დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ძალადობას სიყვარულით უნდა ვებრძოლოთ
2011/03/07 12:44:18

ძალადობას სიყვარულით უნდა ვებრძოლოთ

 

საქართველოში ოჯახურმა ძალადობამ მოიმატა, მედიასაშუალებებით თითქმის ყოველდღე ვრცელდება უმძიმესი ფაქტები. ხშირად დანაშაულის ადგილი რეგიონებია. რატომ მოიმატა ოჯახურმა ძალადობამ? ამ საკითხზე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის - ფონდი „სოხუმის“ ჟურნალ „ქალთა ხმის“ რედაქტორთან, ქალბატონ ლალი შენგელიასთან ვისაუბრეთ.

 

- ქალბატონო ლალი, თქვენი აზრით, რატომ მოიმატა ოჯახურმა ძალადობამ?

- ძალადობის გამომწვევი მიზეზები უამრავია. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, არ ვცხოვრობთ მდიდრულად და კომფორტულად. სამწუხაროდ, ძალადობა არის შვედეთშიც, ნორვეგიაშიც, რომლებიც ძალიან განვითარებულია, ანუ სოციალური პრობლემები იქაც არ არის გადამწყვეტი. ჩვენთან ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მაინც სოციალური პრობლემაა, არაკეთილმოწყობილი ცხოვრება. აი, ვთქვათ, მეუღლეთა შეუთავსებლობის პრობლემა, როდესაც ოჯახი უსიყვარულოდ იქმნება. ალბათ, ყველას გვახსოვს, ერთ დროს გოგონების მოტაცება რომ გახშირდა. თავიდანვე ძალადობაზე დაფუძნებული ოჯახი არ იქნება გამყარებული, პატარა კონფლიქტმაც კი შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

ბოლოხანს ძალიან ხშირია მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ოჯახებიდან ქალები საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ ეს ძალიან ცუდია. მამები უკვე სულ სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას, შვილები დედის გარეშე რჩებიან. შეიძლება ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ, არაფერი აკლდეთ, მაგრამ მათ დედის სითბო აკლიათ, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს და ქვეცნობიერში აგრესია თავიანთი თანატოლების მიმართ გადააქვთ.

ჩემი აზრით, უარყოფით გავლენას ახდენს კომპიუტერიც. აი, მე მყავს 15 წლის ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარს აგრესიული თამაშები და სულ ვეკითხები: რატომ? ეტყობა, ესეც არის ერთგვაროვანი მოდა. მოსწონს, რომ კლავენ, ეჯახებიან მანქანით, მართალია, ვირტუალურად ხდება, მაგრამ, ღმერთმა დაგვიფაროს, ნელ-ნელა ფსიქოლოგიურად ცნობიერებაში ილექება და შეიძლება ცხოვრებაშიც ისევე ადვილად მოკლას, დაეჯახოს, როგორც თამაშებში ხდება. ეს ჩემი აზრი არ არის, არამედ მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, აგრესიული თამაშები მოზარდზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს.

კიდევ ერთი, ყველაზე დიდი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენ მართლმადიდებლები კი ვართ, ეკლესიაში დავდივართ, აღსარებას ვაბარებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიიდან რომ გამოვდივართ, გვავიწყდება და ისევ ჩავდივართ ცოდვებს. ჭეშმარიტად ქრისტიანულად რომ ვცხოვრობდეთ, ბევრად უფრო ჰარმონიული სამყარო იქნება, ამდენი აგრესია, სიძულვილი, ბოღმა არ გაჩნდებოდა ადამიანებში. ყველაზე დიდი მიზეზი ძალადობისა - გაუცხოებული სამყაროა. ეს მარტო საქართველოში არ არის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ცივილიზაცია ნელ-ნელა გაუცხოებისაკენ გვიბიძგებს და სიყვარულის დეფიციტი ძალადობის საუკეთესო ნიადაგია. აი, თუნდაც სოციალური ქსელები -               „ფეისბუკი“, „ოდნოკლასნიკები“... იზოლირებულებს გვხდიან, თითქოს ჩვენც გვირჩევნია, მეგობრებთან ვირტუალურად ვიურთიერთოთ, ვიდრე მათთან ძველებურად მივიდეთ, დავსხდეთ და გემრიელად ვილაპარაკოთ.

- შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისაქციელის ტრაგედია: „დედამ საკუთარი შვილი ცემით მოკლა. ამ ფაქტზე არაერთი საგაზეთო სტატია დაიბეჭდა და ტელევიზიით გაშუქდა“. ჟურნალისტებმა საზოგადოება გულგრილობაში ერთხმად დაადანაშაულეს: როგორც გაირკვა, მეზობლები ნაცემ პატარას ხშირად ხედავდნენ, მაგრამ პატრულისათვის არასოდეს მიუმართავთ. თქვენი აზრით, ვინ არის  დამნაშავე: მკვლელი დედა თუ საზოგადოება?

- დამნაშავე, რათქმაუნდა, დედაა და თავის ცოდვას ვერსად წაუვა. ამასთანავე მეზობლებიც მოიაზრებიან დამნაშავეებად, რადგან თუ ასეთ დღეში ხედავდნენ ბავშვს, აუცილებლად უნდა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება. ქართველებს სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება სულ სხვაგვარია, მაგალითად: „ქმარი სცემს ცოლს, ან ბავშვს  სცემენ და გვესმის ხმაური, რატომღაც არ ვერევით“. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩავერიეთ, მოხდა ისე, რომ ისინი შერიგდნენ და ჩვენ გავხდით ცუდი მეზობლები. ზუსტად ასე გვიპასუხა: ჩვენი საქმეა და ჩვენ მივხედავთო. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვართ გულგრილები. „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“, ქართველებს გვაქვს ასეთი არაჩვეულებრივი ანდაზა, რომელიც კარგად გამოხატავს ჩვენს გულგრილობას. თუნდაც პატრულისათვის დაერეკათ, ძალიან ხშირად არ გვაქვს იმედი, რომ პატრულთან დარეკვა მოიტანს შედეგს. ჩვენ საქართველოში 2006 წელს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, მაგრამ ამ კანონს არ აქვს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ძალადობას დაარეგულირებს. ანუ, ვთქვათ, მე, მეზობელი, ვრეკავ პატრულში და ვამბობ, მეზობლად მოხდა საშინელი ფაქტი. მოძალადე რაღაც პერიოდი შეიძლება  განარიდონ ოჯახს, მაგრამ მალევე დაბრუნდება და, ალბათ, ისევ გაგრძელდება ძალადობა. ჩვენთან არ არის ისეთი თავშესაფრები, შემდეგ ორი წლის განმავლობაში რომ აძლევენ ფულად დახმარებას. ანუ, მე რომ ვიცოდე, პატრულთან დარეკვით რაღაც კონკრეტულ შედეგს მივიღებ, კი ბატონო, გამოვიძახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება.

- როგორ დავიცვათ ძალადობისგან ბავშვები? დაზარალებული მოზარდებისათვის არსებობს თუ არა შესაბამისი დაწესებულებები?

- კი, არსებობს საქართველოში ბავშვთა სახლები, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი მითქმა-მოთქმა იყო, რომ იქაც ძალადობაა ხოლმე. იმერეთშიც არის რამდენიმე სახლი, ერთი წლის წინ ვეწვიეთ და იქ მასწავლებელი ძალადობდა ბავშვებზე. ბავშვი რომ წამოიყვანო ძალადობრივი გარემოდან, უნდა მოიყვანო ისეთ გარემოში, სადაც დაავიწყდება წარსული და ჩამოყალიბდება სრულფასოვან ადამიანად. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ნათესაურმა ინსტიტუტმა, თუმცა, სამწუხაროდ, ნათესავები მათთვის არაფერს აკეთებენ.

- და ბოლოს, ქალბატონო ლალი, როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან?

- ჩემი აზრით, პირველ რიგში უფლის რწმენით. ძალადობას, სიძულვილს სიყვარული დავუპირისპიროთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია