დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რუსუდან საღინაძე: „პრესაში სარკესავით აირეკლება ენის განვითარების რთული გზა“
2010/04/19 13:26:20

14 აპრილი ქართული ენის დღეა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ტრადიციულად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. ტრადიციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კი ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი რუსუდან საღინაძეა. უკვე წლებია, ქართული პრესის ენა ქალბატონი რუსუდანის კვლევის საგანია. წლების წინათ მის სადისერტაციო ნაშრომს ცნობილმა მეცნიერმა ალექსანდრე ღლონტმა ასეთი შეფასება მისცა: ეს არის ქართული პრესის ენის პირველი მეცნიერული კვლევა. ქალბატონი რუსუდანი დღესაც აქტიურად განაგრძობს ამ კუთხით მუშაობას.

 

- ქალბატონო რუსუდან, როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართული მასმედიის ენისადმი?

- ჟურნალისტთა დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფო ენისადმი ყოველთვის განსაკუთრებულად ვადევნებ თვალს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ენის სპეციალისტი ვარ, ან სადისერტაციო ნაშრომი მივუძღვენი პრესის ენის შესწავლას. ამგვარ დამოკიდებულებას უფრო მეტად ის განაპირობებს, რომ თავადაც მაქვს მცირეოდენი ჟურნალისტური გამოცდილება. რამდენიმე წლის განმავლობაში, ლექციების პარალელურად, შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობდი გაზეთ „ქუთაისში“. მაშინ გაზეთის სტილისტი იყო უაღრესად კეთილშობილი, თავისი საქმის ერთგული პიროვნება, ბატონი მიხეილ ამაღლობელი, რომელიც სტატიებს ენობრივად გულდასმით ამოწმებდა. იგი ხშირად მეტყოდა, შენს ნაწერებს არ სჭირდება გასწორებაო. ერთხანს მასთან მომიხდა მუშაობა. სიტყვასიტყვით ვასწორებდით ტექსტებს. მიუხედავად ბატონი მიხეილის ჩემდამი გულთბილი, მამაშვილური დამოკიდებულებისა, მისგან დროდადრო წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, რასაკვირველია - ენობრივ ნორმებთან დაკავშირებით. თავისი სამუშაო მაგიდის უჯრიდან ამოიღებდა „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონს“, ჩახედავდა, ნახავდა, რომ მართალი ვიყავი, და მეტყოდა: ეს რა მიყავი, ამ საკითხებში ისე ვიყავი დარწმუნებული, ლექსიკონში ჩახედვაც არ მჭირდებოდა. ვინ იცის, რამდენი ხანია, არ გამომიღია ეს უჯრაო.

- რამდენად დიდი როლი უჭირავს მასმედიას ქართული ენის განვითარებაში?

- განუზომელია მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა როლი ერთიანი საერთო-სახალხო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მათი მეშვეობით ხდება, ერთი მხრივ, ენობრივ ფორმათა და, მეორე მხრივ, ენათმეცნიერულ შეხედულებათა პოპულარიზება.

პრესა, რადიო, ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის სიტყვიერი საშუალებაა, საინფორმაციო დანიშნულებას სიტყვიერად ახორციელებს, წარმოადგენს სალიტერატურო ენის ყოველდღიურ სარბიელს, სადაც ჩანს ენის ცვლილების ცოცხალი პროცესი. მასმედიის ენას ინტენსიურად სწავლობენ თანამედროვე მსოფლიოში. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ფართოდ უღებს კარს ყოველგვარ ინოვაციას ენაში, ხელს უწყობს ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის დამკვიდრება - გავრცელებას საზოგადოებაში. ეს განსაკუთრებით პრესის შესახებ ითქმის. პრესაში, როგორც სარკეში, ისე აირეკლება ენის განვითარების რთული და მრავალფეროვანი პროცესი. ჟურნალ-გაზეთების ენა დღეს გამოირჩევა ფორმათა სიჭრელით, ახალწარმონაქმნებით, ტერმინოლოგიის შერჩევის ახალი პრინციპებით. პრესა უაღრესად ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი და ამიტომაცაა სპეციფიკური მისი ენა.

საგაზეთო კომუნიკაციაც თავისებურია - კომუნიკაციის წევრებს შორის კავშირი არ არის უშუალო. შეიძლება ითქვას, ცალმხრივიც არის: ინფორმაციის გამცემი აქტიურია, მიმღები, მკითხველი კი - პასიური. თუმცა, რადგანაც პრესა მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროს განეკუთვნება, ანუ მასობრივი მომხმარებლისთვისაა გამიზნული, იგი სავაჭრო ღირებულების მქონეცაა.

- ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და დახვეწას პრესის ენა ხელს უშლის, თუ პირიქით?

-  უდიდესი როლი ითამაშა სალიტერატურო ენის განვითარებაში ქართულმა პერიოდიკამ, რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება.  ჟურნალ „ცისკარში“ ცხარე დისკუსიები გაიმართა ენის საკითხებთან დაკავშირებით. საინტერესოა ილია ჭავჭავაძის შექმნილ ბეჭდვით ორგანოებში - „საქართველოს მოამბესა“ და „ივერიაში“ მოღვაწე ავტორთა, განსაკუთრებით - ილიასა და აკაკის შეხედულებები; მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში გამოდიოდა უამრავი დასახელების სხვადასხვა მიმართულებისა და ხასიათის გაზეთი: „ფონი“, „ცისკარი“, „განთიადი“, „ფარი“, „კოლხიდა“, „იმერეთი“, „ცისფერყანწელები“ და სხვა. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ახალი ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. ჟურნალ-გაზეთების ენა გამოირჩევა ფორმათა სიჭრელით, ახალწარმონაქმნებით, ტერმინოლოგიის შემუშავების მთავარი პრინციპის ძიებით, პოლემიკით ორთოგრაფიული, სინტაქსური, სტილისტური თუ სხვა სახის მასალის ირგვლივ. ქუთაისური პრესის მასალებში აშკარად ჩანს, რომ ამა თუ იმ პერიოდულ ორგანოს რედაქცია, ცალკეული პიროვნებები, მწერლები ცდილობდნენ გარკვეული კონტროლის დაწესებას, ახდენდნენ ენობრივ მოვლენათა უნიფიცირებას.

ქუთაისური პრესა დიდ ადგილს უთმობდა ცნობილ ლინგვისტთა შრომების ანალიზს, გამოხმაურებებს ახალი ენათმეცნიერული შეხედულების თაობაზე.

- რა ხდება ამ მხრივ დღეს ქართულ, თუნდაც, ქუთაისურ მედიაში, რამდენად უწყობს ენის განვითარებას იგი ხელს?

- მრავალი ნაკლისა და სენისთვის თავი დღემდე ვერ დაგვიღწევია. მე ვისაუბრე, თუ რა როლი ეჭირა წარსულში პრესას ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ჩვენსა და იმ ეპოქას შორის მანძილიც დიდია და მსგავსებაც, ბევრი მაშინდელი ფაქტი თუ მოვლენა იმდენად საცნაურია, რომ ძნელია ანალოგიებისაგან თავის შეკავება. დღესაც ასევე მწვავედ დგას მშობლიური ენის საკითხები, თუმცა, ინტერესი მათი მოგვარებისა შენელებულია. დღეს სახელმწიფო ენის დამცველი ოფიციალური ორგანოები თითქმის აღარ არსებობს. მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა როლი, მისია გაასკეცებული უნდა იყოს. ფაქტობრივად, მხოლოდ თითო-ოროლა პერიოდული გამოცემა, რადიო და ტელევიზია თუ ახერხებს დაუთმოს ადგილი ქართული ენის სიწმინდის დაცვას, ენობრივ პრობლემებს. მათ შორისაა თქვენი გაზეთიც, ჩემთვის ეს გაზეთი გამორჩეულია ქართული ენის სიწმინდისადმი დამოკიდებულებით. სხვათა შორის, ამაზე ვისაუბრე თბილისში, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ეხებოდნენ სახელმწიფო ენისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. ამის საწინააღმდეგოდ აღვნიშნე, რომ ქუთაისში გამოდის „P.S.“, რომელსაც დაახლოებით ათი წელია, თითქმის ყოველ ნომერში აქვს რუბრიკა „ჩვენი ენა ქართული“, იგი ეძღვნება სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვას, ხდება მართებულ და უმართებულო ენობრივ ფორმათა გამიჯვნა, იბეჭდება მრავალფეროვანი მასალა, სულხან-საბას ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვები, ფრაზეოლოგიის, უცხო სიტყვათა განმარტებები, ასევე ენობრივი პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიები და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია „რიონის“ დამოკიდებულებაც, რომლის გადაცემებში განიხილება ქართული ენის პრობლემური საკითხები. გასული წლის გაზაფხულზე გადაცემა „დილის კაპრიზი“ აშუქებდა თემას - საქართველოს სახელმწიფო ენა, სადაც განიხილებოდა ქართული ენის პრობლემური საკითხები. აქვე უნდა მოვიხსენიოთ „კვირის პალიტრა“, რომელსაც აქვს რუბრიკა „ანიდან ჰოემდე“, სადაც მკითხველთა შეკითხვებს პასუხს სცემენ ცნობილი ფილოლოგები, ენათმეცნიერები.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს მეტყველების კულტურის სპეციალისტი. იგი კონტროლს უწევს ჟურნალისტთა მეტყველებას, უტარებს მათ სემინარებს. ვისურვებდი, რომ ეს ჩამონათვალი გაგრძელებულიყო. კარგ საქმეს მიმბაძველი გამოუჩნდება და ქართული მასმედია თავის სიტყვას იტყვის საქართველოს სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვასა და განვითარებაში.

- ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში მასმედიის ენასთან დაკავშირებით რაიმეს?

- მომავალში ვაპირებ ჟურნალისტებთან  რამდენიმე საქმიანი შეხვედრის ორგანიზებას, ვგეგმავ, აგრეთვე, ამ პრობლემათა ამსახველი კრებულის გამოცემას, თუმცა, სიტყვას საქმე სჯობს და დაველოდოთ მომავალს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1356
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია