დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სინატაშვილი ქართული გვარია, ებრაული კი არა!
2010/09/20 13:03:06

პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის ავტორობით 1992 წელს გამოცემულ წიგნში „რა გქვია შენ?“ - დაახლოებით 120 ანთროპონიმია შეტანილი, როგორც ქართველ ებრაელთა გვარები, მათ შორისაა ჩემი გვარიც - სინატაშვილი.

ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე გვმოძღვრავს, რომ ებრაული გვარების უმრავლესობა „შვილზე“ ბოლოვდება, „ძე“-ზე დაბოლოებული ორი გვარია: ბერიძე და ფიჩხაძე, ამათგან ბერიძე საზიაროაო და ამატებს: საზიარო გვარებია: დავითაშვილი, დათიაშვილი, იაკობაშვილი, დათუკიშვილი, დარჩიაშვილი, ელიაშვილი, მეგრელიშვილი, კეტაშვილი, კაკიაშვილი, კვიტაშვილი, მაღალაშვილი, პაატაშვილი, სეფიაშვილი, სიმონიშვილი, შაიშმელაშვილი, ჩახვაშვილი, ხაბაზიშვილი, ჯანაშვილი. წიგნში მოხსენიებული მრავალი გვარის ძირი ქართულია. მაგალითად: ბათა (ბათია), გურიელა, მაღალა, მამისთვალა, პაპისიმედი, წამალა, მაწონა, კაცობა, პატარქალა (პატარკაცი) და სხვა.

ხედავთ, როგორ ტექნიკურად შემოგვიგდო ბატონმა ზურაბმა სიტყვა - „საზიარო?“

გაიგეთ და დაიმახსოვრეთ ყველამ: არავითარი ებრაული გვარები აქ არ არსებობს, ესენია წმინდა ქართული გვარები, რომელთაც ატარებენ ებრაულ სარწმუნოებამიღებული ქართველები და ქართველებს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა გამორჩეულ, თვითმყოფად ერებს, არავისთან გვაქვს საზიარო მამული, ენა, სარწმუნოება, დამწერლობა, ცეკვა-სიმღერა, ეკლესიები, კულტურის ძეგლები, ცხოვრების წესი, ცოლი, შვილები, შვილიშვილები, შთამომავლები და ყველაფერთან ერთად - ჩვენი ქართული გვარები!!!

სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, განსაკუთრებით - მეფის რუსეთის ხანაში, ხან იძულებით, ხანაც მაცდუნებელი დაპირებებით, ქართველებს ხშირად უცვლიდნენ გვარებს, სარწმუნოებას და ასე მივიღეთ გაებრაელებული, გასომხებული და ა.შ. ადამიანები (ასეთივე იყო კრემლის მცდელობაც - ხელოვნურად შეექმნათ „საბჭოთა ადამიანები“).

ებრაულ სარწმუნოებამიღებულ ქართველთა ქართულ წარმოშობაზე გვიყვებოდა ბატონი რევაზ თაბუკაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ გასამგზავრებელ საბუთებს ჩვენს სამსახურში იღებდა (შსს ვიზებისა და უცხოელთა რეგისტრაციის განყოფილება). მისი თქმით, რუსი დამპყრობლებისგან დევნილ ქართველებს, საფრანგეთში მცხოვრებლებს, ჰქონიათ ნაშრომი იმის თაობაზე, რომ „ქართველი ებრაელები“ წარმოშობით იყვნენ ქართველები, მართლმადიდებლები და ისტორიული ძნელბედობის, უსამართლობის, ცხოვრების პირობების გამო შეიცვალეს სარწმუნოება. სწორედ ამ ნაშრომით, სათანადო დასაბუთებული ფაქტებით, მრავალი ადამიანი გადაარჩინეს ქართველმა ემიგრანტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გესტაპოელთა სისასტიკეს და უბედურებას. ასეთი ნაშრომის არსებობას მიდასტურებდნენ საქართველოში ჩამოსული ქართველი ემიგრანტებიც: ნიკოლა ბედელაძე, სარჯველაძე, ქიქოძე, ილია ალინბარაშვილი, თვით სირიაში მცხოვრები ლევან საღარაძე და სხვები.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გვარს - სინატაშვილს, სრულიად გაუგებარი და არმოსათმენია, რატომ შეიტანა იგი ავტორმა ე.წ. „ებრაული გვარების“ ნუსხაში, როცა ბუნებაში და ისტორიულ წყაროებში არ ჩანს და არ არის არც ერთი გაებრაელებული სინატაშვილი!

ჩემს სამსახურში, სადაც ასეთ საკითხებზე გვქონდა მასალები, აგრეთვე ისტორიულ საბუთებში, ჩემი გვარი გვხვდება ორი სახით: სვინატაშვილი და სინატაშვილი. უფრო ადრინდელ პერიოდში იწერებოდა სვინატაშვილი, ხოლო მოგვიანებით - სინატაშვილი. მსგავსი ფუძისაა გვარი-სვინტრაძე. ჩვენი გვარი, როგორც ქართველი მართლმადიდებლისა, მოხსენიებულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებში, კონკრეტულად - სოფელ რიონის (იმერეთი)  მაცხოვრისა და ფერისცვალების ეკლესიებში. მაგალითად, 1821 წლის ჩანაწერი იუწყება, რომ „სოფელ რიონს მცხოვრებმა, სვიმონ სვინატაშვილმა მეორითა ქორწინებითა იქორწინა დარეჯანთან. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა იესე ჩხიკუაძემ“ (ჩხიკვაძემ. ავტორი). 1882 წ. ჩანაწერი: „სიმონ პეტრეს ძე სინატაშვილმა, მართლმადიდებლის სარწმუნოების აღსარებისა, ცოლად შეირთო ანტონ მანჩალაძის (მაჩალაძე. ავტ.) ასული ირინა, მართლმადიდებლის სარწმუნოების აღსარებისა“ და ა.შ.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება ამ გვარის ფუძე - სვინა-ს მნიშვნელობა. დიდი სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში აღნიშნავს, რომ სვინა ნიშნავს შვილის მომნათლავს. ალექსანდრე ღლონტის განმარტებით: სვინა (ქართლ.) - ნეფის მეჯვარე, შვილის ნათლიაა.

„4 ენკენისა იესეს შვილი იოანე მოვნათლე, სვინა მაქანდარანთ იოანე იყო“ (შ. ლომსაძე, „გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია“, გვ. 160). ჩემი წინაპრები უშუალოდ ყმა გლეხები იყვნენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხელობით კი - კალატოზები, მებუხრეები, მშენებლები. სოფელ რიონში ცხოვრობდა ბაბუაჩემის მამა სიმონიც, ას წელს გადაცილებული, ნაშრომ-ნაჯაფი, მტკიცე და ამაყი ქართველი კაცი, გულზე ქართული ჯვრით და დაკოჟრილი ხელებით. მახსოვს, როგორ გადაგვსახავდა შვილიშვილებს პირჯვარს და სამშობლოს სიყვარულს გვისურვებდა უპირველეს.

1999 წლის  აგვისტოში, თბილისის ცენტრალურ სამისამართო ბიუროში პირადად გავსინჯე ყველა ბარათი და ამოვიწერე ყველა სინატაშვილი (არც აქ შემოსულა რაიმე თხოვნა გვარის ან ეროვნების შეცვლის თაობაზე, სარწმუნოების შეცვლაზე, არც იუსტიციის სამინისტროში ან სხვა უწყებაში მსგავსი რამ არ მომხდარა!). ამ დროისათვის, ამ მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს 279 თექვსმეტ წელს გადაცილებული ჩვენი ღირსეული, ქართველი სინატაშვილი (არ არსებობს სინათაშვილი, სანიტაშვილი, სინატიშვილი და ა.შ. არის ქართული გვარი სინა-ტა-შვილი!).

მე პირადად შევხვდი ბატონ ზ. ჭუმბურიძეს, რადგან მაინტერესებდა, რომელ სინატაშვილს შეხვედრია იგი ოდესმე, ან რა წყაროს დაეყრდნო, როცა ჩვენი ქართული გვარი ებრაულად მოიხსენია. მისი ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი იყო - თქვენი გვარის ხალხი სხვებთან ერთად გარბოდა ისრაელშიო. ჯერ ერთი, ისტორიულ სამშობლოში ებრაელთა დაბრუნება გაქცევას არ ნიშნავს და მეორეც, ჩემი სამსახურით წლების მანძილზე ვიყავი დაკავშირებული ემიგრაციულ, საბჭოთა მოქალაქეობიდან გამოსვლის ან მიღების და სხვა პროცესებთან, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - იმ დროს ისრაელში „გაქცეულთა“ შორის არცერთი სინატაშვილი არ ყოფილა.

ბატონმა ზურაბმა მეორე არგუმენტად ელდარ მამისთვალაშვილის წიგნი დამისახელა, როგორც სარწმუნო წყარო. მე კი მას ვუპასუხე, რომ ელდარ მამისთვალაშვილი არ არის სარწმუნო წყარო, წყარო მე და ჩემი გვარიშვილები ვართ, ცოცხალი ადამიანები. ჩემი და სხვა ქართული გვარების მითვისებასთან ერთად, მამისთვალაშვილი ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან წერს, „ერთ დროს საქართველოს ენა სომხური იყოო“ და მკაფიოდ არ განმარტავს იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებს, როდესაც ძველ საქართველოში უამრავი შემოსევა იყო უცხო ტომელთა, რომლებიც გაიძვერობით, ძალადობით, მტაცებლობით განიმტკიცებდნენ პოზიციებს; ფულს, სიმდიდრეს, თანამდებობას ხელში ჩაიგდებდნენ, მომრავლდებოდნენ, მერე არც ქართული ენა, არც სარწმუნოება, არც ქართველი აღარ უნდოდათ... „ხოლო შემდგომად შემოესიათ გარეგანი წარმართნი, სპარსნი, თურქნი, ასურნი, ოვსნი, ბერძენნი, ხაზარნი, სომეხნი და შემდგომად ურიანნი და იტყოდნენ ესეოდენითა ენითა... და ერთობდნენ მტერსა თვისთა ზედა მრავალსა წელსა... არამედ ესეოდენთა ნათესავთაგან იზრახებოდა საქართველოს შინა ექუსი ენა“ (ვახუშტი).

ე. მამისთვალაშვილის, ზ. ჭუმბურიძისა და სხვათა გასაგონად ვწერ: ვინ გთხოვათ, ვინ შეგეხვეწათ ჩვენი გვარების წართმევას, ჩვენს შესახებ სიცრუის წერას?

გავა ორმოცდაათი, ასი წელიწადი და ვინმე ბოროტი, ქართველთმოძულე, ეტყვის ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, შთამომავლებს: ქართველები არა ხართო, მართლმადიდებლები არა ხართო, თავმოყვარეობა და ღირსება არა გაქვთო! ხმა როგორ არ ამოიღეთ, პასუხი როგორ არ გაეცით ამ სიყალბეზე თავის დროზეო!

ქართველი და სხვა ქვეყნის მეცნიერები უფრო სერიოზულად, სიღრმისეულად უნდა ეკიდებოდნენ ამგვარი მნიშვნელოვანი და ფაქიზი საკითხების კვლევა-ძიებას და ასე ჰაი-ჰარად, ზერელედ, დაუსაბუთებლად და თუნდაც ვინმეს მიერ დაფინანსებით არ უნდა გვახვევდნენ თავს არც საკუთარ ნააზრევს და არც სხვათა ნაშრომებიდან ამოღებულ, ნებსით თუ უნებლიეთ გაყალბებულ ფაქტებს.

 

 

როლანდ სინატაშვილი  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია