დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვახტანგ კენჭაძის უკანასკნელი პროექტი
2011/03/14 13:05:27

ბოლოხანს არაერთი გამოცემა გამოვიდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულთ საქართველოს ბუნებისა და მატერიალური ძეგლების სილამაზეს, ჩვენი ისტორიის ღირსშესანიშნავ ფაქტებსა და მოვლენებს აცნობს. ამ გამოცემებში თავის ადგილს დაიჭერს „იმერეთი. სტუმრობის 12 მიზეზი“.

ეს არის მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული, ფერადი, ილუსტრირებული წიგნი, რომელიც მკითხველს მიმზიდველად მოუთხრობს უძველესი ქალაქ ქუთაისის, ბაგრატის ტაძრის, უქიმერიონის ციხე-სიმაგრის, გელათის სამონასტრო კომპლექსისა და აკადემიის, ქალაქ ვანის, მოწამეთის, ვარციხის, გეგუთის, ქალაქ წყალტუბოს, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეების, სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ. მართლაც რომ შესანიშნავია ფოტოები, რომლებიც ტექსტს ახლავს, - ბევრ მათგანზე ძეგლები სრულიად ახალი რაკურსითაა გადაღებული და ამით განსაკუთრებით საინტერესოა.

ეს გამოცემა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ეკონომისტისა და ჟურნალისტის, ვახტანგ კენჭაძის ხსოვნას ეძღვნება. ტექსტისა და ფოტოების ავტორი სწორედ ვახტანგია, ინგლისური თარგმანი ნაილი მაღლაფერიძემ და დედამ - ნინო ტურაბელიძემ შეასრულეს, დიზაინერი ლევან ვეკუაა, კონსულტანტები - ქერი და ტომას მალეტები.

ვახტანგ კენჭაძემ თავისი სიცოცხლის სულ რაღაც 25 წელიწადში საკმაოდ ბევრი მოასწრო: იყო სტუდენტ ეკონომისტთა ასოციაცია „პროგრესის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრი, გაზეთ „ქუთაისური ვერსიის“ ეკონომიკური გვერდის წამყვანი, ეკონომიკურ გაზეთ „ეკონომეტრის“ ჟურნალისტი, მრავალი სერიოზული პროექტის ინიციატორი და სულისჩამდგმელი. მარტო ქართულ-ოსური ახალგაზრდული ფორუმი რად ღირს, როცა პროექტის 21 წლის მენეჯერმა ვახტანგ კენჭაძემ და მისმა მეგობრებმა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეკომენდაციები შეიმუშავეს და პროცესში ოსი თანატოლებიც აქტიურად ჩართეს. ვახტანგი იყო მსოფლიო ბანკის პროექტის (კონფლიქტების მართვა და მშვიდობიანი გადაწყვეტა აღმოსავლეთ ევროპაში) კოორდინატორიც და მეტად სერიოზული სამუშაო ჯგუფების აქტიური წევრი.

ნიჭიერ, მიზანსწრაფულ, შრომისმოყვარე სავსე ვახოს უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქალაქი და, რომ დასცლოდა, მისი სახით, ქუთაისის საზოგადოებას უთუოდ ღირსეული მოღვაწე შეემატებოდა. სამწუხაროდ, საყვარელი ქალაქისადმი, ქვეყნისადმი ვახოს გულწრფელი გრძნობა მხოლოდ იმ ფოტოებს შემორჩა, ახალგაზრდა ოსტატმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მოწადინებით რომ გადაიღო მშობლიურ სანახებში.

ამასწინათ მეგობრებმა ვახტანგის მხატვრული ფოტონამუშევრების გამოფენა მოაწყვეს საოპერო თეატრის ფოიეში. მრავალრიცხოვან დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, სწვეოდა შემოქმედის თვითმყოფად სამყაროს და მის ფოტოკამერასთან ერთად ემოგზაურა.

წინამდებარე წიგნიც ამ ლამაზი სიცოცხლის სიმბოლური გაგრძელებაა.

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია