საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ფორმები რეალური თვითმმართველობისთვის
2016/02/29 20:08:00

თვითმმართველობა მოქალაქეთა თვითორგანიზების ფორმაა და იგი საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ვერ გახორციელდება.

 2014 წლის ზაფხულში ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ინიციატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ხედვა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ. ამ ხედვების ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაძლიერებლად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო.

 


ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, კანონით განსაზღვრულ ფორმებს _ პეტიცია; მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა, დაემატა ახალი ფორმები: დასახლების საერთო კრება და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო.

გამგებლებთან/მერებთან არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ მაწარმეებთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას; დასახლების მცხოვრებლებს კი, საერთო კრებებზე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში.

 

დასახლების საერთო კრება


კანონით განსაზღვრულია საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი იმ დასახლებებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.

იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, რთულია მთელი მოსახლეობის საერთო კრების ორგანიზება; ამიტომ, საკრებულომ შეიძლება დააწესოს დასახლების ცალკეულ ნაწილებში კრების ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა.


დიდ დასახლებაში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს, აგრეთვე შეუძლია, ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება.

 

კრების წევრები


კანონის შესაბამისად, საერთო კრების წევრად მიჩნეულია დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი, თუმცა, სათათბირო ხმა შეიძლება ჰქონდეთ დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირებსაც.


 

ვინ არის რჩეული


კრების წევრები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ რჩეულს. კანდიდატურის დასახელების უფლება წევრთა არანაკლებ 5%-ს აქვს. რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს კრების ცალკეულ დავალებებს. რჩეულს უფლებამოსილება აქვს მომდევნო კრების ჩატარებამდე და ის ავტომატურად გრძელდება, თუ ახალი რჩეული არ აირჩიეს. უფლებამოსილების ავტომატურად გაგრძელება შეიძლება ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ, შემდეგ კი აუცილებლად ახალი პირი უნდა აირჩეს.


 

რა საკითხები განიხილება საერთო კრებაზე


საერთო კრებაზე განიხილება დასახლების მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, მიმდინარე პროექტები და მზადდება შესაბამისი წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად, ასევე, დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები ჯერ კიდევ ადგილობრივ ბიუჯეტში მათ ასახვამდე, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები.


კრებაზე ხდება დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება, მაგალითად, ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში ადგილობრივი მოსახლეობის მოხალისეობრივი ჩართვა.


მუნიციპალური ორგანოების ინიციატივით, კრებამ შეიძლება განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი; იმსჯელოს დასახლების საზღვრების დადგენასა და შეცვლაზე, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელსაც გამგებელი/მერი გამოიტანს საერთო კრებაზე მსჯელობისთვის. შეუძლია საკუთარი სახელით პეტიცია წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და, ასეთ შემთხვევაში, მასზე ხელმოწერების შეგროვება აღარაა საჭირო.


კანონი მუნიციპალიტეტის ორგანოებს ავალდებულებს, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილებები და დასაბუთებული პასუხი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, აცნობოს საერთო კრების წევრებს ან რჩეულს.


 

ვის აქვს საერთო კრების მოწვევის უფლება


საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს როგორც საერთო კრების რჩეულს, ასევე დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით.


თუ საერთო კრების მოწვევა დასახლების მცხოვრებლებს სურთ, მაშინ იქ რეგისტრირებული არანაკლებ სამი ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი და გამგებელს/მერს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც თან დაურთავს დღის წესრიგს. მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია ამ ინიციატივას არეგისტრირებს და 3 სამუშაო დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს მისცემს რეგისტრაციის ცნობას, ხოლო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციას და საერთო კრების დღის წესრიგს საჯაროდ გამოაქვეყნებს.


რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან, საინიციატივო ჯგუფი იწყებს საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მხარდამჭერი ამომრჩევლების სიის შედგენას და მათი ხელმოწერების შეგროვებას. ერთი თვის ვადაში საინიციატივო ჯგუფმა გამგებელს/მერს უნდა წარუდგინოს განცხადება საერთო კრების მოწვევის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება კრების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი, და თანდართული ექნება დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერებიანი სია.


განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე გასცემს კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობას, რის შემდეგაც საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე. ინფორმაცია საერთო კრების დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, მუნიციპალიტეტმა 3 დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს.


როცა კრებას იწვევს რჩეული ან გამგებელი/მერი, ასეთ ინიციატივას რეგისტრაცია და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება არ ესაჭიროება, მაგრამ კრების დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება და საჯაროდ ქვეყნდება. მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის გადარჩევის საკითხი.


საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას და მისი მოწვევის შესახებ ინფორმაციის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, თუ მანამდე არჩეული იყო _ საერთო კრების რჩეული.


იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია, წელიწადში არანაკლებ ორჯერ უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა.


საერთო კრება უფლებამოსილი რომ იყოს, მას უნდა ესწრებოდეს საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%. საინიციატივო ჯგუფის მიერ კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს ამ ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – ჯგუფის სხვა წევრი ან, ჯგუფის თანხმობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე, ხოლო კრების ოქმის შემდგენი მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის რომელიმე წევრი. თუ საერთო კრება მოიწვია გამგებელმა/მერმა, მაშინ კრების საქმიანობას წარმართავს და ოქმს ადგენს გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე.


ამგვარად ხდება იმ შემთხვევებში, როცა კრება პირველად იკრიბება ან არ მომხდარა რჩეულის არჩევა. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას ის წარმართავს, საერთო კრების მდივნის ფუნქციასაც თავად, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ასრულებს.


 

როგორ იღებს კრება გადაწყვეტილებას


დასახლების საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება, მაგრამ კრებას შეუძლია დაადგინოს კენჭისყრის სხვა ფორმაც. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას, ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა.


საერთო კრებაზე დგება ოქმი, სადაც უნდა იქნას შეტანილი მისი ნომერი, კრების გამართვის თარიღი და ადგილი, დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა, ყველა განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. კრების წარმმართველი პირი ოქმის ასლს მისი გამართვიდან 7 დღის ვადაში წარადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, რომელიც ვალდებულია ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში ის საჯაროდ გამოაქვეყნოს.

 

კანონის შესაბამისად საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული დეტალური საკითხები, როგორიცაა დასახლების ნაწილებში მისი გამართვის, საკითხების ინიცირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურები, რჩეულისა და მდივნის უფლებები და მოვალეობები, რჩეულის არჩევის პროცედურა და ა.შ., რეგულირდება საერთო კრების ტიპური დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.


მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებიდან 8 თვეა გასული, ჯერჯერობით არცერთ სოფელში არ გამოუთქვამს მოსახლეობას შეკრების და პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების სურვილი. საზოგადოების ნაწილმა კი, დღემდე არ იცის რა შეიძლება მოთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას და შეუძლიათ თუ არა მათ მონაწილეობა მიიღონ პრობლემის გადაწყვეტაში.


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონებში იკვლევენ მოქალაქეთა ჩართულობის მაჩვენებლებს, ამბობენ, რომ საზოგადოების პასიურობა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინდიფერენტულობითა და ინფორმაციის ნაკლებობით, მეორე მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უიმედობით არის გამოწვეული.


ცენტრალურ ხელისუფლებაში კი იმედოვნებენ, რომ მოქალაქეები ჩართულობის ახალ ფორმებს გამოიყენებენ, აქტიურად ჩაერთვებიან პრობლემების გადაწყვეტაში და მათ ამაში ადგილობრივი ხელისუფლებაც ხელს შეუწყობს.


 სტატია მომზადებულია პროექტის _"თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა".

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".

შინაარსზე პასუხისმგებელია "საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი". (R)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია