დედაქალაქში საახალწლო სამზადისი ორი თვის წინ დაიწყო. ქალაქის მთავარი მოედნები და ქუჩები ნაირფერი გირლიანდებითა და სანათებით მოირთო, გაიხსნა საახალწლო ბაზრობები, პარლამენტის შენობის წინ კი ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიდგა. დედაქალაქის საახალწლო განათება, ძირითადად, ორ ფერში - ოქროსფერსა და ვერცხლისფერშია გადაწყვეტილი.
თბილისის ამჟამინდელი საახალწლო მორთულობა წინა წლებისგან საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალურია. აზრთა განსაკუთრებული სხვადასხვაობა რუსთაველის გამზირის მორთულობამ გამოიწვია. ბროლის ჭაღებმა, რომლითაც დედაქალაქის მთავარი ქუჩაა გაფორმებული, თბილისელების უმეტესობა ვერ მოხიბლა.
„ვფიქრობ, ეს ჭაღები ძალიან ტვირთავს ქალაქს, უფრო სადა გაფორმებას ვისურვებდი. თანაც, საკმაოდ მძიმე ჩანს და სიმართლე გითხრათ, ცოტათი მეშინია კიდეც, რომ არ ჩამოწყდეს და ვინმე არ დააზიანოს, “ - ამბობს ნინო დგებუაძე, 27 წლის.
პუშკინის სკვერთან და პარლამენტის შენობის წინ გახსნილი საახალწლო ბაზრობა, ათასფრად მორთული ატრაქციონები და კარუსელები განსაკუთრებით პატარების ყურადღებას იქცევს. ახალი წელი ხომ ყველაზე მეტად სწორედ მათ უხარიათ. 25 დეკემბრიდან პატარებისთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებად ქცეული მსახიობები დასეირნობენ და ბავშვებსა და მათ მშობლებს საახალწლო განწყობას უქმნიან.
საახალწლო ბაზრობაც ქალაქის სხვადასხვა კუთხეშია გახსნილი. განსაკუთრებული მოთხოვნა ქართულ ნაძვის ხეზე - ჩიჩილაკზეა, რომლის ფასიც 1 ლარიდან იწყება და 100 ლარსაც კი აღწევს. ეს საახალწლო ატრიბუტი რამდენიმე საუკუნეს ითვლის. მას ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ქართულ სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იწყობოდა.
ტრადიცია დღემდე გრძელდება და ქართული ნაძვის ხე მრავალ ოჯახში შეუცვლელი საახალწლო ატრიბუტია. ნათლისღების წინა დღეს კი ჩიჩილაკს წვავენ და მის ფერფლს სიმბოლურად ატანენ გასული წლის უსიამოვნებებს.
რაც შეეხება ღონისძიებებს, თბილისის მერიამ საახალწლო პროგრამა უკვე გამოაქვეყნა. ღონისძიებები 25 დეკემბერს საახალწლო ბაზრობის გახსნითა და კინოჩვენებით გაიხსნა. პროგრამა თითქმის ორ კვირაზეა გათვლილი და ის საშობაოდ დასრულდება. დათო ევგენიძე, ბაკურ ბურდული, ჯუფი „სტრინგი“, დათო ილურიძის ბენდი - ეს იმ მუსიკოსთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოსმენის საშუალებაც საქართველოს მოსახლეობას ახალი წლის დღეებში მიეცემა.
სპეციალური პროგრამა პატარებისთვისაცაა შედგენილი - საცირკო შოუ, თოჯინების, ნიღბების თეატრების წარმოდგენები, ილუზიონისტთა გამოსვლები, საბავშვო ფოლკლორული კონცერტი, სანტა-კლაუსების შოუ, საბავშვო სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სკოლის ბავშვების ნახატების გამოფენა - ეს ყველაფერი პატარების საახალწლო განწყობის შესაქმნელად ქალაქის სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ საახალწლო ღონისძიებათა ნამდვილი ეპიცენტრი ქალაქი ბათუმია. აქ რამდენიმე კვირით გაიხსნება ყველა სასტუმრო თუ რესტორანი, იგეგმება უამრავი საინტერესო ღონისძიება. ღია ცის ქვეშ გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი დედაქალაქელი საახალწლოდ ბათუმში წასვლასაც კი აპირებს.
გიორგი ჯაში, 24 წლის: „მე და ჩემმა მეგობრებმა ერთი კვირით ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ. ახალ წელსაც იქ შევხვდებით. ვფიქრობ, რომ ბათუმში უფრო საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი და ახალგაზრდები იქ უფრო მეტად გავერთობით, ვიდრე - დედაქალაქში“.
არც დედაქალაქში მყოფნი მოიწყენენ 31 დეკემბერს. მათთვის, ვისაც ახალ წელთან ქუჩაში შეხვედრა აქვს დაგეგმილი, თავისუფლების მოედანზე 11 საათზე გალა კონცერტი დაიწყება ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
ერთი სიტყვით, თბილისის ყოველ კუთხეში საახალწლო განწყობა იგრძნობა. რაც შეეხება საახალწლო ტრადიციებს, ის ყველა ოჯახში განსაკუთრებული და განსხვავებულია. ჩვენ საახალწლო ტრადიციებთან დაკავშირებით, კომენტარი რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ;
მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი:
- ახალ წელს, ტრადიციისამებრ, მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, თუმცა, როგორც კი 12 საათს გადასცდება, ყველანი მივდივართ იქ, საითაც უფრო მიგვიხარია. უფროსი თაობის წარმომადგენლები, ძირითადად, ნათესავებს ვსტუმრობთ, ჩემი შვილები კი თავიანთი მეგობრების წრეში აგრძელებენ ახალი წლის საღამოს.
- წლის მთავარ მოვლენად რას მიიჩნევთ?
- საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე და არასტაბილური წელი იყო. ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო საკმაოდ ბევრ გამოცდას. წლის მთავარ მოვლენად მიმაჩნია უპრეცენდენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები, რომელიც ოპოზიციის ლიდერთა ორგანიზებით გაიმართა. მართალია, ხელისუფლებამ არად ჩააგდო საზოგადოების მოთხოვნა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს აქციები იყო ქართველი ხალხისა და ოპოზიციის ლიდერების გამარჯვება“.
მანანა ღურჭუმალიძე (პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე):
- როგორ შეაფასებდით გასულ წელს?
- გაერთიანებული პროფკავშირებისთვის 2009 წელი საკმაოდ მძიმე და, ამავე დროს, ნაყოფიერი წელი იყო. ბევრ შემოტევას, პროვოკაციას, გამოწვევებს გავუძელით, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ვართ ღირსეული ორგანიზაცია. გასული წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენ დავიწყეთ დიალოგი საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ძალიან მნიშვნელოვანი სკითხების გადასაჭრელად, ასევე, გამოვეცით რამდენიმე სახელმძღვანელო - წიგნი, განვახორციელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, გადავამზადეთ ბევრი მასწავლებელი. ვცდილობდით, ყველანაირად დაგვეცვა მათი უფლებები. პირადად ჩემთვის ეს წელი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მე ამირჩიეს ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირის პრეზიდენტად, რაც, ალბათ, მხოლოდ ჩემი კი არა, ჩვენი პროფკავშირისა და საქართველოს წარმატებაცაა. ერთი სიტყვით, საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო.
- როგორ აპირებთ ახალი, 2010 წლის შეხვედრას?
- ყოველ ახალ წელს ვცდილობ, ჩემს ახლობლებს, ნათესავებს ჩემთან მოვუყარო თავი და ყველას შეძლებისდაგვარად საახალწლო განწყობა შევუქმნა. ამ მხრივ არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. სამზადისი უკვე დაწყებული მაქვს. როგორც წესი, საახალწლო კერძებს ყოველთვის მე ვაკეთებ და საკმაოდ კარგადაც გამომდის. კერძი, რომელიც ყოველთვის არის ჩემს საახალწლო სუფრაზე, ესაა შემწვარი ბატი ფორთოხლის წვენში. ეს უკვე ტრადიციად მექცა“.
***
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი საახალწლო ტრადიციაა. ყველა თავისებურად ხვდება ახალ წელს, თუმცა ერთი რამ უცვლელია - ყველგან ყველას სწამს, რომ ახალი წელი სიახლის, იმედის და სიხარულის მომტანია, მთავარია, მას ღიმილით შევხვდეთ და ყველაზე სანუკვარი სურვილიც კი ახდება, ახალი წლის ღამე ოცნებების ასრულების ღამეა.