  წმიდა მღვდელმოწამე ნაზარე მიტროპოლიტის სახელობის ტაძრის მშენებლობას.

ერთ დროს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, სახურავის გარეშე დარჩენილი და სუროთი დაფარული კულაშის უძველესი ტაძარი ჟამთა მძვინვარებას თუ გაუძლებდა.

მაგრამ, უფლის შეწევნით, კვლავ ხმიანობენ ზარები კულაშში

 

გიორგი სტურუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია