დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის შენობა თუ საკონცერტო დარბაზი?
2012/07/02 12:31:35

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებას  - ქუთაისში პარლამენტის შენობის ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებით - პიარტექნოლოგი იწუნებს

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ქუთაისში ნახევრადგახსნილი პარლამენტისათვის სხვა ფუნქციის გამონახვას აპირებენ. მაგალითად, რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პარლამენტს საკონცერტო დარბაზად გადააკეთებენ. გართობისთვის ვერ იმეტებს, თუმცა ვერც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობად აღიქვამს „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და აცხადებს, რომ თუ ქართველი ხალხის ნება იქნება, მას საკონფერენციო დარბაზად გამოიყენებენ და საერთაშორისო ფორუმებს აღნიშნულ შენობაში გამართავენ.

კოალიციის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, ქუთაისში აგებული საპარლამენტო შენობის ფუქციის შეცვლის იდეას სიხარულით სულაც არ შეხვედრია ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა. მათი აზრით, პარლამენტის მშენებლობამდე, ეს დასახლება პერიფერიად ითვლებოდა და ინფრასტრუქტურის მხრივაც უყურადღებოდ იყო მიტოვებული, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

„ორი წელია, რაც ჩვენმა დასახლებამ თვალებში გამოიხედა. რაც თქვეს, რომ პარლამენტი ქუთაისში და, კონკრეტულად, ავტოქარხანაში შენდებაო, იმის შემდეგ ალამაზებენ ჩვენს დასახლებას და აკოხტავებენ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩვენს უბანში პარლამენტი რომ გაუქმდეს და მის ადგილზე საკონცერტო დარბაზი მოაწყონ,“ - ამბობს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები მანანა ჭუმბურიძე.

„ძლივს რაღაცას დავემგვანეთ და ქალაქელებად ჩაგვთვალეს, რაც პარლამენტი ჩვენს უბანში შენდება. ძალიან გახარებულები ვართ ყველანი და გვიხარია, საკანონმდებლო ორგანო ჩვენს ავტოქარხანაში რომ იქნება. მთელი დასახლება ფეხზე დავდგებით და არ მივცემთ უფლებას, რომ აქ პარლამენტი აღარ იყოს, რად გვინდა ჩვენ აქ საკონცერტო დარბაზი, კონცერტებისთვის არ გვცალია ჩვენ!“ - აღნიშნავს ნუნუ წიქორიძე.

„მეც გავიგე, რომ თურმე „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში პარლამენტის გაუქმება უნდაო და მთელი უბანი ძალიან ნაწყენი ვართ. მე, როგორც ვფიქრობ, ჩვენი უბნიდან მათ ხმას აღარავინ მისცემს. შენობებს გვიკეთებენ პარლამენტის ხათრით, ყველაფერი მოგვიწესრიგდა და ისევ შავბნელ პერიოდში უნდათ, რომ ჩაგვაყენონ?! არავითარ შემთხვევაში. ნახევარი ქუთაისში ავტოქარხანაში ცხოვრობს და ყველა განაწყენებული ვართ ამ განცხადებით,“ - აცხადებს ჯემალ ვარდანიძე.

მაშინ, როცა წინასაარჩევნო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, მსგავსი განცხადებების გაკეთებას „დაუფიქრებელს“ უწოდებს პიარტექნოლოგი სოსო გალუმაშვილი, მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე საკითხი ღიადაა დარჩენილი და ბიძინა ივანიშვილს ან მისი კოალიციის წევრებს აუცლებლად მოუწევს კონკრეტული პასუხის გაცემა თემასთან დაკავშირებით:

- სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ქუთაისში ზოგადად მოსახლეობას რა მოლოდინები აქვს პარლამენტთან დაკავშირებით, თუმცა, რასაკვირველია, როდესაც რაღაცას აპირებ და ინფრასტრუქტურის ჩანაცვლებაზე საუბრობ, მას აუცილებლად უნდა მოაყოლო უფრო კონკრეტული და მომგებიანი სქემა და უნდა დაამტკიცო, რით შეიძლება უფრო მისაღები იყოს საკონცერტო დარბაზი ამ უბნისათვის, ზოგადად ქალაქისთვის, ვიდრე პარლამენტია.

- ბატონო სოსო, შეიძლება თუ არა, კოალიციამ, აღნიშნული განცხადებით, არჩევნების დროს დაკარგოს ამ უბნის მცხოვრებლების ხმები?

- ბუნებრიავია. მოსახლეობა, რომელიც წლებია, ცხოვრობს დეპრესიულ უბანში, მოელის, რომ მოხდება მისი უბნის გამოცოცხლება, როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე მცირე ბიზნესის განვითარებითაც, რაც ასევე, დამატებით, ადგილობრივების დასაქმებას გამოიწვევს. ამიტომ სჯობს, უფრო დაფიქრებულად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. თუმცა, ვფიქრობ, რომ საკითხი ღიადაა დარჩენილი და ბიძინა ივანიშვილსა და მისი კოალიციის წევრებს მოუწევთ ქუთაისელებისათვის ახსნა, რა იგულისხმებოდა ამ სიტყვების უკან. ფაქტობრივად, წინასაარჩევნო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია და აქ ნებისმიერ სიტყვას ელექტორატის განწყობების თვალსაზრისით უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია