დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„უკომპრომისოდ ლაკონური“ პასუხი ზაქარია ფურცხვანიძეს
2010/04/12 12:50:24

გაზეთ „P.S.“-ის 5-11 აპრილის ნომერში, მე-5 გვერდზე, გამოქვეყნდა ზაქარია ფურცხვანიძის პასკვილი, სათაურით „80 სტუდენტს ჩემს ALMA MATER-ში“. მისი ავტორი ამას წინათ, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარებულ ლექტორ-მასწავლებელთა კონკურსის შედეგების გამო სტუდენტთა მიერ გამოთქმულ პროტესტს ეხმაურება.

პასკვილის დასაწყისშივე ზაქარია ფურცხვანიძე „მორცხვად“ აცხადებს:  „ჩემო უმცროსო მეგობრებო, გამოგიტ-ყდებით, ეპისტოლარული ჟანრი ჩემი უნარების სუსტ მხარეს წარმოადგენს. ეს იმის ბრალიცაა, რომ დაახლოებით 20 წელი უნივერსალური მეცნიერული ენა-კოდის დახვეწას მოვანდომე, რომელიც თავისი უკომპრომისო ლაკონურობით გამოირჩევა.“

მართლაცდა შესაძლოა, „უნივერსალური მეცნიერული ენა-კოდი“ - თუკი ასეთი რამ ნამდვილად არსებობს სადმე - გამოირჩეოდეს „უკომპრომისო ლაკონურობით“, მაგრამ, სამწუხაროდ, თვით ზაქარია ფურცხვანიძის წერილის თაობაზე ვერავინ იტყვის, რომ იგი ლაკონურია (თანაც „უკომპრომისოდ“!) და მეტიც - რომ ეთიკის თვალსაზრისით, იგი მასმედიისათვისაც კი მიუღებელია; როგორც ჩანს, უბრალო ადამიანური და კოლეგიალური ეთიკა ზაქარია ფურცხვანიძის უნარების უსუსტესი მხარეა.

წერილის წამკითხველს, ალბათ, გაუჭირდება იმის დაჯერებაც, რომ მისი ავტორი უცხოეთში განათლებამიღებული და მოღვაწე ენათმეცნიერია. როგორც ცნობილია, ბოლშევიკური ლანძღვა-გინების განხრით უცხოეთის არც ერთ პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში სპეციალიზაცია არ ხდება. ხსენებულ დაწესებულებათა ყველა კურსდამთავრებული კი ფლობს ჯანსაღი კამათის წარმართვის ხელოვნებას, რაც მათ, სხვათა შორის, საბჭოთა მეცნიერულ ტრადიციებზე აღზრდილებისაგან დიდად განასხვავებს. აქედან გამომდინარე, ზაქარია ფურცხვანიძე, უპირველეს ყოვლისა, თავად არღვევს ვილჰელმ ჰუმბოლდტისა და ფრანც ბოპის მიერ თითქმის ორასი წლის წინ ჩამოყალიბებულ ენათმეცნიერულ კოდექსს, როცა დაუფარავი ღვარძლითა და გამოკვეთილად არაეთიკური ტონით ლანძღავს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს.

აქვე მსურს, ზაქარია ფურცხვანიძეს შევახსენო, რომ ლექტორ-მასწავლებელთა კონკურსის შედეგების გამო პროტესტი, სტუდენტებთან ერთად, მეც გამოვთქვი და სწორედ ამიტომაც, შემიძლია „უკომპრომისო ლაკონურობით“ ერთი რამ განვაცხადო:

ტარიელ ფუტკარაძეს, როგორც ენათმეცნიერს, სრული უფლება აქვს, წამოაყენოს ნებისმიერი თვალსაზრისი და შესაბამისი არგუმენტების მოშველიებით დაამტკიცოს იგი. ამასთანავე, ვინც მის შეხედულებებს არ იზიარებს, ისიც, რა თქმა უნდა, უფლებამოსილია, არგუმენტებითვე გააქარწყლოს წამოყენებული მტკიცებულებანი.

ლექტორ-მასწავლებელთა კონკურსის შედეგებით კი ჩვენ უკმა-ყოფილონი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ გახლდით, რომ ბ-ნი ტარიელი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს ჩამოშორდა სწორედ თავისი თვალსაზრისის გამო, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრისათვის მიუღებელი იყო. აზროვნების თავისუფლება ჩვენთვისაც მართლა არსებითია, განსხვავებით ზაქარიასგან; შესაბამისად ჩვენთვის ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, როცა კომისიამ დაარღვია ყოველგვარი ლოგიკა და ტარიელ ფუტკარაძის მონაცემები აზროვნების თავისუფლების უარმყოფელი კრიტერიუმებით შეაფასა.

მოგეხსენებათ, რომ თუკი ზაქარია ფურცხვანიძეს, იოსტ გიპერტს, ავთანდილ არაბულსა და სხვებს ტარიელ ფუტკარაძის შეხედულებათა საპირისპიროდ საკმარისი უტყუარი არგუმენტები გააჩნიათ, სამეცნიერო პოლემიკა უნდა აწარმოონ და არა ღვარძლიანი პასკვილები „აშანშალონ“ მასმედიაში, ანდა თანამდებობის ბოროტად გამო-ყენებით სასწავლო პროცესს ჩამოაშორონ იდეური მოწინააღმდეგე.

სხვათა შორის, ფუტკარაძის შეხედულებანი ენათმეცნიერულ წრეებში ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა და განიხილება კიდეც, თუმცაღა სხვა საკითხია, რამდენად დამაჯერებელია მისი კონცეფციების საპირისპიროდ წამოყენებული არგუმენტები.

მკითხველი საკითხის არსში რომ უკეთ გაერკვეს, აქვე აღვნიშნავთ, რომ ტარიელ ფუტკარაძის თვალსაზრისით, არსებობს ქართველური ენობრივი სისტემა, რომელიც მოიცავს ქართულ სალიტერატურო ენას და დიალექტთა ჯგუფებს; ამასთან, სვანური და მეგრულ-ჭანური ქართველურ ენობრივ სისტემაში დიალექტთა ჯგუფებად განიხილება და არა დამოუკიდებელ ენებად. სხვათა შორის, ეს არ გახლავთ ბ-ნი ფუტკარაძის ორიგინალური მოსაზრება - სვანურსა და მეგრულ-ჭანურს ქართულის განუყოფელ ნაწილად თვლიდა ბევრი ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ენათმეცნიერი, რომელიც თავისუფალი იყო პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ზეწოლისგან. ხსენებულ არგუმენტებს დაინტერესებული მკითხველი ბ-ნი ტარიელის იმ წიგნებში იპოვის, რომელთა არსს ზაქარია ვერ ჩასწვდომია...

ამასთანავე, მკითხველმა ალბათ უკვე ადეკვატურად შეაფასა ზაქარია ფურცხვანიძის კიდევ ერთი უგვანო ფრაზა: „ქართველებს ერთი დედაენა გვაქვს“ - ეს არის „პოლიტიკური უხამსობა“! ქართველებს მართლა ერთი დედაენა გვაქვს, უხამსობა კი არის ზ. ფურცხვანიძის ნააზრევი.

 ზ. ფურცხვანიძე იქვე აცხადებს: „ჭეშმარიტი მეცნიერი და ჭეშმარიტი პატრიოტი ერთმანეთის თანხვედრი ცნებებია. ჭეშმარიტი პატრიოტი არასოდეს მიემხრობა მეცნიერულ სიყალბეს, რამეთუ ამით პირველ რიგში თავის სამშობლოს შეურაცხ-ყოფს“...

სწორედაც რომ ასეა, ჩემო ზაქარია! ოღონდ ეს სიტყვები ტარიელ ფუტკარაძის შესახებ უნდა ითქვას. სწორედ სამი ან ოთხი „ქართველური ენის“ არსებობის ხელაღებით მტკიცებაა მეცნიერული სიყალბე, რომელსაც ასე თავგამოდებით ნერგავდნენ და ავითარებდნენ ჯერ მეფის რუსეთის, მერე კი საბჭოთა კავშირის მესვეურები ქართველთა დასაჩოქებლად და გასანადგურებლად.

სხვათა შორის, დასავლელი ქართველოლოგები იძულებულნი იყვნენ, უპირატესად „დერჟავნიკი“ და „წითელი“ მეცნიერების ნაშრომებით ეხელმძღვანელათ და, გარკვეულწილად, ამიტომაცაა, რომ მათი დიდი ნაწილი დღეს იმ „ძველ“ თეორიებს ეყრდნობა, მაგრამ მათ - თქვენგან განსხვავებით - ესმით, რომ მკვლევარი ყოველგვარ თვალსაზრისს უნდა იცნობდეს და აანალიზებდეს. ამდენად, ისინი პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის თვალსაზრისს ანგარიშს უწევენ, რადგან პლურალიზმი დასავლეთის მეცნიერებაშიც, ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში, იმთავითვე მიღებულია.

ზაქარია ფურცხვანიძე კი ცრუობს: „არცერთი... დასავლელი ქართველოლოგი არ აკეთებს ბოლო წლებში ტარიელ ფუტკარაძის ციტირებას...“ - სინამდვილეში ტარიელ ფუტკარაძის ციტირების ინდექსი 200-ს აღემატება და მათ შორის ბევრია უცხოელი. გარდა ამისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტში მისი ორგანიზატორობით საკმაოდ მძლავრი ქართველოლოგიური სკოლაა ჩამოყალიბებული, რომელიც ქართველოლოგთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს; სწორედ ფუტკარაძეა საერთაშორისო სიმპოზიუმ „ქუთაისური საუბრების“ ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელიც; ეს სიმპოზიუმი უკვე 16 წელია ტარდება და მას ყოველწლიურად სტუმრობენ უცხოელი ქართველოლოგები.

აქვე გავიხსენებდი, ასევე, ბ-ნი ტარიელის მიერ თურქეთში, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე არაერთგზის მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციებსაც.

კატეგორიულად მიუღებელია უსუსური ადამიანის გაანჩხლებით დაწერილი ზაქარია ფურცხვანიძის წერილის ეს სტრიქონებიც: „ტარიელ ფუტკარაძის ადგილი ენათმეცნიერებაში არ არსებობს! და რატომ უნდა იყოს მისი ადგილი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში?“

დამეთანხმებით, რომ მსგავს განცხადებებს საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ წლებში ბოლშევიკი აქტივისტები აკეთებდნენ, ევროპაში მოღვაწე „ლინგვისტისთვის“ კი მათი მიბაძვა ხელსაყრელი არ უნდა იყოს.

გარდა ამისა, ზაქარია ფურცხვანიძე თავის წერილში „მტკივნეულ 90-იან წლებს“ ახსენებს.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვუთხრა მას:

საქართველოსთვის ავბედით იმ ხანაში ტარიელ ფუტკარაძე აშკარად ამბობდა იმას, რასაც ხედავდა, გრძნობდა და, ამიტომაც იდევნებოდა, ისევე როგორც სხვა ცნობილი პატრიოტი მეცნიერები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

უპირატესად, 90-იან წლების საქართველოში თავისუფალი აზროვნების ჩაკვლამ მოიტანა ის, რომ დღეს დასავლური ქართველოლოგია ისევ იმ დონეზეა გაყინული, რომელზეც 20 წლის წინ იყო - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლელ ქართველოლოგთა თუ კავკასიოლოგთა დიდი ნაწილი დღესდღეობით გრანტების მოძიება-გაცემით უფროა დაკავებული და დაინტერესებული, ვიდრე ქართული ენის კვლევით. რაღა თქმა უნდა, არსებობენ კეთილსინდისიერი მეცნიერებიც, რომელთათვის მეცნიერული მორალი და ჰუმანისტური ფასეულობები მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ვერ ფასობენ...

ბოლოს, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ადრესატის წერილის კიდევ ერთ პასაჟზე:

„...ჩემი სახელი და ფრანკფურტში ყოფნა საქართველოში ასოცირდება პროფესორ იოსტ გიპერტის სახელთან. დარწმუნებული ვარ, ეს დეტალი ტარიელ ფუტკარაძისათვის ამ წერილის დაწერის მოტივადაც იქნება პროპაგირებული“.

მართალი გითხრათ, თავიდან გამიკვირდა, იოსტ გიპერტი რაღა შუაშია-მეთქი, რადგანაც გიპერტი არც იმ კომისიის წევრი ყოფილა და არც სტუდენტებს უხსენებიათ იგი რაიმესთან დაკავშირებით თავიანთ განცხადებაში...

ზაქარია იქვე იმასაც გვიმტკიცებს, რომ იოსტ გიპერტის ნაშრომები უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქართველოლოგიისთვის და ამაზე არც კი კამათობს ვინმე, გარდა ტარიელ ფუტკარაძისა - ჯერ ერთი, იოსტ გიპერტი ნაკლებადაა  ქართველოლოგი მკვლევარი, ის უფრო გამომცემელი და საგრანტო პროექტების ორგანიზატორია.

თუ ზაქარია ფურცხვანიძეს გიპერტის კრიტიკა ძალიან აწუხებს, სამეცნიერო გამოცემების ფურცლებიდან დაგვიმტკიცოს, რომ მისი „მამა და მარჩენალი“ გიპერტი მამაღმერთივით უცდომელია; მეორეც - ცნობილია, რომ იოსტ გიპერტის და მანანა თანდაშვილის „ქართველოლოგიური“ პროექტის ნაწილია ე.წ. „კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის“, რომელიც ბევრ მაპროვოცირებელ კითხვას შეიცავს; მაგალითად, ასეთს: „რა ენაზე გსურთ მიიღონ განათლება თქვენმა შვილებმა - ქართულად, მეგრულად თუ სვანურად?“ ამდენად, კომენტარი მკითხველისათვის მიგვინდია. ტარიელ ფუტკარაძე მხოლოდ ამ კითხვარს და მსგავსი შინაარსის რუკას აკრიტიკებს და არა ი. გიპერტის სხვა ნაშრომებს.

თუმცა პასკვილიდან ჩანს, რომ ფუტკარაძეს მეტად აუფორიაქებია გიპერტი და მისი გარემოცვა...

ასე რომ, ზაქარია ფურცხვანიძეს    „უკომპრომისო ლაკონურობით“ ვურჩევდი:

20 წლის განმავლობაში ნახვეწი    „უნივერსალური მეცნიერული ენა-კოდის“ დახვეწა კვლავ გააგრძელოს და ენათმეცნიერთა ხელაღებით ლანძღვისაგანაც მაქსიმალურად შეიკავოს თავი - ნოამ ჩომსკის, ბერნარდ კომრის, პეტერ შლობინსკის, მარტინ ჰასპელმათის, ელიზაბეთ ტრაუგოთის და მორის ჰალეს ლექციებზე დასწრებულ კაცს უხამსობა და ბილწსიტყვაობა ნამდვილად არ შეშვენის; ასევე ვურჩევ, თავი დააღწიოს სნობურ გაუცხოებას და ქართველოლოგიის საფუძვლებშიც ჩაიხედოს. რაც შეეხება კითხვებზე პასუხების გაცემას, ვეთანხმები, მეტიც, სახელმწიფო, უპირველესად, გიპერტი-თანდაშვილის კითხვარებით მართლაც უნდა დაინტერესდეს.

 

მიხეილ ლაბაძე,

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი „ქართველური ენათმეცნიერების“ სპეციალობით

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1474
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია