დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნებაყოფლობითი სასჯელი
2010/03/09 12:07:07

გასულ კვირას ქუთაისში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების გენერალური რეპეტიცია ჩაატარა. პედაგოგებმა ე.. რეპეტიციაზე, როგორც თვითონ განაცხადეს, საკუთარი თავი  გამოსცადეს. თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ სასერთიფიკაციო გამოცდებზე გასვლას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში  უნდა ჩატარდეს, არ აპირებენ. გადაწყვეტილება მტკიცეა და, როგორც ირკვევა, ერთადერთი მიზეზითაა განპირობებული.

ნანა მახარაძე, პედაგოგი: „გამოცდებზე ვერ გავალ, რადგან ამისთვის მზად არა ვარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზარმაცე და არ მოვემზადე. ჩვენ, პედაგოგებს, პრაქტიკულად, არანაირი სამუშაო პერიოდი არ გვქონია. ამისთვის არავის მოვუმზადებივართ. ტრენინგები კი გვიტარდებოდა, მაგრამ მას უფრო ჯგუფური მუშაობის ხასიათი ჰქონდა. იმ საკითხებზე, რაც დღეს ტესტებში შეგვხვდა, გაკვრითაც კი არ ყოფილა საუბარი. თუმცა, ეს განათლების სამინისტროს არ აინტერესებს. ეს ვითარება მაფიქრებინებს, რომ ჩვენი აზრი მათ ნაკლებად აღელვებს. მთავარია, რომ რეფორმას ატარებენ...“

პედაგოგებმა განათლების სამინისტროსგან დაპირება მიიღეს, რომ სერთიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც, თურმე,  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდაუვალი ნაწილია, დეტალურ ინფორმაციას გამოცდებამდე მიიღებდნენ. თუმცა, როგორც თვითონ აცხადებენ, ასე არ მოხდა.

მასწავლებლების დიდმა ნაწილმა ვერც 160-ლარიანი სახელმწიფო ვაუჩერი მიიღო, რომელიც, როგორც პედაგოგები აცხადებენ, ტრენინგებში მონაწილეობისთვის უნდა გამოეყენებინათ.

თამარ გიორგაძე, პედაგოგი: „ითქვა, რომ გამოცდები ჩატარდებოდა და ეს იყო სულ. მერე სხვათაშორის მოაყოლეს, რომ ვაუჩერები დარიგდებოდა. ასეთი ტესტირების ჩატარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ძალიან შრომატევადი სამუშაოა. ალბათ, ეს ავიწყდებათ. ვაუჩერები ისეთმა ხალხმა აიღო და გამოიყენა, რომელიც ტესტირებაზე გასვლას საერთოდ არც აპირებს. ასეთი უსამართლობა ბევრია... ამიტომაც არც მე და არც ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მასწავლებელი ამ გამოცდებზე არ გავა. ეს, ალბათ, არც იქნება გასაკვირი...“

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სასერთიფიკაციო გამოცდებით მასწავლებლების პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული პროფესიული უნარი და საგნობრივი ცოდნა შეფასდება. სერთიფიკაცია ნებაყოფლობითია, ეს, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, და სერთიფიკატის მიღების შემთხვევაში პედაგოგს მასწავლებლობის უფლება 8 წლით უნარჩუნდება.

მანანა კვერნაძე, პედაგოგი: „ეს გამოცდები ბევრ მასწავლებელს დიპლომს დააკარგვინებს. იძულებული გაგვხადეს, ამ გამოცდებში მონაწილეობა მიგვეღო. ასე მგონია, ჩვენ, პედაგოგები, ფარა ვართ, რომელსაც ხელისუფლება იქით მიერეკება, საითაც სურს. მართალია, გვეუბნებიან, რომ გამოცდები ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება ჯერ აუცილებელი არ არის, მაგრამ არავინ იცის, ხვალ თავში რა მოუვათ და რას გადაწყვეტენ. ჩემი განწყობა კითხვარშიც დავაფიქსირე, რომელიც ტესტირებისას შევავსე და რომელსაც, ნაკლებად მჯერა, ვინმე გაითვალისწინებს.“

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების გენერალური რეპეტიცია, რომელიც სასერთიფიკაციო ტესტების გამოცდებს გულისხმობდა, გაცილებით ცოტა პედაგოგმა გაიარა, ვიდრე ამას განათლების სამინისტრო ელოდა. თუმცა, განათლების სამინისტროში ამ ფაქტს     „გამართლება“ მაინც მოუძებნეს და პედაგოგთა ნაკლები აქტიურობა სიახლის მიმართ პედაგოგთა სიფრთხილეს მიაწერეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვას, იღებთ თუ არა 2010 წლის სასერთიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას, პედაგოგთა დიდმა ნაწილმა უპასუხა - არა. არადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, გამოცდებში, მიმდინარე თუ არა, მომავალ სამ წელიწადში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პედაგოგმა, ვისაც  სურვილი აქვს, საჯარო სკოლაში ასწავლოს.

 სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია