დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წითელ ხიდთან უძველესი სახლი ჩამოიშალა!
2012/06/18 13:03:34

ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე უძველესი არქიტექტურული სახლები, წლებია, დანგრევის პირასაა. საუკუნის წინანდელი ხის სახლები, ისეა აგებული, რომ მათი საძირკველი და საყრდენი მდინარის ნაპირასაა განთავსებული.

 

რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული ქუჩის ერთ-ერთი ისტორიული სახლი მთლიანად ჩამოიშალა და მისი ერთი ნაწილი (ხის ფიცრები) მდინარე „რიონმა“ წაიღო, ნაწილი ახლაც მდინარის სანაპიროზეა ჩამოშლილი. როგორც გაზეთი „P.S.“-თვის ადგილზე მისვლის შემდეგ გახდა ცნობილი, საბედნიეროდ, აღნიშნულ სახლში არავინ ცხოვრობდა და მხოლოდ სახელოსნო იყო  მოწყობილი. იქ მცხოვრები მოსახლეობა შეშინებულია, რომ მათი ამორტიზირებული ხის სახლის ჯერიც არ დადგეს.

„საშინელ    მდგომარეობაში    ვიმყოფებით ამ ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი. მერიას რამდენჯერმე მივმართეთ დასახმარებლად, მაგრამ შედეგი - არაფერი. ბოლოს 22 მაისს მივაკითხე, იქნებ მობრძანდეთ და ნახოთ, თუ როგორ მდგომარეობაში ვართ აქ მცხოვრები ადამიანები-მეთქი. ქუჩიდან ჩემს სახლში რომ ჩამოვიდე უნდა გავიაროხის კიბეები, რომლის ქვეშაც მდინარე გადის. ეს კიბეები კი იმდენად დამპალია, რომ ლურსმანსაც არ იმაგრებს, როგორ არსებობს, მიკვირს. ეს სახლი, დაახლოებით, 100 წლისაა და იმის შემდეგ არ შეკეთებულა, თუმცა მცხოვრებლების პრობლემები წლების წინ დაიწყო, როცა  „რიონი“ ადიდდა და სულ შემოგვივარდა სახლებში წყალი. ახლაც კი არ არის ნაპირსამაგრი სამუშაოები გაკეთებული. რა გვეშველება, მე არ ვიცი,“ - განაცხადა დავით და კონსტანტინეს ქუჩის მცხოვრებმა ნანა შევარდნაძემ.

„1927 წელს უყიდია ეს სახლი ბაბუაჩემს, იმის შემდეგ, როგორც მე ვიცი, ხელიც კი არ შევლებია. მერიაში რამდენჯერმე გავაგზავნეთ წერილი, რომელზეც პასუხი მოვიდა, რომ ჯერჯერობით  არაა  გადაწყვეტილი, რა ბედი ელის ამ ოჯახებსო. ახლა ჩვენ რომ ბანკებიდან პროცენტიანები გამოვიტანოთ და მერე აგვყარონ, ცუდ დღეში ჩავვარდებით! ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ეს ხის ფიცრები მთლიანად ჩაინგრეს და რიონში ჩაცვივდეს,“ - აცხადებს აღნიშნული ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები.

მიუხედავად იმისა, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან და მათზე დახმარებას კანონი სახელმწიფოს არ ავალდებულებს, საინტერესოა, მოახდენს თუ არა მერია გამონაკლისს სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, იგეგმება თუ არა ზარალის კომპენსაცია ჩამონგრეულ ფართზე და ასევე - შეკეთდება თუ არა სახლები, რომლებშიც რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს ამ კითხვებით ჩვენ საბინაო ინფრასტრუქტურის, მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსს მივმართეთ.

„კერძო საქმის სექტორია, კერძო სექტორი ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, თუმცა ამათ შეუძლიათ, ჩამოაყალიბონ ამხანაგობა, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ სამოჯახიანი, და როგორც პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში ვეხმარებით სხვადასხვა ამხანაგობის წარმომადგენლებს, ასევე შეგვეძლება დავეხმაროთ მათაც - სახურავით, სამშენებლო მასალით და ა.შ. თუ, რაღა თქმა უნდა, ეს იქნება კანონის ძალებში მოქცეული. ამ საქმესთან დაკავშირებით, ქალაქის ხელმძღვანელობა ვფიქრობთ, რომ გარკვეული წილით თანადგომა გამოვუცხადოთ ამ ოჯახებს და დავეხმაროთ. ეს ნამდვილად გადაწყვეტილია და დაახლოებით ერთ თვეში მათ ჩვენ რაღაც დახმარებას აუცილებლად გავუწევთ,“ - განაცხადა კახაბერ ხვარეშიამ.

დავით და კონსტანტინე ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ნემსიწვერიძეა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.

- ბატონო კახა, ალბათ, იცით რა პრობლემების წინაშე არიან დავით და კონსტანტინეს ქუჩის მცხოვრებნი, იგეგმება თუ  არა მათზე რაიმე დახმარება? 

- კი, ვიცი ამ ქუჩაზე, რომ ავარიული სახლებია, მაგრამ მე რატომ მეკითხებით, მოვაგვარებ თუ არა?

- ბატონო კახა, თქვენ ბრძანდებით „უქიმერიონის“ მაჟორიტარი დეპუტატი, ამ უბანში შედის ეს ქუჩა და სწორედ ამიტომ გეკითხებით.

- გასაგებია თქვენი კითხვა. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ვცდილობთ, დავეხმაროთ მსგავს ოჯახებს. მე არ ვიცი, ეს როდის იქნება კონკრეტულად, თუმცა აუცილებლად დავეხმარებით. ვიცი, რომ ამორტიზირებული სახლები და კიბეებია და აუცილებლად შევუკეთებთ, ოღონდ როდის ეგ არ ვიცი.

ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხის მიღების შემდეგ, ალბათ, ნათელია თუ რამდენად იცნობს ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის უძველესი უბნის პრობლემებს, უმთავრესი პრობლემა კი ადამიანების სიცოცხლეს ეხება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1296
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია