დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვის სამმართველომ არსებობა შეწყვიტა!
2011/05/03 14:11:10

მხოლოდ დედაქალაქიდან მართვა საჭირო შედეგს ვერ მოიტანს!

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე სამინისტროსთან დაქვემდებარებულმა რეგიონულმა სამმართველოებმა მუშაობა დაასრულეს.

გარემოს დაცვის კომიტეტი საქართველოში 1974 წელს შეიქმნა, შემდეგ წლებთან ერთად მრავალი რეორგანიზება მოხდა და გარემოს დაცვის სამმართველოს სახით ჩამოყალიბდა, რომელიც რეგიონებში გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობდა.

თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ხსენებული სამმართველოს გაუქმებამ,  გარემოს დაცვის სამინისტროს ყოფილი დასავლეთ- ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს ყოფილ უფროსს, თემურ კეპულაძეს გავესაუბრეთ.
- მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ჩვენ რამდენიმე თვით ადრე ვიყავით გაფრთხილებული, როდესაც დაისვა საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ, რის გამოც გარკვეული სამსახურები გადავიდა ენერგეტიკის სამინისტროში და ეწოდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა, თუმცა მე, როგორც სპეციალისტს, მიმაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა არის გარემოს დაცვის ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია და ამოცანა, ახლა კი სამინისტროს შიდა რეორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე მიიჩნევა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამის მართვა მთლიანად დედაქალაქიდან მოხდება. დღეის მონაცემით, ჩვენი სამსახური ლიკვიდირებულია და მომავალი კვირიდან აღარ იარსებებს. თქვენი საშუალებით მინდა მადლობა ვუთხრა პრესას, რადიოს, ტელევიზიას, ყველა მეწარმეს, ვისაც ჩვენ გავუნაწყენებივართან, ან ვინც ჩვენ გაგვინაწყენებია; განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ვისთანაც ამ წლების მანძილზე გვიხდებოდა თანამშრომლობა, ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ ყველა კითხვაზე, რაც მათ გარემოსთან დაკავშირებით გაუჩნდებათ, უკვე უნდა მიმართონ გარემოს დაცვის სამინისტროს თბილისში.

- რა დადებითი ან უარყოფითი მომენტი შეიძლება ახლდეს ამ ცვლილებას? 

- ჩვენ სახელმწიფო მოხელეები ვართ და ვემორჩილებით ყველა მოვლენას, თუმცა ვერ ვიზიარებ ოპტიმიზმს, რომ ეს სასიკეთოდ წაადგება სამინისტროს, პირიქით, გარკვეულ დაღს დაასვამს გარემოს საერთო მდგომარეობას რეგიონებში და ყველაზე მეტად დააქვეითებს ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენი გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ სამინისტრო ვერ გაწვდება ამ სამუშაოებს და ვერ მოიცავს მთელ ქვეყანას. მუშაობის შედეგი ერთ-ორ წელიწადში სახეზე გვექნება. სამწუხაროა, რომ სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში გაიზარდნენ, გაედინებიან და საჭიროების შემთხვევაში მათი მოზიდვა აღარ იქნება შესაძლებელი.

- რაზე მუშაობდით და თუ დარჩა დაუსრულებელი რომელიმე პროექტი?

- შეიძლება ითქვას, რომ დაუსრულებელი პროექტი არ დაგვრჩენია, მაგრამ ბუნებისადმი ზრუნვასთან დაკავშირებით, რაღაც ხინჯი დამრჩა... რადგან რგოლი, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებასთან მუშაობის ძირითადი მამოძრავებელი, აი, ეს გაქრა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თბილისიდან ყველაფრის შეხედვა და მართვა შეუძლებელია, რადგან ჩვენი ბუნება, მისი მდებარეობა სპეციფიკურია, ის არ ჰგავს არც ერთი ქვეყნის ბუნებას. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ყველაზე კარგი ექსპერტი არის სოფლის მოსახლეობა, რომელმაც მისი სოფლის შესახებ ყველაფერი იცის, ამიტომ ამ ხალხთან თანამშრომლობის გარეშე მუშაობა მხოლოდ დედაქალაქიდან საჭირო შედეგს ვერ მოიტანს.

- რამდენი თანამშრომელი იყო სამმართველოს დაქვემდებარებაში და თუ მოხდა მათთვის ალტერნატიული სამუშაოების შეთავაზება?

- დასავლეთ-ცენტრალურ რეგიონალურ სამმართველოში ვიყავით 15 საშტატო ერთეული, ხოლო მთლიანად საქართველოს მასშტაბით - 150. დასაქმებაზე სხვა შემოთავაზებები არ ყოფილა, ყველა ყოფილმა თანამშრომელმა, შესაძლოა, თვითონ მოიძიოს სამსახური, არასამთავრობო სექტორში, ბიზნესში თუ კერძო სტრუქტურაში. ჩვენი წასვლა ბევრს გაუხარდება, ბევრს ეწყინება, ბევრიც კითხვას დასვამს, მაგრამ ერთია, რომ ჩვენ, უმეტესობა, ამ სფეროდან წასვლას არ ვაპირებთ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია