დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სხვისი ღმერთის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის ხარჯზე!“
2011/07/11 12:49:29

რას ფიქრობს მოსახლეობა

4 ივლისს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსი მიენიჭა. 

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ქუთაისელები არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდნენ. უმრავლესობა აპროტესტებს გადაწყვეტილებას. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ცუდს ვერაფერს ხედავენ სამოქალაქო კოდექსის ცვლილებაში.

ნინო, პედაგოგი (გვარის გამხელა არ ისურვა): საშინელებაა, რაც გავიგე. ამის შესახებ ტელევიზიამ გადმოსცა და არ დავიჯერე. თუმცა შემდეგ სხვა რა გზა იყო. ეს რა დღეში ვართ ხალხი, მაგრამ ხმა ვინ უნდა ამოიღოს, ვერ გავიგე. ხელისუფლების უაზრო და გაუაზრებელ ქცევებს საზღვრები არ აქვს. ამაზე უარესი ქვეყნისთვის პირველმა პირმა რა უნდა გააკეთოს?! მაგრამ, ვინ ავალებს ამ ყველაფერს ქვეყნის ხელისუფლებას?

თეიმურაზი, ინჟინერი - ეს რა გადაწყვეტილება მიიღეს, გადავირიე! ხედავთ, რა ხდება საქართველოში? სადღაც, უფსკრულში ვიჩეხებით და მაშველი არსაიდან ჩანს. ესაა ოპოზიცია? მხოლოდ ერთპიროვნული მმართველობაა ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს განსხვავებული აზრი. ახლა უკვე საპატრიარქოსაც დაუწყეს ბრძოლა!

ზურაბ თოდუა, ხელოვნებათმცოდნე: მართლმადიდებლობა უძველესი რელიგიაა და ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ და ვიცხოვროთ სუფთა ქრისტიანული წესით. ჩემს ქვეყანაში მართლმადიდებლობას უნდა დაეთმოს მთავარი ყურადღება. არადა, სკოლებშიც კი ამოიღეს რელიგიის გაკვეთილები. ახლა, როგორც ვხედავთ, რელიგიის სხვა მიმდევრები უფრო ისარგებლებენ პრივილეგიებით. სხვისი ღმერთის დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის ხარჯზე. შეიძლება, ეს ყველაფერი გლობალიზაციას უკავშირდებოდეს...

ეთერ შავლაყაძე, ტექნოლოგი: „მერე რა მოხდა, თუ იურიდიული სტატუსი მიიღეს სხვა რელიგიურმა კონფესიებმა? მერე, რა? რატომ ქმნით ასეთ აურზაურს არაფრის გამო? დემოკრატიულ საზოგადოებას თუ ვაშენებთ, დიახაც, თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ყველა რელიგია, რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული მხოლოდ მართლმადიდებლობა? პარლამენტის გადაწყვეტილებაში საგანგაშოს მე ვერაფერს ვხედავ.

ემზარ ჭანტურიძე,  ისტორიკოსი: მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლობა პრივილეგირებული უნდა იყოს. საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს მხოლოდ თამაში და პიარია მათი მხრიდან. ძალიან მაინტერესებს, რეალურად მაინც ვინ დაიცავს ჩვენს სარწმუნოებას. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა გადაფაროს, მაგრამ ის უნდა იყოს მთავარი. რამდენიც უნდა ეცადონ, მაინც ვერ ამოშანთავენ ჩვენს მრავალსაუკუნოვან რელიგიას. როგორ შეიძლება, სომხებმა და სხვებმა იგრიალონ მართლმადიდებლობის ხარჯზე?! თუმცა, რა გვინდა სომხებთან, ისევ ქართველებს დავუბრუნდეთ. ამათი ყვირილი საერთოდ არაფერს ნიშნავს. რეალურად ვერაფერს აკეთებენ. გმირობას ვერავის მოთხოვ და, ბუნებრივია, ყველა ბერი თევდორე, არსენ კათალიკოსი და ა.შ. ვერ იქნება. ესენი ხომ იდეალები იყვნენ, რწმენას რომ ეწირებოდნენ. და, აი, რა ხდება დღეს? სარწმუნოებას ესენი ცხვირსახოცებივით იცვლიან. დასჭირდებათ, ასე ამბობენ, მერე შეცვლიან აზრს და ისევ გრძელდება... ქართველებს რწმენის სიმყარე გვაკლია. საერთოდ, ყველა რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ დღეს არათანაბარი სიტუაცია იქმნება და მართლმადიდებლობა, შესაძლოა, საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს“.

მერაბ გვაზავა,  სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: „ამის შესახებ ნამდვილად არ ვარ საკმარისად ინფორმირებული. თუმცა, რაც მოვისმინე, იქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ამაზე უარესს პარლამენტი ვერაფერს მიიღებდა. ერთი რამ ფაქტია, ეს ისეთივე ქმედებაა, როგორც თავის დროზე ლორეს გაჩუქება იყო.

რას ნიშნავს ეს, მე ახლა ე.ი. უნდა ვაღიარო სომხეთის, კათოლიკების, ისლამური ეკლესიის სტატუსი, მათ შორის - პროტესტანტებისაც, რომლებსაც ყველაზე მოკლე ისტორია აქვთ. მაშინ ამათაც კეთილი ინებონ და ჩვენც მოგვანიჭონ სტატუსი. ეს ორმხრივი ხელშეკრულების საკითხია. სხვაგვარად, უბრალოდ, არ ხდება. ვის რას ჩუქნის პარლამენტი, მაინც ვერ გავიგე. ეს ხომ საქართველოა. აი, რა შედეგი მოიტანა თავისუფლების ინსტიტუტმა. ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებელი-ქრისტიანი დააკნინონ და რაც შეიძლება შეზღუდონ საპატრიარქოს როლი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არა ვარ საკმარისად ინფორმირებული, მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, ამის ახსნა სხვაგვარად არ შემიძლია. ესაა შეფარული ომი საპატრიარქოს წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების გარკვეული კატეგორია ებრძვის. ყველას ნამდვილად არ ვგულისხმობ, რადგან მათ რიგში ბევრ მორწმუნეს ვიცნობ. მხედველობაში მყავს ახალგაზრდა რეფორმატორები, იდეოლოგები, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ, რაღაცნაირად შებღალონ საპატრიარქოს ავტორიტეტი. რაც ახლა ხდება, ამას სახელს ვერ ვარქმევ, ეს არის პოლიტიკური სიბეცე. ბოლოსდაბოლოს, ვის ეჭიდები? ხელისუფლებას კონკორდატი აქვს ეკლესიასთან გაფორმებული, კონსტიტუციითაც არის ეს მიღებული, რომლითაც საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლია ფიქსირებული. ძალიან საინტერესოა, ასეთ სიტუაციაში საპატრიარქოს გვერდს რანაირად უვლიან და დამოუკიდებლად როგორ იღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, არც იმის მომხრე ვარ, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად რომ გამოცხადდეს. სჯობს, გამიჯნული იყოს ეკლესიის როლი სახელმწიფოსაგან, და არ გაერთიანდეს ერთ სფეროდ. ამ დროს შეიქმნება ქაოსური სიტუაცია. მოქალაქე გაზის და წყლის პრობლემის გამო საპატრიარქოში რომ მივა არ იქნება მიზანშეწონილი. თუმცა მე ამ საქმეში კომპეტენტური ნამდვილად არ ვარ.

სერთოდ, რელიგიური ტოლერანტობის და შემწყნარებლობის მომხრე ვარ. როგორ შევუვარდები ებრაელს, კათოლიკეს ან სხვა რელიგიის აღმსარებელს სალოცავში, მათთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს. მაგრამ ჩემს სამშობლოში მომეცით საშუალება, ტრადიციული რელიგია ყველაზე წინ რომ დავაყენო.

არსებობს საერთაშორისო ნორმა, რომ ტრადიციული რელიგიის პირობებში, ამა თუ იმ ქვეყანაში იკრძალება სხვა რელიგიის ქადაგება. მათ არა აქვთ ქადაგებების უფლება, მხოლოდ ღვთისმსახურების ნება ეძლევათ. მსოფლიო ეკლესიის საბჭო კარგად აფასებს ტრადიციული რელიგიის სტატუსს. ჩვენთან კი რა ხდება?!

ახლახან თბილისში, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გახლდით, სადაც კატეგორიულად მოგვთხოვეს მეგრული, სვანური, სომხური და აზერბაიჯანული ენების აღიარება. სამ ენაზე უნდა ყოფილიყო სასამართლო, სკოლა, ბაგა-ბაღი, გაზეთი, ტელევიზია. იქ ასევე იმყოფებოდა ინტეგრაციის მინისტრი, რომელმაც ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ თქვა, რომ მეგრული და სვანური ჩვენი ენებია და ჩვენ მივხედავთ. ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულზე ლაპარაკიც ზედმეტიაო და დატოვა კონფერენცია.

ძალიან გამიხარდა, როცა ეს მოვისმინე. სწორედ ასე კატეგორიულად უნდა ვილაპარაკოთ. აბა, რა გამოდის, ჩვენს სამშობლოში ყველამ ის უნდა აკეთოს, ვისაც რა უნდა!

აღშფოთებული ვარ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით. რელიგიის სტატუსი უნდა განისაზღვროს ორმხრივად“.

გია ბენიძე, მეწერმე: „აქ ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ. მერე რა, თანაბარი უფლებები რომ ექნებათ. თორემ ახლა სულ ტაძრებში სიარულით ვიკლავთ თავს. მართლმადიდებლობა მხოლოდ ზედაპირული რწმენაა ჩვენთვის. ახლა მაინც ვისწავლით ჭკუას. თუ ვერ ვაფასებთ, რისი ღირსიც ვართ, ის მივიღეთ“.

დავით დვალი, საკრებულოს „ფრაქცია დემოკრატების“ თავმჯდომარე: „ხელისუფლების ეს საქციელი ჩვენთვის მიუღებელია და ვგმობთ. პარლამენტში ჩვენმა წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. გაუგებარი და შემაშფოთებელია, ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელ ფორმაში რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. პატრიარქთან შეთანხმება არ მოხდა. სრულ მზაობას ვაცხადებთ და საპატრიარქოს გვერდით ვართ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1395
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია