ქუთაისის სტაციონარებში უკვე H1N1-ის გახშირებული სტატისტიკა ფიქსირდება. რეკომენდებული „ტამიფლუს“ ეფექტურობა საეჭვო ხდება. ვირუსის სიმპტომებსა და დაავადებული პაციენტების მდგომარეობაზე დედათა და ბავშვთა სამხარეო ცენტრისა და სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგი მანანა მჟავანაძე გვესაუბრება.
- რამდენად გაიზარდა მომართვიანობა დედათა და ბავშვთა სამხარეო ცენტრში, ძირითადად რა დიაგნოზით შემოდიან პაციენტები?
- პაციენტები გადმოჰყავს კატასტროფის სამსახურს ან თვითმომართვითაც შემოდიან. აქამდე ხალხი ამ დაავადებას არასერიოზულად უდგებოდა, თუმცა ახლა დამოკიდებულება იცვლება. მომართვიანობა ნამდვილად ინტენსიური გახდა. პაციენტები შემოდიან ცალმხრივი ან ორმხრივი, გართულებული პნევმონიით. ახლა 23 წლის ფეხმძიმე გოგო მართვით სუნთქვაზეა შეერთებული და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პაციენტების უმეტესობა ფოთიდან, მარტვილიდან, წყალტუბოდან, თერჯოლიდან და ტყიბულიდან შემოჰყავთ. თითქოს დაავადების ერთგვარი კერები გაჩნდა. დღეისთვის H1N1-ის დიაგნოზით 13 პაციენტი წევს.
- ლეტალური შემთხვევა რამდენი იყო ამ საავადმყოფოში და რა მდგომარეობით შემოვიდნენ ეს პაციენტები?
- სამწუხაროდ, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ისინი უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდნენ. 26 წელია, რეანიმატოლოგად ვმუშაობ და, ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევების გახსენება შეიძლება, როცა ფილტვების ანთება ლეტალური შედეგით დასრულებულა.
ეს ვირუსი ამჟამად, რატომღაც, უფრო ხშირად ახალგაზრდა პოპულაციაში ხვდება, ძირითადად ფეხმძიმეები ავადდებიან, რადგანაც მათი იმუნური სისტემა სუსტია. თუმცა იმის ახსნაც ძნელია, რომ მამაკაცებიც ავადდებიან. ცოტა ხნის წინ 45 წლის, პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალბატონი გარდაიცვალა, ჯერ მოუარა ქმარ-შვილს, რომლებიც გაცივებული იყვნენ, მერე დამძიმდა მისი მდგომარეობა. მერწმუნეთ, რომ, როცა სურდო დაეწყება პაციენტს, ექიმთან არავინ გარბის მაშინვე.
დაავადება მძიმე შემთხვევაში, მკურნალობის მიუხედავად, მაინც პროგრესირებს.
- პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, „ტამიფლუს“ ეფექტურობაზე რა შეიძლება ითქვას?
- საერთაშორისო რეკომენდაციებიც არსებობს მის გამოყენებაზე, თუმცა ის ავადმყოფობის 1-48 საათში ითვლება ეფექტურად. როცა გართულება იწყება, არა მგონია, მან დიდი სამუშაო შეასრულოს.
„ტამიფლუს“ გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს: კუჭის ტკივილი, კუჭის წვა, გულის რევა, დისკომფორტი, ზოგჯერ პაციენტები უარს ამბობენ მის მიღებაზე და ასეთ შემთხვევაში არანაირი უფლება გვაქვს, დავაძალოთ მათ ეს პრეპარატი.
ეს შტამი იმდენად ახალია, მასზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს. იმის თქმა, რომ ერთხელ ჰქონდა ადამიანს ვირუსი და მეორედ აღარ შეხვდება, არასწორია. ადამიანს ორჯერ ავადობის შემდეგ უჩნდება მის მიმართ იმუნიტეტი, თუმცა ამას გაუძლებს თუ არა ორგანიზმი, ძნელი სათქმელია.
- ზოგიერთ ქვეყანაში დაწყებული ვაქცინაცია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ვაქცინა, რომელსაც გამოცდის 6 თვიანი პერიოდი ჯერ არ გაუვლია, რამდენად საიმედო შეიძლება იყოს?
- ამერიკაში უკვე დაიწყო ვაქცინაცია, ისინი იმდენად პრაგმატული ხალხია, არა მგონია, უსაფუძვლოდ ენდობოდნენ რაიმე პრეპარატს, თუ მისი ანოტაცია დეტალურად არ ეცოდინებათ.
- ქუთაისის სხვა საავადმყოფოებთან რამდენად კოორდინირებულად მუშაობთ?
- ყოველდღიურად გვაქვს კავშირი და ვიგებთ, რა ხდება სხვაგან, ვინმემ ხომ არ მიაღწია რაიმე შედეგს. რეანიმატოლოგები მუდმივ კონტაქტში ვართ. ამ დაავადებასთან საბრძოლველად როგორც ჩანს, ინფექციონისტები უძლური არიან, როცა პაციენტები ჩვენთან გადმოდიან, უკვე ვირუსული სტადია გავლილი აქვთ.
- იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემია გამოცხადდა, რა რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება?
- ასეთ დროს ქვეყნის ყველა საზღვარი იკეტება, კარანტინი ცხადდება, დაიხურება სკოლები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
- ამ რეალობების გათვალისწინებით, რა შეიძლება ურჩიოთ მოსახლეობას?
- აუცილებლად იარეთ ნიღბით, განსაკუთრებით - ტრანსპორტში, ბაზრობასა და თავშეყრის ადგილებზე. მთელი უკრაინა ნიღბებით დადიოდა. პირბადით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც იცავთ. ყველა ბებიას კარაბადინში წერია, რომ იმუნიტეტის გაძლიერება ნივრით, C ვიტამინით და ამ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით ხდება. კარგი შედეგები აქვს ინჰალაციებს. როცა შეამჩნევთ სურდოს, მშრალ ხველას, ყელის ტკივილს, თავის ტკივილს და ტემპერატურას, მაშინვე ზოგად თერაპევტს მიმართეთ. სამწუხაროდ, დაბალ ტემპერატურას ყურადღებას არ ვაქცევთ.