დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცხვირჩამოშვებული გამყიდველები, ენაბილწი ხელოსნები, სხვის ფეხზე „მოსეირნე“ თანამგზავრები...
2011/01/31 13:06:08

მას შემდეგ, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და ევროპეიზაციაზე საუბარი დაიწყო, მუდმივად ისმის, რომ კაცობრიობის განვითარების ბოლო ფორმაციის სრულყოფილად მიღწევისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. კი ვაშენებთ ევროპული სტილის ცათამბრჯენებს, ვდგამთ (დასავლური ზეგავლენით) თანამედროვე სტილის ქანდაკებებსა თუ ნაგებობებს, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებაში მოხდეს იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს, გქონდეს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და იყო საზოგადოების ღირსეული წევრი.  

 

ერთი ქართული იგავი გამახსენდა, მოხუცი რომ ეუბნება ახალგაზრდას, ტანსაცმელი კი არა, ზნე უნდა გამოიცვალოო. რა თქმა უნდა, ზნის გამოცვლაში თვითმყოფადობაზე უარის თქმა  და გადაგვარება არ იგულისხმება. არამედ - ის უარყოფითი თვისებები, რაც, საზოგადოების პატივისცემასთან და დაფასებასთან შეუთავსებელია. თუ შეცდომის გამოსწორება გვინდა, პირველ რიგში ეს შეცდომა უნდა დავინახოთ იქ, სადაც არის.

ადამიანებს ხშირად გვიწევს უცხო პიროვნებებთან კონტაქტი: სამარშრუტო ტაქსში, მაღაზიასა თუ სხვა და სხვა დაწესებულებებში. ამ ურთიერთობების დროს ჩანს ჩვენი პიროვნული ღირსებები. არ არის აუცილებელი, ყველა აკადემიკოსის ოჯახში დაიბადოს და უნივერსიტეტი დაამთავროს. კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ  პიროვნების თვითშეგნების ეკვივალენტურია. ეს თვითშეგნება კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ საერთოდ გამქრალია. ხშირად შევხვდებით  ფაქტებს, როცა მარშრუტში ასულს მძღოლი ყვირილ - ყვირილით მოგახლის: „ჩქარა, ქალო, ამოდი, ამოდი, ნუ მოზოზინებ“, სრულიად უცხო ადამიანი კი ისე უტიფრად გადაგივლის ფეხზე, უკანაც არ მოიხედავს - რამე ხომ არ ვატკინეო (ბოდიშის მოხდაზე ზედმეტია საუბარი). როცა ეკლესიაშიც კი, ჯვარზე მთხვევის დროს, ჯიკაობა, რუზრუზი და ერთმანეთის დასწრებაა, რაღა ურთიერთპატივისცემაზე უნდა ვისაუბროთ?! სულ გვეჩქარება, გვეჩქარება, მაგრამ - სად? უმეტესობას - არც არსად! ალბათ, მოუთმენლები ვართ, შეიძლება სხვაზე დასწრებით  რაღაც შინაგან კმაყოფილებას განვიცდით, მაგრამ რატომ?

ადამიანს კი სულ ცოტა რამ სჭირდება, რომ დადებითი განწყობა შეექმნას. გაიხსენეთ, აბა, თუ ქალბატონი ხართ და მამაკაცმა გზა დაგითმოთ, ამ უბრალო ჟესტმა როგორი კეთილგანწყობა მოგანიჭათ. ან მოხუცს თუ ადგილი დაუთმეთ, რა თბილი თვალებით შემოგხედავთ.

ადამიანების მიმართ ყურადღება ზოგიერთი ბიზნესის თანმხლებიცაა: მაგალითად, მაღაზიებში, როცა გამყიდველი ცდილობს, მყიდველს თავისი პროდუქცია მოაწონოს. ჩვენი ქალაქის მაღაზიების უმრავლესობაში კი სწორედ ისეთი სურათი გვხვდება, ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში რომ შევესწარი ახალგაზრდა გოგონა კაბებს ათვალიერებდა, ჯერ ერთის ფასი იკითხა, მოიზომა, მეორეს შეავლო თვალი. მისი ქცევით აშკარად უკმაყოფილო ახალგაზრდა გამყიდველი ქალი აგდებულად პასუხობდა მომხმარებლის შეკითხვებს, თითქოს სავაჭრო დახლთან მდგარი გამსაღებელი კი არა, ოქროს საბადოს მფლობელი ბრძანდებოდა  და მოწყალებას ითხოვდნენ მისგან. გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს  და ხმადაბლა, გაუბედავად ითხოვდა ცნობას ტანსაცმლის ხარისხსა თუ შეკერვის ადგილზე. ამდენ კითხვას კი ქალბატონმა გამყიდველმა ვეღარ გაუძლო და პირდაპირ მიახალა: „შენ თვალებში გეტყობა, არ ხარ მყიდველი, გაიარე, საქმე ნახეო“. გოგონა ცივად გამობრუნდა უკან.

ევროპაში რომ მაღაზიაში შეხვალ, ოღონდაც კი რამე მოგეწონოს და ფასი იკითხო, ყველანაირად აგიხსნიან, გასახდელისკენაც თავად წაგიძღვებიან, რამდენიმე კაბას თავაზიანად შემოგთავაზებენ და თუ რამე არ იყიდე, მაინც მადლობას გადაგიხდიან, რომ ესტუმრე. ერთი სიტყვით, სამომავლოდ ინარჩუნებენ პოტენციურ მყიდველს და ადამიანურადაც პატივს სცემენ. ასეა მომსახურების ობიექტშიც. ჩვენთან კი ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას ზოგჯერ საზღვარი არა აქვს და დედის შეგინებაზეც კი გადადიან.

აი, რა გვიამბო ჩვენმა თანაქალაქელმა დოდო იობიძე - ლორთქიფანიძემ: „პეტრიწის ქუჩაზე ვცხოვრობ, წყლის მრიცხველების დასამონტაჟებლად ძველი წყალი გადაგვიჭრეს. ახალი მილების გასაკეთებლად მოსულმა მუშებმა, რომლებმაც არასწორად გააკეთეს მილები და მთელი თვეების განმავლობაში უკან დავდევდი, ნორალურად რომ გაეკეთებინათ და, ელემენტარულად წყალი მქონოდა სახლში, საბოლოოდ იმით დაამთავრეს საქმის კეთება, რომ  დედაჩემს, მოხუც ქალს, დედა აგინეს. მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენჯერმე მოსულ მუშებს დედამ უთხრა, აღარ გააკეთოთ, თავი დაანებეთო. ამის შემდეგ დაიწყეს ბინძური სიტყვების ლაპარაკი. თურმე ეს მუშები ტარიელ ფულარიანის კომპანიიდან ყოფილან, იმ კომპანიიდან, რომლებმაც მრიცხველები შემოიტანეს. როგორ შეიძლება ამ ხნის ადამიანს აგინო დედა?“

 

რატომ აქვთ დღეს ასეთი დამოკიდებულება ადამიანების უმრავლესობას ერთმანეთის მიმართ?

ამ კითხვაზე ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებმა აი რა გვიპასუხეს:

ქრისტინე სულაქველიძე, 24 წლის, მაგისტრატურის სტუდენტი: „ევროპას რომ ვეტოლებით, ჯერ, მაღაზიის გამყიდველებისთვის საუბარი მაინც გვესწავლებინა, თუ ცუდ ხასიათზეა, გალახვით რომ გვემუქრება და პასუხის გაცემისთვის მრიცხველები აქვთ ენაზე. აქ მადლობას რომ ეუბნები მომსახურებისთვის გამყიდველებს, უცნაურად გიყურებენ და სასიამოვნო დღე რომ უსურვო, ხომ, ჭკუაშეშ ლილად ჩაგთვლიან. საინფორმაციო ცხელ ხაზზე რეკავ და... ყურმილს გიგდებენ, მადლობას რომ ეუბნები. გერმანიაში, მომსახურების ნებისმიერი სფეროსთან შეხების დროს, გექმნება ილუზია, თითქოს მხოლოდ შენ გელოდნენ, შენი პრობლემებისთვის არსებობენ. ადამიანს გსიამოვნებს ასეთ დაწესებულებაში მისვლა. ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავმშვიდდეთ, რადგან ნერვული უჯრედები თუ მოკვდა, აღარ აღსდგება“.

ნათელა, 35 წლის: „როცა დედა საბერძნეთშია წასული, მამა კი მთელი დღე დომინოს აჩხაკუნებს და არ იცის, სად არის მისი შვილი, რომელ აღზრდაზე და პიროვნების ჩამოყალიბებაზე უნდა ვილაპარაკოთ. ასეთი ახალგაზრდების უმრავლესობა კაფე-ბარებში ატარებენ უმეტეს დროს და მათ, სამწუხაროდ, არავინ ჰყავთ იმის მრჩეველი, თუ რა არის ცუდი და რა - კარგი, თვითონაც გაუნათლებლობის გამო ვერაფერს ხვდებიან“.

ლალი: 40 წლის: „ყველაფერი ჩვენი გაჭირვებიდან ხდება: როცა ადამიანს პურის ფული უჭირს და ავადმყოფისთვის წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს, მას არც ეღიმება და არც სხვის განწყობაზე ფიქრისთვის სცალია. ეს უზრდელობაზე არ მიუთითებს, ეს ჩვენი სოციალური მდგომარეობის ბრალია. თუმცა, ემოციების შეკავება უნდა შეგვეძლოს, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია“.

გოგა, 25 წლის: „ზოგჯერ უპატივცემულობას ისე გამოვხატავთ, სულაც არ გვგონია, რომ უზრდელები ვართ. როცა მეგობარს ელაპარაკები და ამ დროს გვერდზე იფურთხები, მზუსუმზირის ნაფცქვენებს კი თვალებში აყრი, სულაც არ ფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ნორმალურად მოაზროვნისთვის მიუღებელია. ჩვენ ჯერ უნდა დავფიქრდეთ, რა არის უზრდელობა. მარტო დედის გინება არ ითვლება შეურაცხყოფად. ვერვინ გეტყვის, შენ ასე მოიქეცი, ისე არ ვარგაო, ყველამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს მოქალაქე, და საზოგადოებას სცეს პატივი“.

მიშა, 60 წლის: „კომუნიზმისგან გათავისუფლების შემდეგ ხალხი უცებ აღმოჩნდა თავისუფალი. 70 წელი ცოტა არ არის, ამდენი ხანი რომ სხვის ტერორში იცხოვრებ. თავისუფლებაზე ფიქრი ადვილია, მაგრამ რას ნიშნავს ეს თავისუფლება, ადამიანებს  მიავიწყდებათ და უზრდელობაში გადასდით. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა არ დაგვიკარგავს და ეს ყველაფერი დროებითია.

 

P.S. სამსახურში მივიჩქაროდი, უცებ ჩემს წინ ერთმა შუახნის ქალბატონმა მეორე გააჩერა და უთხრა: „უკაცრავად, „ტუფლის შნუროკი“ გაქვთ გახსნილი, ფრთხილად იყავით, არ დაეცეთო.

თითქოს გულზე მომეშვა:  ყველა ადამიანში ღვივის სიკეთისა და სიყვარულის რაღაც ნაპერწკალი, რომელსაც გაღვივება სჭირდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია