დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მობეზრდათ საქართველოში პოლიტიკა?
2011/05/23 12:23:18

კაბინეტების ოპოზიცია, ქუჩის ოპოზიცია და ხელისუფლება - ერთმანეთთან ჭიდილში

ამ ბოლო დროს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებ, მუდმივად ერთი კითხვა მაწუხებს: „ბატონო კახი, გვეშველება რამე?“ ჩვენს ოპოზიციას რომ ვხედავ, მერე ბატონი კახის კი არა, თვით უფლის მისამართით მიჩნდება იგივე კითხვა. თუ რეალობას გადავხედავთ, ჯერჯერობით, საშველი არც ხელისუფლებისგან ჩანს და მისი მოწინააღმდეგისგან მითუმეტეს.

 

 

პოლიტიკურ ქარცეცხლში „გამოწრთობილი“ და რევოლუციაგამოვლილი ხელისუფლება, ძნელია, კვლავ რევოლუციით დააშინო და, მითუმეტეს, ამ გზით „პოლიტიკური არდადეგები“ მოუწყო. ჩვენი ვითომ   ოპოზიციურად  განწყობილი პარტიები კი სწორედ ამ გზას დაადგნენ და ახლა რევოლუციის დაწყებასა თუ დასრულებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. საკითხავი ის არის, მართლა სჯერათ ამის, თუ ოცნებობენ?

როგორც ცენტრალური ტელეარხები აშუქებენ მათ ვოიაჟს, „ქართული პარტია“ და „სახალხო კრების“ წევრები მოსახლეობასთან შესახვედრად თავიანთი აქტივისტებით სავსე ავტობუსებით მიდიან. ნაცნობი ტაქტიკაა, ადრე „გადაწითლებული“ ავტობუსები იყო მოდაში... თუმცა, მათგან განსხვავებით, თანმიმდევრულობა და ორგანიზება აკლია ახლადგამოჩეკილ რევოლუციონერთა რიგებს.

ალბათ, ყველას ახსოვს ბურჯანაძე-გაჩეჩილაძე-ბიწაძის ცნობილი ბრალდებები ერთმანეთის  მისამართით, რომლებშიც ხან ორი მილიონი ფიგურირებდა და ხან - საიდუმლო შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსანთან. მერე მიუნხენში „გაურჩიეს საქმე“ ერთმანეთს ბიწაძემ და გაჩეჩილაძემ, თუმცა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებია გერმანიის სამართალდამცავებს (ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ინფორმაცია ჩვენს „ობიექტურ“ წამყვან ტელეკომპანიებს არ გაუხმაურებიათ).

მიუხედავად ამ განხეთქილებისა, ბურჯანაძე-გაჩეჩილაძეს შორის, არ შეცვლილა მათი ორიენტაცია გარე ძალების მიმართ. რუსეთიდან მონაბერი ქარი კვლავ საამურად ელამუნება ვაი-ოპოზიციურ პარტიათა აქტივისტებს და რა მოაქვს ამ ქარს, ყველამ კარგად ვიცით. ხან ქალბატონი ნინო სტუმრობს პუტინს, ხან კი ბატონი ირაკლი ევროპიდან ემუქრება ამერიკას საქართველოში მისი ონკანის გადაკეტვით (ონკანი ამ შემთხვევაში აშშ-ს საელჩოა).

რამდენიმე დღის წინ თბილისში გახლდით. მეტროდან ამოსულს ახალგაზრდა გოგონამ ხელში შემომაჩეჩა „სახალხო კრების“ გაზეთი და ბროშურა. ასე შეაჩეჩა ყველა გამვლელს. ცოტა ხნით შევჩერდი და ვაკვირდებოდი უბრალო მოქალაქეების რეაქციას: აიღებდნენ თუ არა გაზეთს, გადაშლიდნენ, გაიღიმებდნენ და პირველივე შემხვედრ ურნაში გადაუძახებდნენ. იშვიათად შეგხვდებოდათ ისეთი, ვინც ამ გაზეთს შეინახავდა. არადა, რა ფინანსური შესაძლებლობები ან წყარო უნდა ჰქონდეს პარტიას, რომ ნებისმიერი გამვლელისთვის უფასოდ გაიმეტოს გაზეთი?!

„სახალხო კრებისა“ და „ქართული პარტიის“ „ძიძგილაობა,“ ცოტა არ იყოს, სასაცილოა. თავდაპირველად, როცა 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენები განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, ხალხს ნდობა ჰქონდა ოპოზიციის მიმართ. ძნელია, ვისაუბროთ იმაზე, მოწინააღმდეგე ბანაკის ლიდერები მაშინაც ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავდნენ, თუ მხოლოდ მოგვიანებით დაემორჩილნენ   „ვანოს ნებას.“ ფაქტი ერთია, ოპოზიციამ ხალხის ნდობა დაკარგა და დაიქსაქსა. ახლა ორ ფლანგზე მიმდინარეობს ბრძოლა,  „ვაი  ქუჩის  ოპოზიცია“  და „კაბინეტების  ოპოზიცია“ ხელისუფლებას უტევენ, ან ცდილობენ შეუტიონ. საქმე ის არის, რომ ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს „ქართული პარტიისა“ და „სახალხო კრების“ მეშვეობით, მათი უნიათობის დემონსტრირებით ოპოზიციური რვიანის დასუსტებასა და რეპუტაციის შელახვას შეუწყოს ხელი. შესანიშნავი ტაქტიკაა, ვფიქრობ. სოფელში როცა ცხოვრობ და მხოლოდ „რუსთავი 2-ს“ ან „იმედს“ უჩვენებს შენი ტელევიზორი, მათი შემხედვარე, აღარ მოიკლავ თავს ოპოზიციის ფლანგების დახარისხებასა და შედარებაზე. ოპოზიცია ოპოზიციაა და ყველა ერთ ქვაბში იხარშება შესაბამისად.

ოპოზიციური რვიანის მოთხოვნების შესრულება კი გაცილებით უფრო საშიშია ხელისუფლებისთვის, ვიდრე აბსურდული რევოლუციის მოლოდინი. რვა პარტია ხელისუფლებისგან საარჩევნო კოდექსის შეცვლას ითხოვს და ამის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ობიექტურად და კანონდარღვევის გარეშე ჩატარდება. ერთია ვარაუდი, მაგრამ, მეორეა შედეგი. ნაკლებ სავარაუდოა, ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესრულებას დათანხმდეს.

მეორე კოზირი, რომელიც ხელისუფლებას ხელთ აქვს, გარე ძალების როლის სარფიანად გამოყენებაა. დასავლეთისკენ ორიენტირებული მთავრობა სათავისოდ იყენებს ამ ორი ოპოზიციური პარტიის გადახრას რუსული ძალებისკენ და მათ თავისუფლად „პარპაშის“ ან საზღვრების გადაკვეთის ნებას აძლევენ. თორემ, რომელი თავმოყვარე ხელისუფლება დახუჭავს თვალს ოპოზიციონერთა აშკარა კავშირზე მტრულად განწყობილი მეზობლის მესვეურებთან?

უკვე, სიმართლე რომ ვთქვათ, მიზანი მიღწეულია და მსოფლიოში საქვეყნო საქმეებით ყველაზე დაინტერესებულ ქართველებსაც კი მობეზრდათ პოლიტიკა ყველგან და ყველაფერში. ამიტომაც, „იბარტყა“ ქართული ტელევიზიების ეთერში ტელესერიალებმა და სრულიად უსარგებლო გასართობმა გადაცემებმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია