დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მოდელირებული მომავლის ქრონიკა“ - წინასაარჩევნო კამპანიის ახალი ხელწერა
2010/03/22 13:32:51

13 მარტის საღამოს მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, ყოველდღიური „რიტუალი“  შეგვესრულებინა- ტელევიზორში დღის საინფორმაციო გამოშვება გვენახა. პირველი, რაც ჩართვისთანავე გავიგეთ, ის იყო, რომ რუსეთი ჩვენს დასაპყრობად მოდის; რომ სტრატეგიული ობიექტები იბომბება; რომ ქართული ჯარი მტერს წინ მოუძღვება, პრეზიდენტი სააკაშვილი ლიკვიდირებულია და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა, „იმედის“ შოკურმა თერაპიამ წარმატებით „იმუშავა“: „იმიტირებული ქრონიკა“ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობას საფრთხე დამუქრებოდა. არ ვაჭარბებ, ლამის ყველას ნერვული შეტევა დაგვემართა. სიმართლე გითხრათ, იმის გარკვევა, რა ხდებოდა სხვა არხებზე, ან იმაზე  ყურადღების გამახვილება, ზაფხულის კადრები იყო თუ ზამთრის, იმ მომენტში არ გაგვხსენებია. ძალიან სერიოზული წამყვანი, ძალიან სერიოზული სახით ხომ გვარწმუნებდა, ქვეყანაში ომიაო, რატომ არ უნდა დაგვეჯერებინა, მითუმეტეს - ახლად ომგამოვლილებს.

„მოდელირებულ გამოშვებაში“, რომელიც გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ დებატებს უძღოდა წინ,  მომავლის „ქრონიკა“ იყო წარმოდგენილი. სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდს ეხებოდა და ასე ვითარდებოდა: ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, მოხდა დაპირისპირება, შეიქმნა სახალხო მთავრობა, სამოქალაქო დაპირისპირებას მსხვერპლიც მოჰყვა, იყვნენ დაჭრილებიც და დაღუპულებიც, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, თან - ოპოზიციის დახმარებით. იმან, რომ გამოშვებისას მითითებული არ იყო, რომ ეს მოდელირებული ქრონიკა გახლდათ, ქვეყანაში ჯერ პანიკა და შიში გამოიწვია, მერე პროტესტი. შესაბამისად გაჩნდა უამრავი კითხვაც და რეალური ეჭვი, რომ „იმედი“ მორიგ სახელისუფლებო შეკვეთას ასრულებდა.

რას ფიქრობენ ამაზე ადამიანები?

ლია ლომთაძე, დიასახლისი: „არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, თუ სახელისუფლებო შეკვეთა იყო, არ მესმის, რაში სჭირდება საქართველოს მთავრობას, თავისი ხალხი ჩააგდოს ამ დღეში? ჯერ ისევ აგვისტოს ომის განცდების ქვეშაა საზოგადოება, ისედაც უამრავი პრობლემაა, მძიმე სოციალური ფონი, ეს კიდევ რა იყო? არ ვიცი, ალბათ, ამ ყველაფრის უკან კიდევ უფრო დიდი პოლიტიკა იმალება, რასაც უბრალო ადამიანები, ალბათ, ვერ ჩავწვდებით?“

 

***

ფაქტია, ეს არ იყო იმედის გულუბრყვილო ნაბიჯი, შემთხვევითი შეცდომა. მითუმეტეს, გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს „ფორუმ.გე“-ზე გამოქვეყნდა სატელეფონო სკანდალური ფარული ჩანაწერი, სადაც „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის გიორგი არველაძისა და მისი მოადგილის ეკა წამალაშვილის საუბარია.

აუდიომასალის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი არათუ საქმის კურსში იყო  „მოდელირებული ქრონიკის“ მომზადებასთან დაკავშირებით, არამედ გიორგი არველაძეს სთხოვა, არც ტიტრის დადება მომხდარიყო და არც გადაცემის დასაწყისში ყოფილიყო განმარტებული, რომ იმიტაციაა.

„ახლა რატომ გირეკავ, მიხვდები შენ თვითონ და დასკვნებს შენ თვითონ გამოიტან. მიშა მელაპარაკებოდა გუშინ. რას შვრებითო, ვაკეთებთ მეთქი. ხო, ისე გავა, როგორც ჩვეულებრივი ქრონიკაო. ხოო-მეთქი, მაგრამ წინასწარ იტყვიან, რომ მოდელირებულია-თქო. არაო, ეგ არ თქვათ, მთელ მუღამს დაუკარგავსო“, - ამბობს, ჩანაწერის მიხედვით, არველაძის ხმა.

ჩანაწერის მიხედვით, ეკა წამალაშვილი მიუთითებს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, არ შეიძლება მსგავსი მოქმედება. გუშინ ვკითხულობდი ქცევის კოდექსს, მეცამეტე მუხლია. საზოგადოებაში პანიკის შექმნა და ესეთი რაღაცეები ურტყამს ლიცენზიას. გაფრთხილებ, მაინც სჯობს მივაწეროთ, რომ არის მოდელირება. სადავო არ იქნება, თუ არადა, შეიძლება გვიჩივლონ. კოდექსში არის მეცამეტე მუხლითქო, პროსტა, გიჩივლებენ გიორგი, ექნებათ სალაპარაკო, “ენჯეოებიდა ესეთები რომ არიან ჩასაფრებული, ატეხავენ ერთ ამბავს. ისეთი პონტია, ხალხმა სირბილი არ დაიწყოს აქეთ-იქით. გაქცევა რომ დაიწყონ, ტრასებზე ალიაქოთი რომ ატყდეს, წინასწარაც რომ არ თქვა, მართლა რაღაცა მოხდება. მე დამიჭერენ, შემოვლენ დანარუნიკებითგამათრევენ. შეიძლება ვიღაცას გული გაუსკდეს, კაცო!

წარმოიდგინე, რამდენი უსუსური უყურებს ტელევიზორს, რამდენი ავადმყოფი, ან ვიღაცა შიზოიდი, ცუდი ნერვების პატრონი ან მარტოხელა, შეიძლება სტრესებისგან რაღაცეები მოხდეს და ამ შემთხვევაში პასუხს ვინ აგებს?! მოგვთხოვენ შენ და მე,“ - აცხადებს ეკა წამალაშვილი, რის შემდეგაც არველაძე ეუბნება, რომ არაფერი მიაწეროს.

არველაძის ხმა აქვე ამბობს, რომ გადაცემის სცენართან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ზურა დავითაშვილი და გია ნოდია. ზურა დავითაშვილმა და გია ნოდიამ მომწერეს პასუხი, მითხრეს, მაგარიაო. გადაღებული არ უნახავთ, მე მივწერე ტექსტი და სცენარი. სცენარინიუსისკი არა, რაც ხდება მოვლენები. მოკლედ, ყველას მოეწონა, ამის შექმნაში მონაწილეობდნენ ექსპერტებიც, მარტო ჩვენი ის არ არის,“ - ამბობს არველაძე.

 ინტერნეტ-გვერდებზე გავრცელდა და მას „ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელის მოადგილე ეკა წამალაშვილი „იმედის“ ეთერით გამოეხმაურა, ოღონდ მოგვიანებით, დაგვიანებული პასუხი კი ბევრმა იმის დასტურად მიიჩნია, რომ ასეთი საუბარი  სინამდვილეში შედგა.  მან ფარულ ჩანაწერს „ფაბრიკაცია“ უწოდა და განმარტა, რომ მასალა რუსეთის სპეცსამსახურებმა მოამზადეს. ეკა წამალაშვილის თქმით, საუბარი მასა და არველაძეს შორის ეხებოდა გადაცემის შინაარსს, ფორმასა და ტექნიკურ მხარეებს.

„ჩემი აზრით, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ნამუშევარი და მათ დასჭირდათ გარკვეული დრო, რათა მასალა ასეთი სახით მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის,“-  დასძინა მან.

წამალაშვილმა კომენტარი გააკეთა „მოდელირებული ქრონიკის“ თაობაზეც და, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უფრო ნათლად განემარტათ საზოგადოებისთვის, რომ ეს იყო წარმოსახვითი, „მოდელირებული ქრონიკა“ და არა დღევანდელი რეალობა.

„ჩვენ შორის იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე კამათიც, თუ როგორ გასულიყო გადაცემა ეთერში. ამ გადაცემის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდნენ და მოხდა ისე, როგორც მოხდა,“ - აღნიშნა წამალაშვილმა და დასძინა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და უერთდება „ტელეიმედის“ ბოდიშს საზოგადოების წინაშე.

ასეთი საუბარი უარყო თვით გიორგი არველაძემაც. ხოლო პრეზიდენტმა „ქრონიკის“ მოდელირებული გამოშვებიდან მეორე დღეს ძალიან მშვიდად, მისთვის უჩვეულო სიმშვიდითაც კი, განაცხადა ბოლნისელებთან შეხვედრისას: „ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული.“  პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკოსების ნაწილი სროლისთვის საბაბს ყველგან ეძებს - თუნდაც, სატელევიზიო რეპორტაჟში. „იმედმა“ ბოდიშის მოხდა „მომავლის ქრონიკის“ დამთავრებისთანავე დაიწყო. ბოდიშის პარალელურად  საპროტესტო მუხტი თანდათან ძლიერდებოდა, იყო მოწოდებები: - მძულს „იმედი“, უნდა დაიხუროს, უნდა შეწყვიტოს მაუწყებლობა, ლიცენზია უნდა შეუჩერდეს!..

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საგანგებო სხდომამ ტელეკომპანია „იმედის“ საკითხი 15 მარტს  განიხილა. ამ მოწოდებებისა და საზოგადოების დამოკიდებულების გათვალისწინებით, რაც გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ შაბათს გადაცემულ ე.წ. „მოდელირებულ ქრონიკას“ მოჰყვა, ბევრი მოელოდა, რომ ტელეიმედს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, ფულად ჯარიმას მაინც დააკისრებდა, მაგრამ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, „იმედს“, პრაქტიკულად მხოლოდ ბოდიშის მოხდა დაევალა. 
გადაწყვეტილება  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 ხმით დაამტკიცა.

„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის დარღვევის გამო, შპს „ტელეიმედს“ დაევალა დეკლარაციის გამოქვეყნება. შპს „ტელეიმედმა“, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის პირობებისა და მაუწყებლობის ქცევის კოდექსის დარღვევისა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი პროგრამის გადაცემის გამო, ბოდიში უნდა მოუხადოს მაყურებელს და, ამავდროულად, გამოთქვას მზადყოფნა, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრები.“
 ფაქტია, რომ კომისიამ „იმედის“ წინააღმდეგ ჯარიმაც კი არ დააწესა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლიცენზიის შეჩერებასა ან ჩამორთმევაზე, რასაც კომისიის ოპოზიციონერი წევრი - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი - ითხოვდა. კომისიაში აცხადებენ, რომ მაუწყებლისთვის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შესაძლოა გახდეს მაუწყებელთა კოდექსის დარღვევაც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლის სათვალავზე რამდენიმე დარღვევა მოდის.

ერთი სიტყვით, „იმედს“ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კიდევ ერთხელ დაავალა იმის გაკეთება, რაც ტელეკომპანიამ უკვე არაერთხელ გააკეთა. „პასუხისმგებლობის ფარგლებში ტელეკომპანიას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არავითარი პასუხისმგებლობა არ დააკისრა. დაავალა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია, რაც უკვე მოხდა და ტელევიზიამ თავისი ნებითაც არაერთხელ მოიხადა ბოდიში - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. სხვა საკითხია, რამდენად არის საკმარისი ბოდიში საზოგადოებისთვის.   „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდებიან იმ ადამიანების ახლობლები, რომლებსაც, მათი მტკიცებით, „ტელეიმედის“ გადაცემის შემდეგ გულის შეტევა დაემართათ. ორგანიზაცია თითოეულ ასეთ საქმეს ინდივიდუალურად იკვლევს და, დამტკიცების შემთხვევაში, მოამზადებს სპეციალურ სარჩელებს ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ.
პარალელურად, „იმედის“ გადაცემასთან დაკავშირებით საგანგებო კომისიის შექმნას ითხოვს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია.

ვის მიადგა ზიანი 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასული იმიტირებული ქრონიკის გამო?

პირველ რიგში,  რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთი წუთით მაინც დაიჯერა, რომ მის ქვეყანაში ომი დაბრუნდა. ზიანი მიადგა ხელისუფლებასაც, თუმცა, რეალურად ხელისუფლებას მძაფრი კრიტიკა ამ ფაქტის მიმართ არ გამოუჩენია.

„იმედი“ მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად ემზადება, ხელისუფლება - არჩევნებისთვის, ხალხს კი  (ამ შემთხვევაში უბრალო მასას ვგულისხმობთ) არ დაავიწყდება „მომავლის ქრონიკა“,  რომელიც, როგორც პრეზიდენტიც კი გვაფრთხილებდა, შეიძლება რეალობად იქცეს, და რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყება, როცა ოპოზიცია არჩევნებს წააგებს და საზოგადოება შედეგებს არ შეეგუება.

მასის  ქვეცნობიერში დაილექება არჩევანის შეგრძნება: დემოკრატია თუ მშვიდობა?!

ეს კი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სრულიად ახალი ხელწერაა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია