დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული პრემიები ჩვენს ქალაქში
2010/11/01 15:02:53

გასულ კვირას „საზოგადოება ქუთაისელის“ სახლში მთელი საქართველოს მასშტაბით მოღვაწე ქართველ მწერლებს, პოეტებსა და მხატვრებს, რომელთა შემოქმედებითი მიღწევები, კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭის ყრით ჟიურიმ გამოავლინა, ქართველი კლასიკოსების სახელობის პრემიები გადაეცათ.

კონკურსი ოცი წელია, რაც დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება საქართველოს მწერალთა კავშირის, მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის, ქალაქის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით. ასევე მნიშვნელოვანია, წელს პირველად საქართველოს მასშტაბით, ჩვენს ქალაქში გაიცა მუხრან მაჭავარიანისა და ოთარ ჭილაძის სახელობის პრემიები.

საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის, ქალაქის საკრებულოსა და ქალაქის მერიის მიერ დაწესებული პრემიები მიენიჭათ: დავით კლდიაშვილის სახელობის - მწერალ რეზო ჭეიშვილს, დავით კაკაბაძის სახელობის - მხატვრებს კარლო ფაჩულიასა და თამარ (ბაილა) ჭეიშვილს, ლადო ასათიანის სახელობის - ლია გვენეტაძეს, ტიციან ტაბიძის სახელობის - ვახტანგ ღლონტს.

საქართველოს მწერალთა კავშირის, მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის, ქალაქის საკრებულოსა და მერიის მიერ დაარსებული პრემიები მიენიჭათ: ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის დავით შემოქმედელს, ანა კალანდაძის სახელობის - ცირა შალაშვილს, მუხრან მაჭავარიანის სახელობის - თეიმურაზ ლანჩავას, ოთარ ჭილაძის სახელობის - ავთანდილ ყურაშვილს, ოთარ მამფორიას სახელობის - მაცაცო ლოსაბერიძეს.

გაზეთ „უქიმერიონის“ პრემია მიენიჭა ექიმ ბორის ჩაკვეტაძეს ამ გაზეთში ბოლო წლებში გამოქვეყნებული მედიცინის მუშაკების ღვაწლისადმი მიძღვნილი წერილებისათვის.

დავით შემოქმედელი, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი: „ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, ქალაქში, სადაც გალაკტიონი, აკაკი, გრიგოლ რობაქიძე დააბიჯებდა, სწორედ ამ ადგილას რომ მომენიჭა დიდი კლასიკოსის ნიკო ლორთქიფანიძის პრემია.“

ცირა შალაშვილი, ანა კალანდაძის პრემიის ლაურეატი: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანა კალანდაძის, უპირველესი ქართველი პოეტი ქალბატონის სახელობის პრემიის მონიჭება, ასევე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჟიურის წევრებმა ჩემი შემოქმედება და პოეზია, საჭიროდ ჩათვალეს, ამდენად დაფასებულიყო.“

მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:             „დღევანდელი დღე სასიხარულოა და არა გასაკვირი, ქუთაისი იყო და იქნება პოეზიის და მწერლობის აკვანი. ეს არის ქალაქი, სადაც გამორჩეულად აფასებენ მწერლებსა და ნიჭიერ ადამიანებს. ეს პრემიებიც დამსახურებლად გაიცა. ყველა ამ ადამიანს ვუსურვებ შემოქმედებით წინსვლას და კიდევ ბევრ პრემიას.“

პრემიის ლაურეატებს საპატიო სიგელები ქალაქის მერმა, ვიცე მერმა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გადასცეს.

ლიტერატურული პრემიების გაცემა ჩვენს ქალაქში, როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, უფრო დიდი მასშტაბით ორი წლის შემდეგ გაიმართება.

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია