დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხონის „ანდამატი“
2011/05/30 12:49:35

გემოვნებიანი მუსიკა, სრული თავისუფლება სცენაზე, ცნობილი კომპოზიციების ახლებური ინტერპრეტაციები, ნათხოვარი ინსტრუმენტები, ემოციებით სავსე დარბაზი და ყველაზე მეტი ენთუზიაზმი, ფონად კი საქართველოს დროშა ერთ მთლიან განუყოფელ ნაწილს ქმნის და თავის ჰანგებში გახვევს... არც მეტი - არც ნაკლები ეს ახლად შექმნილი ინსტრუმენტული ჯგუფი „ანდამატია“, რომლის პირველ კონცერტს 26 მაისს ხონის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.

 

გაჩნდა იდეა, შეიკრიბა რამდენიმე ახალგაზრდა და 2010 წელს შეიქმნა ინსტრუმენტული ჯგუფი. თავდაპირველად მასში თორმეტი ბიჭი უკრავდა, მოგვიანებით კი მათ რიგებს ერთი მანდილოსანი დაემატათ.

თარიღი სპეციალურად შეარჩიეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, უმეტესად სწორედ საქართველოზე შექმნილი კომპოზიციები ჟღერდა კონცერტზე.

გიორგი ლიპარტელიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი: „დღევანდელ რეპერტუარზე შექმნის დღიდან ვმუშაობთ, ჯგუფში მეტწილად მოყვარულები ვართ, მხოლოდ ერთი გვყავს პროფესიონალი მუსიკოსი, ძირითადად ქართულ ფოლკლორზე ვმუშაობთ. რეპეტიციაზე მთელი ჯგუფი ჩართულია, რათა ახალი ვარიაციები შევიტანოთ კომპოზიციებში, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ, ბევრს ვშრომობთ იმისათვის, რომ მაყურებლის წინაშე კარგად წარვსდგეთ და ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მათ. იმედია, ჩვენს კონცერტს დარბაზში მოსული მსმენელი კარგ შეფასებას მისცემს. სექტემბერის შუა რიცხვებში ვგეგმავთ უცხოეთში გასვლას, კერძოდ - იტალიაში, იქამდე კი საქართველოს თითქმის ყველა რაიონს მოვივლით კონცერტით, გვინდა ყველამ ნახოს და გაიგოს , რომ ხონს კვლავ შეუძლია ნიჭიერი ადამიანების აღზრდა.“

მინერ ონიანი, ხონის კულტურის ცენტრის დირექტორი: „ხონი განთქმულია ნიჭიერი ადამიანებით და ამის ერთ-ერთი მაგალითი ამ ჯგუფის წევრები არიან. შეიკრიბა რამდენიმე ახალგაზრდა, ჩამოყალიბდა ინსტრუმენტული ჯგუფი, რომელმაც დღეს მაყურებელს პირველი კონცერტი შესთავაზა.  ჩვენ გავუწიეთ გარკვეული დახმარება, რადგან მარტონი ვერ შეძლებდნენ ჩამოყალიბებას და განვითარებას. მე არ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესოა, რადგან მცირე ხნის შექმნილნი არიან, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიზრდებიან, ხარვეზებს გამოასწორებენ. მათ ყველანაირი პოტენციალი აქვთ, რომ არა მხოლოდ ხონს, არამედ მთელ საქართველოს გააცნონ თავი.“

ჯგუფს ფინანსური დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია, თუმცა ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონცერტზე მისვლა ვერ შეძლეს.

კონცერტის დასასრულს მაყურებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ წარმატებისათვის მთავარი არ არის პროფესია და სტატუსი, ამისათვის საჭოროა საქმის უანგარო სიყვარული და დაუღალავი შრომა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია