დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პირველად საქართველოში - პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები
2010/07/19 14:13:43

„2014 წლიდან საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერტიფიცირებული მასწავლებელი, რაც თავისთავად გულისხმობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას“, - ასეთია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიზანი. გამოცდების პირველი ეტაპი 13 ივლისს დაიწყო. მასში საქართველოს მასშტაბით სულ 14.000-მდე ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის პედაგოგი მონაწილეობს.

იმერეთის მასშტაბით გამოცდის პირველი ეტაპი 2000-ზე მეტმა პედაგოგმა უკვე გაიარა. როგორც ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის შენობაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ზეინაბ ხაჩიძე ამბობს, 13 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდაში მათთან 1600 პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია. იყვნენ სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, სამეგრელოდან... მისი თქმით, რაიონიდან ჩამოსულ პედაგოგებს შეკითხვებზეც ეტყობოდათ, თუ როგორ იყვნენ ორიენტირებული იმ მიზნისთვის, რისთვისაც გამოცდაზე გადიოდნენ.

„მართალი გითხრათ, გაცილებით მეტ მღელვარებას ველოდით პედაგოგებისგან. წესების დარღვევის მცდელობას თუ არა, უნებლიე დარღვევებს მაინც მოველოდით, თუმცა, თითქმის არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რისი გამოსწორებაც იქვე არ შეიძლებოდა. პედაგოგები არ იყვნენ გაღიზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ რაიონებიდან ჩამოსულებს გადაადგილება უჭირდათ. თან 5 საათი გრძელდება ერთი სესია და პირველ დღეს ჩატარდა ორი სესია, ასე, რომ პაუზა  არ  გვქონია.  მე  კმა-ყოფილი  ვარ.  ძალიან  ვემზადებოდი  ამ დღისთვის, ყოველდღე მორალურად ვამზადებდი თანამშრომლებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ მათ ადვილად გადაეტანათ ეს ყველაფერი“.

ხარვეზები არც ტესტებში ყოფილა, არც პრეტენზიები შემოსულა. იყო მხოლოდ მადლობები - დამკვირვებლებისა და კურატორების მიმართ, რომლებიც პირველ საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე პაუზის გარეშე მუშაობდნენ:                  „ჩვენი მიზანი იყო, პედაგოგებს დაენახათ ის, რომ ჩვენ მათი დამხმარე ძალა ვიყავით“.

შემდეგი გამოცდა ფილოლოგებს 19 ივლისს ქართულში ექნებათ. 21 და 22 ივლისს უცხო ენებისთვის ემზადებიან, მანამდე მათემატიკა... ზეინაბ ხაჩიძის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება უცხო ენა, რადგან ის თავისი სპეციფიკით გამოირჩევა. ამიტომაცაა, რომ ამ გამოცდისთვის თვითონაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს.

„უცხო ენების გამოცდა კომპიუტერის მეშვეობით ხდება. იქ პედაგოგთა რაოდენობაც ცოტაა და ყველამ იცის, როგორ ხდება ეს პროცედურა. ვნახოთ, პრაქტიკაში როგორ გაივლიან“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები უჩვეულო პრეცედენტით გამოირჩეოდა: 13 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდას დედასთან ერთად რამდენიმე თვის მათე სულამანიძეც ესწრებოდა. პედაგოგი, რომელიც გამოცდაში მთელი ოჯახით მონაწილეობდა - ქვემო სიმონეთიდან, თერჯოლიდან იყო ჩამოსული.

„დილიდან მოვიდა ბავშვის ბებია, რომელიც ადმინისტრატორს ეძებდა და გვითხრა: ჩემი შვილი გამოდის გამოცდაზე და თოთო ბავშვის დატოვება აქ არ შეიძლება - საერთოდ ვერ გამოვა, იმიტომ, რომ ყველანი სახლიდან აქ მოვდივართ და რა ვუყოთ ბავშვს, თან ძუძუს აწოვებსო.

დავრეკე თბილისში, გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ავუხსენი, როგორი სიტუაცია იყო. ჯერ ქუთაისურ ხუმრობად მიიღეს. ვუთხარი: მე მაქვს რესურსი, რომ ბავშვს მოვუარო, თქვენ თუ დამრთავთ ნებას - ამას გავაკეთებ-მეთქი. გამოვყავით ოთახი, რომელიც იზოლირებულია საგამოცდო პროცესიდან. 5 საათის მანძილზე პოლიციელები უყურებდნენ ბავშვს, რომელსაც საერთოდ არ ამოუღია ხმა. თვითონაც გაკვირვებული იყვნენ. ორ საათში ერთხელ დედას მივეცით ძუძუთი კვების უფლება... თვითონ პრეცედენტი იყო ძალიან ჰუმანური. მერე, თბილისიდან დარეკეს, აქაც ანალოგიური შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ქუთაისთან უკვე მოთელილი გვქონდა ეს ამბავი და უფრო მომზადებული შევხვდითო“.

ახლა შემდეგი გამოცდებისთვის ემზადებიან. ამბობენ, რომ ქუთაისში ყველაზე მეტად ელექტროენერგის საკითხი აფიქრებთ.

„ელექტროკომპანიას მინდა მივმართო: ამ დღეებში, 23 ივლისის ჩათვლით, თუ რაღაც საოცრება არ მოხდა, იმედია, გამოცდები ჩატარდება ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილია, რადგან ეს პირდაპირ არის ელექტროენერგიაზე მიბმული. მთავარია, ვიდეოთვალი ჩაწერას აგრძელებდეს, რადგან რაიმე პრეტენზიის შემთხვევეაში, ეს ჩვენი ერთად-ერთი ნივთმტკიცებაა!“ - ამბობს ზეინაბ ხაჩიძე.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები კონფიდენციალურია. ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, პედაგოგი გააგრძელებს მუშაობას და 2014  წლამდე მას რამდენჯერმე მიეცემა საშუალება, გავიდეს განმეორებით გამოცდაზე.

მინისტრის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, ხელფასი მოემატებათ (თუმცა რამდენით, ჯერ არავინ იცის. რედ.). ცნობილია ის, რომ სერტიფიცირებულებს მენტორ მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში „ასწავლე საქართველოს“, რომელიც გულისხმობს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და სადაც  პედაგოგები, ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 400-ლარიან დანამატს მიიღებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია