დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მშობლები უკვე ათ რეპეტიტორს ეძებენ
2010/02/01 12:09:49

ნინო კაპანაძე მეთერთმეტე კლასშია. წლების წინ მშობლებმა სკოლაში ერთი წლის დაგვიანებით შეიყვანეს - მათი აზრით, შვილისთვის კარგს აკეთებდნენ, სასწავლო პროგრამას იგი უფრო კარგად დაძლევდა და წარმატებებსაც უფრო იოლად მიაღწევდა. მაშინ ნინოს მშობლები განათლების რეფორმაზე არ ფიქრობდნენ. გოგონას სკოლის დამთავრებამდე 12 კლასმაც მოუსწრო და სკოლის დამამთავრებელმა ათმა გამოცდამაც. ცუდია ეს თუ კარგი, ძნელი სათქმელია: ისე, როგორც ყველა რეფორმა, განათლების რეფორმაც დრომ უნდა შეაფასოს. თუმცა, ფაქტია, რომ „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლებისთვის განათლების სფერო რეფორმებისთვის ყველაზე მომხიბვლელი აღმოჩნდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თან 2010-2011 წლის გამოწვევებიც მოიტანა.

„ძველი გამოწვევებიდან“ განათლების რეფორმას ერთადერთი სატრაბახო აქვს: ერთიანი ეროვნული გამოცდები; ბავშვები უმაღლეს სასწავლებელში ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე ხვდებიან. სკოლის დირექტორების ლოტოტრონებით არჩევა და სამეურვეო საბჭოები კი განათლების რეფორმის ჩრდილოვანი მხარეა.

ახალი გამოწვევების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: სასკოლო ატესტატების მნიშვნელობის გაზრდა, მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და განვითარება, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება და სერთიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა განათლების პროცესში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სამინისტროს, რესურს-ცენტრებსა და სკოლებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაზრდა, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართულის შესწავლის გაძლიერება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდა.

2011 წლიდან სასკოლო ატესტატების ასაღებად ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში მოხდება. გამოსაშვებ გამოცდებს სკოლებში არ ჩააბარებენ, ამისთვის გაფართოვდება ეროვნული საგამოცდო ცენტრის ქსელი.

სწორედ ამ გამოცდებში მიღებულ ნიშნების მიხედვით გაიცემა ატესტატები. თავის მხრივ კი უმაღლესი სასწავლებლები ფაკულტეტების მიხედვით გამოაქვეყნებენ იმ საგანთა ნუსხას, რომლებიც მათთვის იქნება მნიშვნელოვანი და რომელში მიღწეული შედეგებსაც მოსწავლის ჩარიცხვისას ყურადღება მიექცევა. როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, გამოცდები იქნება კონკრეტული, სასკოლო პროგრამაზე ორიენტირებული. მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფისთვის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დასწრების ქცევა იქნება. ეროვნული სასწავლო გეგმის გასაუმჯობესებლად კი თორმეტივე კლასის ყველა საგნის სასწავლო გეგმა დაიხვეწება. მოხდება ახალი საგნების ინტეგრირება: სამხედრო პატრიოტული აღზრდა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მსოფლიო კულტურა; ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს კი სპორტის საათი ჩაანაცვლებს.

„უსაფრთხო სკოლის“ დანერგვის მიზნით სკოლებში შემოვა მანდატურის ინსტიტუტი, იქნება სამი სასწავლო საფეხური, მოსწავლეებისთვის კი საკრედიტო-საბარათო სისტემა დაინერგება, ეს იმისთვის, რომ სკოლაში ფულის წართმევები და კვებისთვის მშობლისგან მიცემული თანხა პოკერ-კლუბებში არ წავიდეს; ძალაში დარჩება ვიდეო თვალი და პოლიციის ურთიერთობა მოსწავლეებთან.

2010-1011 წლებისთვის სხვა ინიციატივებიცაა დაგეგმილი. სკოლებს შორის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა „ბრენდიგის“ მეშვეობით და ასევე კურსდამთავრებულთა კლუბების - alumni ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც, ყველას შეეძლება, თავის სკოლას დახმარება აღმოუჩინოს, თუნდაც მატერიალური.

ამ ახალი გამოწვევებიდან ყველაზე მეტად მშობლები და მოსწავლეები სკოლის დამამთავრებელმა გამოცდებმა ააფორიაქა. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა მშობლების უმეტესობა უკვე ათ რეპეტიტორს ეძებს, რომელთანაც შვილს მომავალში მოამზადებს. არავისთვის არის უცხო, რომ მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით 10 გამოცდის ჩაბარებას ვერავინ შეძლებს (გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობენ.)

ნანა გოქაძე, მშობელი: „კი, ათ რეპეტიტორს ვეძებ უკვე, ჩემი შვილი კარგად სწავლობს, მაგრამ მაინც ძალიან მეეჭვება, რომ 10 გამოცდის ჩაბარება სკოლაში მიღებული ცოდნით შეძლოს. სკოლაში რას ასწავლიან, გამოცდებს რომ ითხოვენ?“

მარიამ კობახიძე, მოსწავლე: „ვერ გავიგეთ, რა უნდა ვქნათ. ჯერ მეათე კლასში ვარ და სანამ ჩემი უმაღლესში ჩაბარების დრო მოვა, ალბათ, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ათი გამოცდა იმ ბავშვებს ჩააბარებინონ, ვინც ახლა დაწყებით კლასში სწავლობენ. ეცოდინებათ, გამოცდები რომ ექნებათ და სწავლას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ.“

პედაგოგები კი პირად საუბარში ძალიან გულღიად აცხადებენ, რომ რეფორმებმა დაღალა და ამ ხელისუფლებისთვის სწორედ ისინი არიან ყველაზე ხელმისაწვდომი საცდელი კურდღლები. მედიასთან საუბრისას კი, რატომღაც, ხელისუფლების ახალი რეფორმები ძალიანაც მოსწონთ, ამიტომაც მათი კომენტარები აქ აღარ მოვიტანეთ.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე თვლის, რომ ახალი ტალღა ბევრს არაფერს მოიტანს.

მანანა ღურჭუმალიძე: „უპირველესად, დაფინანსების მოდელია შესაცვლელი. არაა ცუდი ათი გამოცდა სკოლებში. მაგრამ ეს ყველაფერი ჯაჭვური პროცესია. მასწავლებელს უნდა შეუქმნა პირობა, თუნდაც ფინანსური და მერე მოსთხოვო მას, ასწავლოს ისე, რომ მისმა მოსწავლემ ათი გამოცდა ჩააბაროს და რეპეტიტორი არ დასჭირდეს.

არაა ცუდი სამხედრო პატრიოტული აღზრდის საგნად შემოღება, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვი ფიზკულტურის გაკვეთილის გაუქმებასა და მის ნაცვლად სპორტის საათის შემოღებაზე. ასევე სკოლაში ასაკის მიხედვით სწავლების დიფერენცირებაც არ გაამართლებს. ზოგიერთ სოფელში, სადაც ერთ სკოლაში მხოლოდ 47 ბავშვია, ასეთი სისტემა გაუმართლებელია. ვერც განათლების სისტემის ორ მოდელს შექმნი: ერთს სოფლის სკოლებისთვის და მეორეს ქალაქისთვის. ბევრი რამ ამ ახალ გამოწვევებში ზუსტად ისეთივე აბსურდულია, როგორც დირექტორების ლოტოტრონებით არჩევა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1408
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია