დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას ნიშნავს თქვენთვის 26 მაისი?
2011/05/23 12:31:34

კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ამა თუ იმ ერისათვის. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას,  რიცხვებითა და წლებით უფრო ტკივილსა და ტრაგედიას თუ გავიხსენებთ, ვიდრე - ბედნიერებასა და სიხარულს.

 

მას შემდეგ, რაც 1801 წელს მეფის რუსეთმა დაიპყრო საქართველო, მისგან გამოყოფის პირველი მაცნე იყო 1918 წლის 26 მაისი. ამ დღეს თბილისში,  მთავრობის სასახლის თეთრ დარბაზში, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა - ქარტია თავისუფლებისა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

 

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური  ფორმაა: დემოკრატიული რესპუბლიკა.

საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის საქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.“

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო - რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა საქართველოს დაპყრობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს საბჭოში უმრავლესობით მოვიდა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. „გამოცხადდა რეფერენდუმი და, 31 მარტს მიღებული კონსტიტუციით, 9 აპრილი დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ხოლო 26 მაისი უკვე განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა. 1990 წლის 26 მაისს, როდესაც ე.წ. „ლოკომოტივის“ სტადიონზე 100 000 კაცი შეიკრიბა, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მოუწოდა ქართველ ხალხს, რომ ერის თავისუფლებისთვის არის ორი გზა. ერთი - ბარაბას გზა, ხოლო მეორე - ქრისტეს გზა. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში დღემდე არ არის გარკვეული, ვინ რა გზა აირჩია.

გიორგი შავგულიძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე: „26 მაისი განსაკუთრებული მნიშვნელობის რიცხვად იქცა ქართველი ხალხისთვის, მას განსაკუთრებით ასაიდუმლოებდნენ, ვინაიდან მას საბჭოთა კომუნისტურ ეპოქაში იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. ქართველი ხალხი მაშინ „საბჭოთა ერების დიდი ოჯახის“ წარმომადგენელი იყო და 26 მაისი და დამოუკიდებელი საქართველო უნდა ამოშანთულიყო ქართველი ერის ცნობიერებიდან.

- ბატონო გიორგი, რას ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში 26 მაისი და როგორ აღნიშნავდით ამ მნიშვნელოვან თარიღს?

- მინდა გავიხსენო ერთი ჩემთვის უცნაური დღე, როცა გაცნობიერდა ჩემში 26 მაისის მნიშვნელობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. მაშინ, ალბათ, მე-8 კლასში ვიყავი, ეს 1971 თუ 1972 წელი იყო. თბილისში მელიქიშვილის ქუჩას ტროლეიბუსი ზლაზვნით მიუყვებოდა უნივერსიტეტისაკენ. უცებ მთელი ხალხის მხედველობა მარჯვენა მხარეს წავიდა. რა თქმა უნდა, მეც გავყევი ადამიანების მზერას და ვხედავ, ორი ყმაწვილი ქუჩას დროშით ხელში მიუყვება. ავტობუსში ატყდა ჩოჩქოლი. იყო მითქმა - მოთქმა. ზოგი კომუნისტური იდეოლოგიის პოზიციიდან ამბობს, რომ გიჟი კონსტანტინე გამსახურდიას გაუზრდელი შვილიაო. მეორენი კიდევ - რაღაცას, ხოლო იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც სევდანარევი თვალებითა და ღიმილით გაჰყურებდა მათ. ერთ-ერთმა გადაულაპარაკა: დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეს ორი ადამიანი აღნიშნავსო. აი, ამ დღიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რას ნიშნავს 26 მაისი, რას ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობა. შემდეგ მოდის დრო, როცა ვხდები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მაშინ უკვე მთლიანად გაირკვა ჩემში ამ თარიღის მნიშვნელობა. სტუდენტების უმრავლესობა, ერთად შეკრებილნი, ამ საკითხზე ვმსჯელობდით, თუმცა კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებში ამ თარიღის ხსენება, შეიძლება ითქვას, იატაკქვეშ ხდებოდა. ერთხელაც, მოხდა ისე, რომ ჩვენ, სტუდენტობა, ჯგუფებად ვიკრიბებოდით და ვერაზე, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ზემოთ, აღმოვაჩინეთ პატარა წყარო, რომელიც შევაკეთეთ, მოვაწყვეთ სკამები და ყოველ 26 მაისს იქ ვხვდებოდით. ასევე ხდებოდა შეკრება ბეთანიის ეკლესიაში. შემდეგ იქიდან მთაწმინდის პანთეონში გადავდიოდით. 26 მაისისადმი პატივგება ხდებოდა ღამის 12 საათის შემდეგ. პანთეონში შევიდოდით და ილია ჭავჭავაძის დიდ ოცნებას, რომელშიც მისი სიტყვებია: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია. აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია“. - დავაგუგუნებდით და ამით მთავრდებოდა ყველაფერი.

შემდეგ იყო ეროვნული მოძრაობა და ყოველი 26 მაისის მოახლოება, 1987-1988 წლებიდან, მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლებისათვის დამთრგუნველი იყო. იმიტომ, რომ ხალხი ნელ-ნელა ძალას იკრებდა და უკვე თავისუფლად გამოხატავდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას.

- მაშინდელ საბჭოთა უშიშროებასთან თუ გქონიათ უთანხმოება?

- საბჭოთა ხელისუფლება - ეს არ იყო ფორმაში ჩაცმული პირები. უხილავი სახეები იყვნენ. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, მაშინ გაღიზიანებით ვუყურებდით ამას. მინდა გავიხსენო მერაბ კოსტავას ერთი მოგონება, როდესაც ის 26 მაისის ღამეს ქეიფობდა სახლში: გარეთ მანქანა იდგა, რომელიც აკონტროლებდა, ვინ მოვიდოდა და ვინ გავიდოდა მისი სახლიდან. მერაბმა გამოატანინა ღვინო, პურ-მარილი და უთქვამს: „ეს დამოუკიდებლობა მარტო ჩემი კი არ არის, თქვენიც არის და მოდით, ერთად ვიქეიფოთ, თუმცა თქვენ რომ მოხვიდეთ, თქვენი ხელმძღვანელობა დაგვსჯის“.

- როგორ ფიქრობთ, დღეს რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ 26 მაისის მნიშვნელობა უფრო ამაღლდეს ახალგაზრდებში?

- ამასთან დაკავშირებით გეტყვით: დღეს იმდენად აქვს ამას მნიშვნელობა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ არის ერთი დღის პრეროგატივა, ანუ ეს არ არის ყოველდღიურად მოსაპოვებელი. ხოლო ასეთი თარიღები არის შემაჯამებელი იმისა, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობისათვის. დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი - ეს არის ყოველდღიური ბრძოლის შედეგი.

მერაბ გვაზავა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის დირექტორი: მაშინ 26 მაისს ჩუმად და შინაურ წრეში აღვნიშნავდით. ვინ მოგცემდა უფლებას, საჯაროდ აღგენიშნა! პირველი 26 მაისი, რაც ოფიციალურად აღინიშნა, ეს იყო 1989 წელს. აქ მოედანზე, ძალიან დიდი მიტინგი იყო. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, თეატრის კიბეებზე ვიდექით მიკროფონით ხელში. ამის ჩანაწერიც არსებობს გურამ ბუაძის არქივში. მართალია, გვეგონა, რომ მალულად აღვნიშნავდით, მაგრამ უშიშროება ყოველთვის გვითვალთვალებდა. როცა ჩვენ ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით, გვეგონა, რომ არავინ გვისმენდა, მაგრამ, როდესაც მივყავდით უშიშროებაში, იქ ჩვენსავე საუბარს გვასმენინებდნენ. თურმე ჩვენი საუბრის დროს ახლომახლო მანქანა იდგა, რომელსაც ჰქონდა ჩამწერი აპარატურა, იგი 50 მეტრის რადიუსზე ლაპარაკს იწერდა. მე საბჭოთა ხელისუფლებასთან ჩვიდმეტი წლის ასაკიდან გამიფუჭდა ურთიერთობა. მიზეზიც ჰქონდათ, ალბათ, ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ყოველთვის ვამბობდით იმას, რასაც ვფიქრობდით. ამაზე გვიბარებდნენ, გვაწერინებდნენ განმარტებებს, რომ მეტს აღარ ვიზამდით.

დღეს უკვე 9 აპრილია ჩანაცვლებული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ 26 მაისი  არ შეიძლება წაიშალოს. სახელმწიფომ უნდა გაატაროს ეროვნული პოლიტიკა, რომ ეროვნულ თარიღებს მნიშვნელობა მიენიჭოს, თორემ, თუ ჩვენ გავატარებთ ძალიან კოსმოპოლიტურ პოლიტიკას, ახალგაზრდობას თავისთავად აღარ დააინტერესებს ის, რაც ეროვნულთანაა დაკავშირებული.

 

***

საზოგადოებამ თავად უნდა სცეს პატივი ასეთ ღირსშესანიშნავ თარიღებს, რომელიც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას. თუ საზოგადოების მხრიდან ამ თარიღებისადმი გულგრილობა გაჩნდება, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენ ეროვნული იდეოლოგია არ გაგვაჩნია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია