დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
2010/09/20 12:45:22

გასული კვირის დასაწყისში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ონიანმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ოფიციალური ვერსიით, რექტორმა წასვლა თავად მოისურვა. კულუარული ინფორმაციით კი, მას განათლების სამინისტროდან პირდაპირ მოსთხოვეს, რომ განცხადება დაეწერა და თანამდებობა დაეტოვებინა.

 

სამინისტროს დირექტივას წინ უძღოდა უნივერსიტეტის ფინანსური შემოწმება და აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსების შესახებ უკმაყოფილო პროფესორ-მასწავლებელთა საჩივრები. ისინი ღიად თუ ინკოგნიტოდ დღესაც საუბრობენ უნივერსიტეტში ფინანსურ მაქინაციებსა და სხვადასხვა დარღვევებზე.

რექტორის გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად უნივერსიტეტში დაუმარცხებელ კორუფციასაც ასახელებენ.

ერთ-ერთ ვერსიად სახელდება ისიც, რომ გიორგი ონიანი ნინო ბურჯანაძის კადრი იყო და ახლა „გადახალისების“ დრო მოვიდა.

გიორგი ონიანი ჩვენთან საუბრისას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

გიორგი ონიანი: „უნივერსიტეტის რექტორი 6 წლის განმავლობაში ვიყავი, არჩევის ვადა თითქმის ამოიწურა. სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ძალიან დაეტყო ჩემს მეცნიერულ მოღვაწეობას, მინდა დავისვენო და მეცნიერებას მივხედო. რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, მქონდა. როცა გადაწყვეტილებას იღებ, რომ თანამდებობიდან წახვიდე, შენს ზემდგომ ინსტანციებს უნდა გააგებინო, თუმცა, ვამბობ, რომ გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად.“

რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ბრალდებებს, გიორგი ონიანი არ ეთანხმება:    „აკადემიური თანამდებობებიც შესაბამისად გადანაწილდა და კორუფციის დონეც შემცირდა. ჩვენთან რამდენიმე ფაკულტეტზე საგამოცდო ცენტრის პრინციპით ბარდება გამოცდები, იმედია, ეს პრაქტიკა თანდათან დაიგეგმება სხვა ფაკულტეტებზეც.“

რექტორთან ერთად წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს მისმა უახლოესმა მეგობრებმა და გუნდის წევრებმა, პრორექტორებმა ზაალ ლილუაშვილმა და ზაზა სოხაძემ.

ზაზა სოხაძე თანამდებობიდან წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, ერთი ის, რომ ექვსი წლის მანძილზე საპასუხო თანამდებობაზე ყოფნამ მის სამეცნიერო მუშაობასაც შეუშალა ხელი და კიდევ ის, რომ მმართველობაში ერთად მოვედით და ერთად უნდა წავიდეთ.“

აკადემიურმა საბჭომ უკვე აირჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - გიგა ღავთაძე. თუმცა, მანამდე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის იყვნენ  დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი კახა ნურალიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ამირან ხვადაგიანი.

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის გაიმართება. გიგა ღავთაძე ამბობს, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

გიგა ღავთაძე: არის რაღაც საკითხები და დამოკიდებულება, რომელიც მაქვს. მე წარვუდგენ ამას აკადემიურ საბჭოს და ისინი მომცემენ ხმას თავიანთი შეხედულებების მიხედვით, მთავარია, უნივერსიტეტში ჩატარდეს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ეკადრება უნივერსიტეტს და როგორც ეს სჩვევია. ამისკენაა მთელი ძალისხმევა მიმართული.“

გიგა ღავთაძე მომავალი სამი თვის განმავლობაში ძველი რექტორატის მიერ დაწყებული კარგი საქმეების გაგრძელებას გეგმავს. „ბევრი რამ გაკეთდა კარგი და იმ გზას უნდა გავყვეთ. ფეხი უნდა ავუწყო განათლების სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.“

გიგა ღავთაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სამი თვის მანძილზე იქნება, თუ არჩევნების შემდეგ ეს თანამდებობა შეინარჩუნა, როგორც თავად ამბობს, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კორუფციის აღმოფხვრა იქნება. „მაგრამ ცალკეულ პიროვნებებს კი არ დავუწყებთ დევნას, არამედ ისეთ სისტემას შევქმნით, რომ მსგავსი რამ მაქსიმალურად შემცირდეს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია