დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თერთმეტი წლის მოცეკვავე და მედოლე ანსამბლ „ერისიონიდან“
2011/05/03 13:29:11

თერთმეტი წლის სამტრედიელი ბიჭი, ლერი ხინთიბიძე, შვიდი წელია, ანსამბლ „ერისიონში“ ცეკვავს. პარალელურად დოლზეც უკრავს, როგორც დიდების, ასევე - პატარების ანსამბლში.

 

პატარა ბიჭი თვლის, რომ ეს საქმე ძალიან შრომატევადია. თუმცა, რაკი ძალიან უყვარს, წუწუნის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევს. 

ანსამბლის პედაგოგ კახა ბუაძეზე ამბობს, რომ სიმკაცრით გამოირჩევა, თუმცა უსამართლოდ არავის სჯის.

 

- როცა სიზარმაცეს ვიჩენთ, „აჯიიმანიებს“ გვაკეთებინებს. თუმცა მე მხოლოდ ერთხელ მქონდა ასეთი ცუდად მოსაგონარი შემთხვევა. - გვიამბობს ლერი, - კონცერტის დამწყებამდე ხუთსაათიანი გენერალური რეპეტიცია გვაქვს. დამღლელიცაა და  სასიამოვნოც ხელოვნების ეს სფერო. ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე წასვლა. ბაქოელი, მოსკოველი, კიეველი, მოსკოველი მაყურებელი კარგად გვიცნობს და ჩვენს კონცერტებს თითქმის არ აკლდებიან.

საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქალაქი მოვლილი აქვს, ქუთაისელი მაყურებელი კი განსაკუთრებით უყვარს. ცოტა ხნის წინ, როცა მესხიშვილის სახელობის თეატრში კონცერტი ჩაატარეს, მაყურებელში სულ სხვა სითბო და სიყვარული დაინახა, როგორც იტყვიან, იგრძნო, რომ იმერეთში იყო.

განსაკუთრებით „აჭარულის“, „ხორუმის“ და „მთიულურის“ ცეკვა უყვარს. მოცეკვავეებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. როდესაც დიდების ანსამბლი კონცერტს ატარებს, მათ გვერდით 11 წლის ლერი ხინთიბიძეცაა: ხან დოლზე უკრავს, ხან ცეკვავს. ხან კიდევ ორივე საქმეს ერთდროულად აკეთებს. უნდა, საკუთარი სახელი და გვარით ბევრი თქვას ქორეოგრაფიაში.

- პირველად ბავშვებთან დაკვრაც და ცეკვაც მრცხვენოდა, რის გამოც მასწავლებელი ცალკე მამეცადინებდა. თუმცა გარემოს რამდენიმე თვეში შევეჩვიე. დღეს ამ ამბავს მეგობრები ღიმილით მახსენებენ. რა თქმა უნდა, მეც ვიღიმი.

 

***

წარმატების გზის ძიება კი სამტრედიაში დაიწყო. მაშინ ძალიან პატარა იყო, სულ რაღაც ორი წლის, ჯერ კიდევ საწოვარა სჭირდებოდა...

ლერის მეზობლად მოცეკვავე დათო მელქაძე ცხოვრობდა. ცეკვის მოყვარულ პაწიას კი ბევრი ილეთი დაამახსოვრდა და სულ მალე კულტურის სახლში დაუკრა და იცეკვა კიდეც. როცა პირველად სცენაზე დააყენეს, ეგონათ, ეს ყველაფერი მაყურებლის გასამხიარულებლად ხდებოდა, მაგრამ... ბევრი დროც არ დასჭირვებია, ამ არტისტულმა, საოცრად პლასტიკურმა ნორჩმა მოცეკვავემ მრავალ ქვეყანაში და მრავალ ქალაქში გააოცა მაყურებელი, რომელიც ყოველი კონცერტის შემდეგ განსაკუთრებით იმახსოვრებდა პატარა ლერი ხინთიბიძეს.

ლერის დედა, ლელა გოგოტიშვილი გვიამბობს:

- შარშან „ვანოს შოუშიც“ იყო მიწვეული ბატონ ჯემალ ჭკუასელთან ერთად. ნამდვილად არ მინდა, შექება გამომივიდეს, მაგრამ ლერის გარეშე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მართლაც არსად გამოდიან. წლების წინ ვერც კი ვიფიქრებდი, ლერი ამოდენა წარმატებას თუ მიაღწევდა. როცა კონცერტებს ვესწრები, სრული ანშლაგიის შემდეგ, გარეთ ხვდებიან და მხოლოდ საქებარ სიტყვებს ვისმენ მაყურებლის მხრიდან. ხშირად იმასაც მეუბნებიან, რომ ანსამბლის თვალია. ძალიან პატარა იყო, ცეკვის სურვილი რომ გაუჩნდა. როცა სამტრედიის კულტურის სახლში საწოვრიანი ბავშვი გამოდიოდა, მაშინ მეგონა, რომ ეს მხოლოდ დროებითი გატაცება იყო, თუმცა ლერიმ ეს საქმე გააგრძელა და დღეს უკვე პროფესიონალურ ცეკვას ეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილ ანსამბლში ცეკვავს და არაჩვეულებრივი პედაგოგები ჰყავს, მის პირველ მასწავლებლად მაინც დათო მელქაძეს მივიჩნევ: ის რომ არა, დღეს ლერი მოცეკვავე და დოლზე დამკვრელი არ იქნებოდა.

 

***

დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ლერი სკოლაში სიარულს და კარგად სწავლასაც ახერხებს. თუმცა ცეკვის სიყვარულმა ყველა დანარჩენი უკვე გადაწონა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1424
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია