დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას ამზადებს
2011/04/29 17:54:51

ჩვენს ქვეყანას ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კრჟიშტოპ ლისეკი. ლისეკი საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, 2011 წლის შემოდგომაზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს. სწორედ ამ ანგარიშის საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად,  ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩამოვიდა იგი თბილისში.

კრჟიშტოფ ლისეკმა აღნიშნა, რომ ანგარიშში დიდი ადგილი დაეთმობა უსაფრთხოების საკითხებს და ოკუპაციის თემას. პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან კი  საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, დოკუმენტში ტერმინი „ოკუპირებული“-ს გამოყენების ინიციატივა თავად ევროპარლამენტარს ეკუთვნის. „მან თვითონ განაცხადა ამის შესახებ, რომ არ ეთქვა, ჩვენ ვერც ვეტყოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავამკვიდროთ ტერმინი „ოკუპაცია“, როგორც ყველაზე ადეკვატური ტერმინი აგრესიის ასაღწერად,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ევროპარლამენტარის შეხვედრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და სახალხო დამცველთან ადასტურებს მის დიდ ინტერესს, გაარკვიოს, რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში.

გურამ ჩახვაძე: ამ პიროვნებამ უნდა მოამზადოს მოხსენება საქართველოს შესახებ. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიები და ევროკავშირის მტკიცე პოზიცია რუსეთის მიმართ. პირველ ეტაპზე ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მეორე -  მოსკოვის იძულება, რათა ის სერიოზულად და კონსტრუქციულად მიუდგეს ჟენევის პროცესს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აქვს აღებული.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეფორმები, როგორიცაა, მაგალითად, შრომის კანონის ლიბერალიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ძალაუფლების ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დონეზე დეცენტრალიზაცია, მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და პარლამენტი მზად არის, მიიღოს მათი რეკომენდაციები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები. „ეს არის ის რჩევები და რეკომენდაციები,  რომლებიც ჩვენ უნდა გავატაროთ, იმის მიუხედავად, ევროკავშირში მივდივართ, თუ სადმე აღმოსავლეთისკენ, თუ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ,“ -  აღნიშნავს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.

კრჟიშტოპ ლისეკი უკვე  დამუშავებულ  ანგარიშს  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მაის-ივნისში  წარუდგენს, ხოლო შემოდგომაზე ის პლენარულ სხდომაზე იქნება გატანილი. საქართველოსთვის ეს ანგარიში საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ აღსანიშნავია რუსეთის ფაქტორიც. დაუშვებს კი იგი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოიხსენიონ, როგორც ოკუპანტი? ლიტვის, ესტონეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა უკვე ოფიციალურად აღიარეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ რეგიონებად. დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ ამ ტერმინის გამოყენება დიდ დისკუსიას გამოიწვევს ევროკავშირში.

დავით დარჩიაშვილი: ბუნებრივია, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერება ამ თემატიკისა, დამატებითი ბერკეტია, პირველ რიგში, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების პრაქტიკული მოქმედებისათვის, მათ მოქმედებაზე გარკვეული გავლენის მოხდენისთვის.  ეს არის ევროკომისია და ეროვნული საბჭოყ საბოლოო ლექსიკა, შინაარსი, ტერმინოლოგია იქნება სერიოზული განსჯის საგანი.  ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, მაგრამ არავითარი ფორმალური ბერკეტი ამისა არ გააჩნია. აქვს ბერკეტები ადვოკატირების, ლობირების, პროპაგანდისტული ხრიკების. იმედია, რომ ყველაფერი ეს საერთაშორისო სამართალთან უძლური იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1416
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია