დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამართალდამცველები და პრეზიდენტის „პატივსაცემად“ ნაცემი ქალბატონები
2010/05/10 12:18:38

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ორ მაისობას ვერ ეწვია იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ იყო. ამიტომ ამ დღეს ყველა ღონისძიება ქვეყნის მეორე დედაქალაქში პირველი პირის გარეშე ჩატარდა. თუმცა ამ დღეს პრეზიდენტის ხელიდან „გასაკეთებელი“ საქმეების კეთება არვის აუღია თავის თავზე. სწორედ ამიტომ მასზე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს 4 მაისს ესტუმრა.  

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საჩოგბურთო კორტების და ტანვარჯიშის დარბაზის გახსნის შემდეგ, კორტებზე პირველად თავად პრეზიდენტმა ითამაშა და საკმაოდ წარმატებულადაც. კორტების მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ეს თანხის მცირედია, რაც, საბოლოო ჯამში, ქუთაისის ცენტრალური სტადიონის კეთილმოწყობისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს. თანამედროვე სტანდარტებით საფეხბურთო სტადიონის გახსნა ქუთაისში 26 მაისისთვის იგეგმება, სწორედ ამ დღეს ქუთაისის „ტორპედო“ ახალ სტადიონზე ითამაშებს.

რაც შეეხება საჩოგბურთო კორტებს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს რიგითი ქუთაისელი მამა-შვილის დამსახურებაა, რომლებსაც ის ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ქუთაისში ანალოგიური კორტების მშენებლობას დაჰპირდა და აუსრულა კიდეც.

მთავარი ლენტი კი რკინიგზის სადგურის გახსნის დროს გაიჭრა. ქუთაისის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა, რისთვისაც მილიონი ლარი დაიხარჯა. შენობა ახალ თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი და 4 მაისიდან ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს შეასრულებს. თავად პრეზიდენტმა კი საქართველოში დამზადებული ვაგონით მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა და მოსახლეობის პრობლემებს უშუალოდ გაეცნო. სწორედ მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქუთაისი მალე მეორე დედაქალაქის წოდებას ღირსეულად დაიბრუნებს და ის მართლაც იქნება ევროპული ქალაქი.

პრეზიდენტის საქმიან ვიზიტს ქუთაისში სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა პრეზიდენტთან შეხვედრას ამაოდ ცდილობდა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. არიან თვითმხილველ;ები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩასვეს მანქანაში ქალბატონი ძალის გამოყენებით და წაიყვანეს. ეს ქალბატონი იზო მახათაძე აღმოჩნდა, რომელიც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემას ცდილობდა. იზო მახათაძე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მუხნარის ტყეში გადმოსვეს და გატეხილი ტელეფონი იქვე დაუგდეს.

თუმცა ეს ფაქტი პირველი არ ყოფილა. მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დავით აღმაშენებლის მოედანზე ნაციონალური მოძრაობის „ფავორიტებს,“ პირველ ნომრებს, მოსახლეობას ამაყად აცნობდა, ქალბატონი სვეტა ახალაია სამართალდამცველებმა „იქაურობას გაარიდეს“ და მერიის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს. როგორც გაირკვა, მას საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, რომელიც ცოტა ხნის წინ „წაართვეს“ და პარლამენტის თავმჯდომარისთვის სწორედ ამ პრობლემის შესახებ უნდოდა, წერილით მოეთხრო.

 

***

6 მაისს კი ქუთაისის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ. მათ გვერდით აქამდე მათთვის მიუღებელი ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლებიც იდგნენ. მათი გაერთიანების მიზეზი ხელისუფლების და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან მომხდარი ქმედებები იყო.

„ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე ამბობს: „ვიზიტის დროს მოხდა ასეთი ფაქტი, ხელისუფლებას ქუთაისში ყოველ ვიზიტზე ახალი  „გმირები“ ჰყავს. ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენცია დამკვიდრდა და არა მარტო ბოლო ხანს. ქუთაისში ასეთი ფაქტები ასეთი მიმდევრობით ჯერ არ ყოფილა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ქალბატონი გაიტაცეს, ჩვენ თვითონ ვიცით, ვინ არიან. პირველი, სვეტა ახალაია, გაიტაცეს პარლამენტის თავმჯდომარის ქუთაისში ვიზიტის დროს, ჯერ ჩაკეტეს მერიაში და მერე წაიყვანეს ტყეში. მეორე - ქალბატონი იზო მახათაძე კი პრეზიდენტის ვიზიტის დროს სადგურის გახსნის ადგილიდან წაიყვანეს, მას პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა. წაყვანის დროს მანქანაზე თავი მიარტყმევინეს და ტვინის შერყევა აქვს. ამ ფაქტს კლინიკური საავადმყოფოს მიმღებშიც ადასტურებენ. როცა ეს ქალბატონი საღორიის ტყეში ჩამოაგდეს, ჩვენ დაგვიკავშირდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკურ საავადმყოფოში გადავიყ-ვანეთ. საკვირველია ის ფაქტი, რომ მათ ასევე უნდოდათ მარინა დახუნდარიძის, მრავალშვილიანი დედის გატაცება. თუმცა მე არ ვიცი, რა მიზნით, მაგრამ იმ დღეს ამ ქალბატონებს პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდათ და სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქვე გეტყვით, რომ წლების წინ სვეტა ახალაია ნაციონალების ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ქუთაისში ასეთი ფაქტები ხდება. ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით იცავენ წესრიგს. მათ ასეთი ქმედებები არ უნდა შერჩეთ და ჩვენ, ოპოზიციური და პოლიტიკური პარტიები, ასეთ ფაქტებს არ შევეგუებით. როგორც ირკვევა, ეს ადგილობრივმა ძალოვნებმა, პოლიციამ და უშიშროებამ ერთად გააკეთეს და ეს არის ბევრ შემთხვევაში თვითინიციატივების დონეზე, როცა უნდათ, თავი ასეთი ფაქტებით გამოიჩინონ და უნდათ დაუმტკიცონ თავის ზემდგომებს ერთგულება. ჩვენ ვითხოვთ, თუ პოლიციამ გიორგობა დღე პოლიციის დღედ გამოაცხადა, პრინციპის საკითხია, რომ ამ პოლიციამ გამოავლინოს დამნაშავეები. ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, თუ როგორ შეათრიეს ეს ქალბატონები მანქანაში. მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელის პარტიასთან ვერც ერთ საკითხში ვერ ვთანამშრომლობთ, ამ საკითხში 6 მაისს ერთად ვიდექით. იმიტომ, რომ ეს არის ფაქტი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პოზიციაზე ვდგავართ.“

ქუთაისის ყველა ოპოზიციური პარტიის დევიზი 6 მაისს შემდეგნაირად ჟღერდა: „არასდროს შევეგუებით ძალადობას ქუთაისში!“ ამ დღეს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ერთად იდგა. ისინი იმ ძალოვანი პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვდნენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ორი ქალბატონის გატაცებაში.

სვეტა ახალაიას გატაცების ფაქტზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ქუთაისში ვიზიტის დროს მოხდა, საქმე აღძრულია. იზო მახათაძის ფაქტის გამო ოპოზიციური პარტიების ქუთაისის წარმომადგენლები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის მიმართვას გეგმავენ.

 

***

ძნელი სათქმელია, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ინციდენტის შესახებ  პრეზიდენტმა გაიგო თუ არა. თუმცა ფაქტია, რომ ეს ქალბატონები ადგილობრივი სახელისუფლებო წარმომადგენლობისთვის მიუღებელნი აღმოჩნდნენ. ამდენად, მართლაც არ არის გამორიცხული, ეს თვითინიციატივაც იყოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1375
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია