დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკის მიღმა
2010/03/22 13:37:54

ისინი ბიბლიოთეკარები არიან. უვლიან წიგნებს, ელოლიავებიან ფოლიანტებს, ქართული კულტურის მატიანეს... და, ამავდროულად, გაზაფხულის ფერებით ქსოვენ საოჯახო აქსესუარებს, ქარგავენ თეთრ ტილოებს, ხეზე აჩუქურთმებენ საყვარელ ხედებს, კინძავენ ბებიის კიდობანში ნაპოვნ ღილებს და მძივებს, რითმავენ თავიანთი ფაქიზი სულის მშვენიერ ზღაპრებს.

მართალია, აპრილშია ბიბლიოთეკარის დღესასწაული, რომელიც  ყოველ წელს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით აღინიშნება, მაგრამ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ციცი ჯინჯიხაძეს სურდა, ეს კვირეული წელს განსაკუთრებულად აღენიშნათ და გამოუვიდათ კიდეც: წიგნის აქტიურმა მკითხველმა 16 მარტს, თანამშრომელთა ხელნაკეთობების გამოფენაზე, აქ მომუშავე პერსონალი იხილა სულ სხვა კუთხით, სულ სხვა თვალით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქ წარმოდგენილ ყველა ნამუშევარს აქვს თავისებური დატვირთვა, შეიძლება მათი გამოყენება და იყენებენ კიდეც.

გავესაუბრეთ ბიბლიოთეკარ ქეთევან მამფორიას: „ჩემს ნამუშევარს შეადგენს ორი კაბა, ერთი ჩანთა და ქუდი. ეს ჩემი გოგონას, გვანცას კაბებია. მოდელი ჩემია და ხელით არის ნაკერი. სხვათაშორის, თითო კაბის შეკერვას თითო დღე მოვანდომე, რადგან სწავლა იწყებოდა, ბავშვი მეორე დღეს სკოლაში უნდა წასულიყო და მინდოდა, ლამაზად, ორიგინალურად ყოფილიყო. მეორეც იმავე მიზნით შეიკერა, ოღონდ ამჯერად მუსიკალურში ჰქონდა კონცერტი. მოკლედ, როგორც ხედავთ, მხოლოდ გამოსაფენად და სანახავად არ არის გაკეთებული, ვიყენებთ კიდეც. ყველა ნივთს რაღაც ისტორია აქვს. მაგალითად, დასასვენებლად რომ ვიყავი, მაშინ შევკერე ეს მძივებით გაწყობილი ჩანთა, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა.“

გამოფენაზე გამოტანილი ნივთები მეტყველებენ მათი შემქმნელის გრძნობებზე, განცდებზე, სულიერ მდგომარეობაზე და ასევე დიდ სიყვარულზე ხელოვნებისადმი.

ელექტრონული რესურსის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ბარაბაძე: „მე წარმოვადგინე ბისერებით გაკეთებული მობილურის შალითები, რომელიც გამოიყენება პრაქტიკულადაც. ასევე გამოტანილია მძივი სპეციალური დანიშნულებისათვის. ეს ხელოვნების ერთ-ერთი სახეა და ძალიან დამაინტერესა. მაგრამ ერთი თავისებურება მახასიათებს: ვერასოდეს ვაკეთებ წინასწარი შეკვეთით, ანუ მე თუ არ მომივიდა შინაგანად მუზა, ისე არაფერი გამომდის, ამიტომ ამას დრო სჭირდება და, შესაბამისად, პაუზები მაქვს ნამუშევრებს შორის. ერთ-ერთი მობილურის ქისას, რომელიც ძალიან წვრილი ბისერებითაა შესრულებული, ვაკეთებდი ერთი თვის განმავლობაში (და არა მგონია, ასეთი ოდესმე კიდევ გავაკეთო), რადგან ძალიან რთულია, ხელით აკინძო ასეთი პატარა ბისერები. დანარჩენებზე ვმუშაობდი ორ-ორი კვირა. ახლა რაც არის წარმოდგენილი ყველა გაჩუქებულია და მეგობრებს ვთხოვე დღევანდელი დღისათვის მოეტანათ, მხოლოდ ერთია ჩემი.“

„გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო იამზე ბარდაველიძის, მეგი გოშაძის, ვერონიკა ჰოლისოვას, რუსუდან კოკელაძის,ნანა გუბელაძის, დარეჯან ერისთავის, რიტა წაქაძის, მადლიანა უგულავას, ქეთინო გაბრიაძის, დალი სულაკაძის, ნატო მამასახლისის, ქრისტინე მიქაბაძის, ეკატერინე ბარაბაძის და სულიკო კუბლაშვილის ნამუშევრები.

აქვე გეტყვით, რომ სულიკო კუბლაშვილი დამლაგებელია. მან წარმოადგინა ნაივური ნახატები, რომლის მეორე მხარეზეც ლუიზა ბობოხიძისა და ლია გურეშიძის საკუთარი ლექსებია.

მოკლედ, ყველა დიდი შემართებით ემზადებოდნენ გამოფენისათვის.

„გვინდოდა ჩვენი თანამშრომელი ქალბატონები იმ საზოგადოებისათვის, რომლებსაც ყოველდღე ხვდებიან წიგნების თუ რაღაც სხვა საჭიროების გამო, ამ კუთხით დაგვენახებინა და ფარდა აგვეხადა მათი მიჩქმალული ნიჭისთვის,“ - გვითხრა გამოფენის ორგანიზატორმა ციცი ჯინჯიხაძემ.

გამოფენის სტუმრები მართლაც დარწმუნდნენ „წიგნის დიასახლისების“ ნიჭიერებასა და ხელმარჯვეობაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია