დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წერილები სამშობლოს
2011/06/06 12:38:03

„მოკვდა. მოკვდა უცხოეთში. ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა: - ბატონებო, გული, გული სადღაა? გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო. კედლიდან პატარა რუკამ გასცა პასუხი: - მე დავაჭკნე!  - მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.“ ეს სიტყვები მაშინ არავის გაუგონია...

 

 

„სამშობლო გულის მთავარ სისხლძარღვთან დაკავშირებული მცნება ყოფილა და ამას ასმაგად ვაცნობიერებ უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე, რადგან ეს უკანასკნელი ცხრა წელი ამერიკაში ვითვლი სიცოცხლის დღეებს. ამერიკას უდიდესი ხიბლი აქვს შორიდან. ეს არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს წესრიგის სადავეები უჭირავს და იქნებ, ეს ხდის მომხიბვლელს. მაგრამ მას ერთიანი ეროვნული ხასიათი, ეროვნული კულტურა და ეროვნული ტრადიციები არ გააჩნია. იგი მსოფლიოს ხალხთა რაღაც ნარევია და ამ ნარევს აკლია თავისი ქვეყანა, თავისი ეროვნულობა. ტექნიკურმა მიღწევებმა აქ ადამიანები სიყვარულისაგან გაათავისუფლა. დიახ, არის დემოკრატია, მოვალეობები, პასუხისმგებლობა, მაგრამ არსად, არავინ სიყვარულით არ იხარჯება. მე კი შენი ცა-ფირუზი მენატრება, ზურმუხტისფერი ჭალაკების აშრიალება, მეზობლის მხიარული მოსალმება, მეგობრის გულში ჩახუტება და გულიანი ატირება მენატრება. ამ ცათამბჯენების ქვეყნიდან გხედავ და ვზომავ შენს თვითმყოფადობას, წარსულის სიმაღლეებს. გული მიფართხალებს სიყვარულით, სიამაყით, რომ შენი ვარ, შენი ჯიშის და შენი გენის. სამი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი დღე გასულა უშენოდ ჩემო სამშობლოვ. რომ იცოდე როგორ მტკივა ჩემი სიცოცხლის ეს უსიცოცხლო დღეები. მაპატიე, ჩემო ქვეყანავ, მაპატიე...

ქეთევან კინწურაშვილი, ქუთაისი

 

„ხუთი წელია, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით ვფართხალებ ევროპაში. ჯერ გერმანიაში, შემდეგ იტალიაში ვეძებდი და ვეძებ რაღაცას, მაგრამ რას ვეძებ, ვერ გეტყვით... პირველ ხანებში აღფრთოვანებაში მოვყავდი გრანდიოზულ ქალაქებს, აეროპორტებს, მუზეუმებს, ისტორიულ ადგილებს, მარკეტებს.…მერე ეს აღფრთოვანება იმედგაცრუებამ შეცვალა, რადგან ამ გრანდიოზულობის ფონზე ადამიანების წაშლილ სახეებს ვხედავ. აღმოვაჩინე, რომ მათ აქვთ ყველაფერი და აკლიათ ყველაფერი. ჰყავთ შვილი და აკლიათ დედა-შვილური სიყვარული, ჰყავთ მეუღლე და აკლიათ ცოლ-ქმრული სიყვარული, ჰყავთ მეგობრები და არ იციან მეგობრის სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ შენს საზღვარს გადავაბიჯე, შენი მსგავსი ვერსად ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ შენი სიყვარულისაგან გათავისუფლება ვცადე, ვხვდები, რომ თუ მომკლავს შენგან სიშორე და შენი მონატრება მომკლავს. გულის ტოლი ხარ, ჩემო ქვეყანავ, გულის ტოლი. გულისგან განშორებით კი არავის უცხოვრია...

ნინო ახვლედიანი, თბილისი

 

„ჩემო სამშობლოვ, ტკივილად აღვიქვამ შენგან შორს გატარებულ ყოველ დღეს. ცრემლიანი თვალებით ვშლი შენი ისტორიის ფურცლებს და წარსულის შეცდომების ახსნას ვცდილობ. რა ცოდვა გვადევს ქართველ ქალებს, რომ სისხლის, ცრემლის, ტანჯვის ფასად გვიხდება ეროვნულობის, რწმენის, ფიზიკური არსებობის გადარჩენა. უცხო მიწაზე ნაჭუჭში გამომწყვდეული ჩემი სული განწირული გაჰკივის - რით ვერ ჩავრეცხეთ ცოდვის წლები ამდენი მსხვერპლით, ამდენი ცრემლით... გეფიცები, ეს მრავალწლიანი გაქცევა უდიდესი ძალისხმევის, უდიდესი სიყვარულის ცრემლიანი ნაბიჯებია და ამ სიშორეს ღალატად ნუ ჩაგვითვლი. ჩვენ საკუთარი სუსტი მხრებით ვცდილობთ შენს ფეხზე დაყენებას, შვილების გადარჩენას. რადგან დასაღვრელი სისხლი დაღვრილია, რადგან ახალი ქარიშხლები ახალ სისხლისღვრას გამოიწვევს. ჩემო სათაყვანო ქვეყანავ, მე მჯერა რომ ჟამთასვლას მრავალს გაუძელი გაუძლებ კიდევ და უფრო მეტი უკვდავებით აკაშკაშდები.“

გულო გელხვიიძე, ქუთაისი

 

„ჩემო საქართველოვ, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე იზეიმე! მეც გილოცავ, თუ შენს და შენი შვილების დღევანდელ ყოფას დამოუკიდებლობა ჰქვია. ოთხი წელია, ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობ. ოთხი წელია, შენთან იძულებითი განშორების ტკივილი დამაქვს. დავდივარ ამ უცხო ქვეყანაში და ვეძებ აზერბაიჯანელ და სომეხ ქალბატონებს. თუ მათ ქვეყანაში შეიძლება დედაქალი ოჯახში იყოს და შვილებს ზრდიდეს, ქართველმა ქალმა რა ცოდვა ჩაიდინა, რომ უცხოელი, ჭირვეული მოხუცების შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაცინვის ფასად გროშები აგროვოს და აგზავნოს. იქნებ, გადავჯიშდით? იქნებ, სისხლი გაგვიწყალდა. იქნებ, ვეღარ ვაჩენთ შენთვის ღირსეულ შვილებს? იქნებ კი არა, ასეა! პრეზიდენტს, მინისტრებს, პარლამენტს, გუბერნატორებს, ჯარს და პოლიციას, პოზიციას და ოპოზიციას დედა არა ჰყავთ? არა, არა ჰყავთ! მეცოდები ასე გაგლეჯილი, ასე გაწეწილი, შეგინებული და დამცირებული. თუ ამერიკელი ექსპერტების ირონიულ დასკვნებს გადაურჩი, თუ მამულის გამყიდველ ღამურებს გადაურჩი, თუ ქართველთა ღალატს გადაურჩი, იქნებ გადარჩე! შენს ისტორიაში ასეთი შეურაცხმყოფელი დამოუკიდებლობა არ გქონია, დამპყრობელი ყოველთვის გაფასებდა, ანგარიშს გიწევდა და სადღაც მაინც ეშინოდა შენი. შენს გაუბედურებულ  დამოუკიდებლობას     „გილოცავ“, ჩემო ქვეყანავ!“

მარინა იობიძე, რუსთავი

 

„ჩემო ქვეყანავ, 1918 წლის 26 მაისიდან ყველანაირმა წყალმა და მეწყერმა გადაიარა შენს თავზე. დამოუკიდებლობამ დაგაპატარავა, დაგამცრო, ტრადიციები შეგირყვნა, ენა წაგართვა, უცხო თესლი მოგიმრავლა, ეკონომიკით სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს დაგამგვანა, შიდა პოლიტიკით - ამერიკას... გასაყიდი რომ აღარაფერი დარჩა, დაიცალა ქვეყანა. წამოსვლის წინ მოწამეთას და გელათს გამოვეთხოვე. დიდ დავითს ჩვენი საერთო სატკივარი შევჩივლე და ქვეყნის შემწეობა ვთხოვე. ვიფიქრე, კრიზისი დროებითია და ახალგაზრდა ხელისუფალნი შესძლებდნენ ჩვენი თანადგომით ქვეყნის ფეხზე დაყენებას. ფიქრი ფიქრად დარჩა, მოლოდინი შვიდ წელზე გადანაწილდა და კითხვა – როდემდე? - დღემდე პასუხგაუცემელი მრჩება. შიში მიპყრობს. ფიქრიც არ მინდა იმაზე, რომ ჩემს  შვილიშვილებს  ვიღაც  ქვეყანას  ართმევს.  ფიქრიც  არ მინდა იმაზე, რომ ვიღაცებმა პატარა საქართველოები მოიწყვეს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში და დიდი საქართველო ვიღაცებს ფეხის ტილოდ მიუგდეს. ფიქრიც არ მინდა იმაზე, რომ მსოფლიოს სასაცილო გავხდით. მაგრამ ფიქრი ფიქრია და ვერსად გავქცევივარ. საით მიდიხარ, ჩემო ქვეყანავ?... ნუთუ, ყველაფერი დაკარგულია? არა, ჩვენ ძლიერი გენი გვაქვს და იმედად ვაჟას სტრიქონებს ვიტოვებ:        „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა“.

დალი ფხაკაძე, ქუთაისი

 

„საქართველოვ, შენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქართველი ქალის ძლიერ სულზე ლაპარაკობს. ჩვენ არ გვეშლება მამულისათვის თავდადება და მამულისათვის შვილების გაწირვა. უფრო მეტიც, ქართველი ქალები შვილებს მამულს უზრდიდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, ამ საუკუნეს ვერ მოაღწევდი. მაგრამ მე, ცოდვილს, მამული ჩემი შვილისთვის მინდა. აგვისტოს ომში (რატომღაც, ხელისუფლება ამ ომს სამხედრო მანევრად მიიჩნევს) ჩემი ერთადერთი ვაჟიც იბრძოდა. სამი დღე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. სამი დღე თვალზე ცრემლი არ შემშრობია. „ჩემი ქალბატონის“ შვილმა მკაცრად გამაფრთხილა - დედაჩემს შენი ცრემლები ცუდ განწყობას  უქმნის,  ან  შეწყვიტე გლოვა-ტირილი,  ან  სამსახური დატოვეო. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა ჯოჯოხეთის დღეები მქონდა. რა, რაღა დაგვრჩა ქართველ ქალებს შესაწირი და მსხვერპლად გასაღები? ნუთუ არ კმარა ქართველთა ურთიერთსისხლისღვრა, უაზრო ექსპერიმენტები, უაზრო რეფორმები, არასრულფასოვანი მინისტრები და პარლამენტარები... მამულო, წაიღე ქართველი დედების გამწარებული სიცოცხლე შენი და ჩვენი შვილების გადასარჩენად!“

მედეა ძიძიგური, თბილისი

 

***

„სადაც მუქი ჩრდილია დიდი შუქიც იქ არის“ - ბრძანებდა მიხეილ ჯავახიშვილი. მუქი ჩრდილები საქართველოშია, დიდი მზე კი - ამ ქალბატონების სტრიქონებში.

 

ნათია სვანიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია