დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისტორიული მემკვიდრეობა
ქუთაისში არქეოლოგებმა 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს
2018/09/07 15:36:31

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ქუთაისში, პოლონელი და ქართველი არქეოლოგების გუნდმა არქეოლოგიური გათხრების დროს 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინა. სპეციალისტთა განმარტებით, წყლით სავსე თხრილი მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების  თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა გვიანი ბრინჯაოს ხანისათვის. 


ჯასეკ ჰამბურგი, ვარშავის უნივერსიტეტიდან გათხრებზე პასუხისმგებელი პირი, განმარტავს, რომ აღნიშნული აღმოჩენა შესაძლოა, გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია, ნამდვილად არსებობდა ამ ადგილას.


როგორც სააგენტოში აცხადებენ, ქუთაისი ტრადიციულად დაკავშირებულია მითიურ აიასთან - კოლხეთის დედაქალაქთან, სადაც არგონავტები ჩამოვიდნენ ოქროს საწმისის საპოვნელად, თუმცა აღნიშნული მეცნიერების მიერ არასოდეს დამტკიცებულა.


„ქალაქი, დიდი ალბათობით, მდებარეობდა გაბაშვილის გორის გარშემო. სწორედ ამ ადგილას ვაწარმოებთ გათხრებს ამჟამად. სამწუხაროდ, მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი ადამიანთა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად. აქედან გამომდინარე, აღმოჩენილი თხრილი შესაძლოა იყოს ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთი მატერიალური დადასტურება. თხრილი საკმაოდ დიდია - 10მ სიგანის და 6მ სიღრმის. გამოყენებული იყო ბრინჯაოს ხანის პერიოდში, დაახლოებით 3 000-3500 წლის წინ, ისევე, როგორც მოგვიანებით, ანტიკურ ხანაში, მე-6 – მე-4 საუკუნეებში ჩვ.წ.აღ“ - განმარტავს პოლონელი არქეოლოგი.


სააგენტოს ინფორმაცით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა პოლონურ-ქართული ჯგუფის მიერ არის ე.წ კოლხური ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბი - პატარა ცული, რაც კოლხური კულტურის სავიზიტო ბარათია მე-12-8 საუკუნეებში ჩვ.წ.აღ.-მდე


„მხოლოდ ერთი მსგავსი ყალიბია ნაპოვნი ქუთაისის შემოგარენში. აგრეთვე, აღმოვაჩინეთ კერამიკული მილი, რაც გამოიყენებოდა გამოსაწვავ ღუმელში. ისევე, როგორც სხვა შემორჩენილი ნიმუშები, ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ სადღაც ამ ადგილის მიმდებარედ მიმდინარეობდა მეტალის დამუშავება“ – განმარტავს ჯასეკ ჰამბურგი.


 

არქეოლოგებმა ქვედა ფენებში აღმოაჩინეს კოლხეთში დამზადებული გვიანი ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, ტიპური, ცხოველის რქის ფორმის სახელურებით, ასევე ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი - როგორც ადგილობრივი, ისე საბერძნეთიდან, კვიპროსიდან ან პონტოდან - დღევანდელი თურქეთის  შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩამოტანილი.

 

ასევე, აღმოჩენილია ორგანული ნარჩენები, როგორებიცაა: ყურძნისა და ლეღვის წიპწები, მარცვლეული და სხვა საკვები მცენარეები.


როგორც სააგენტოში აცხადებენ, მეცნიერი იმედოვნებს, რომ ეს აღმოჩენა დაეხმარებათ, აღადგინონ  3 000 – 3 500 წლის წინანდელი ადგილობრივი ფლორა, ისევე, როგორც ანტიკური კოლხეთის მცხოვრებთა კვების რაციონი. მასალათა ნიმუშები, მათ შორის თხრილში აღმოჩენილი ხის საყრდენების ფრაგმენტები, პოლონეთში გაიგზავნება, შემდგომი კვლევისათვის.


კვლევას და არქეოლოგიური გათხრებს ერთობლივად აწარმოებენ ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. პროექტი კოორდინირებულია კრუკოვსკის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მიერ, პოლონური ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

წყარო:"ლიბერალი"


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია