საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ქართული ოცნების" შეხვედრა თერჯოლელებთან
2016/07/21 20:01:55

ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ; უნდა მორჩეს შავთეთრი ფერები,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში გააკეთა, სადაც  რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას  ტყიბულისა და თერჯოლის  გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.


„ბატონი ელგუჯა გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. მას აქვს  ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებული ისტორია. იგი გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი,გახლავთ ჩაჩავას სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი.  მან სერიოზულ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში  და დარწმუნებული ვართ, ჩვენ ყველანი, რომ ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაში. ჩვენთვის პოლიტიკა- ეს არის თქვენი ინტერესის გატარება საქართველოს პარლამენტში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით,სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

 

  „აღარ არის პრობლემა ის, რომ შვილი პოლიკლინიკაში წაიყვანო. აღარ არის პრობლემა, რომ მოხუცს უმკურნალო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მინდა, ყველა ჩვენთაგანმა გულში ჩავიხედოთ და შევხედოთ გაგებით იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს მთლიანად რეალობა. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს განსხვავება და იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე. ამისათვის ჩვენ დღემდე გარკვეული გზა გამოვიარეთ. ოთხი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით. დამეთანხმებით, სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

 

უამრავი პროგრამა არსებობს. მცირემიწიანი ფერმერებისთვის, უფრო მსხვილი ფერმერებისთვის. ხეხილის დარგვის, „დანერგე მომავალი“, სხვადასხა შეღავათიანი კრედიტები.  „აწარმოე საქართველოში“, რომელიც დამწყებ კომპანიებს აძლევს ძალიან სერიოზულ საშუალებას და რესურს იმისათვის, რომ საქმიანმა ადამიანმა ახალი საქმე წამოიწყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებაში და ჩვენ აშკარად ვხედავთ, რამდენი რამ არის გასაკეთებლი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარებისათვის ნაბიჯები. ამისთვის, ჩვენს მთავრობას გააჩნია მკაფიო ხედვა და გეგმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ოთხი წლის თავზე შეუქცევადი განვითარების სიჩქარე აკრიფოს იმისათვის, რათა დავქოქოთ ჩვენი ქვეყანა, მართლა ავაგუგუნოთ და იყოს ჩვენს ქვეყანაში ის დინამიკა, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი, ყველა ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე უკვე გაზრდილი კეთილდღეობის სახით. ამისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური რესურსი, ხედვა, გამოცდილება, განათლება, ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ცვლილება მოვიტანოთ ქვეყანაში“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

 მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

 

„ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ. უნდა მორჩეს შავთეთრი ფერები. უნდა მომავლის იმედი მივცეთ ჩვენს ბავშვებს. აი, ამ ბავშვებს,  რომლებიც  აქ დგანან. ამისთვის ჩვენ გვაქვს სრული თავდაჯერება.  ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ თავში ძალას, რესურს, რომ ჩვენ გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყანაში განვითარება სურს,  უკეთესი ხვალინდელი დღე სურს, გააერთიანებს ჩვენთან ერთად და არ გაყობს საზოგადოებას. არ დაჭამს ერთმანეთს, როგორც დღეს ეს ხდება  ყოველდღიურად. ჩვენ ქართველი ერი, პატარა ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავიყოთ  ორ,სამ,ოთხ, ათ ჯგუფად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის  და ჩვენი უკეთესი  ხვალინდელი დღისათვის . ეს არის ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნობის“ მთავარი მიზანი. სწორედ ამისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები ჩვენს პარლამენტში,  სწორედ ამისთვის დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ  მაჟორიტარის კანდიდატი თერჯოლისა და ტყიბულის-  ეს არის ბატონი ელგუჯა გოცირიძე“,-განაცხადა პრემიერმა.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4239
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია