დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე დამყარებული საზოგადოებრივი ნდობა
2009/12/14 14:25:52

ორი წლის წინ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა ეთიკის ქარტიაზე მუშაობა დაიწყეს. პროექტი ერთობლივად დააფინანსეს ევროპის კავშირმა და ევროპის საბჭომ. ქარტიის მიღების ინიციატორი ჟურნალისტი ია ანთაძეა, რომლის უშუალო თაოსნობით თითოეული პუნქტი საქართველოს ყველა რეგიონში განიხილეს.

ცოტა ხნის წინ კი 11 პუნქტიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 150-ზე მეტმა ჟურნალისტმა საზეიმოდ მოაწერა ხელი. ქარტიაზე ხელმომწერმა ჟურნალისტებმა საბჭოს ცხრა წევრი აირჩიეს - სამი თბილისიდან, ხოლო ექვსი - რეგიონებიდან. ასევე სამი ჟურნალისტის შემადგენლობითაა არჩეული სარევიზიო საბჭო. არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა. საარჩევნო კომისია ხუთი კაცის შემადგენლობით ჟურნალისტებს შორის აირჩიეს. კომისიას კონსულტაციებს იურისტი გიორგი მშვენიერიძე უწევდა.

შეხვედრას ევროპის საბჭოს და ევროპის კავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველ ჟურნალისტებს ქარტიის მიღება და ხელმოწერა მიულოცეს. ჟურნალისტთა კორპუსი რეგიონებიდან სრულად იყო წარმოდგენილი.

ია ანთაძე, ჟურნალისტი: „დღეს აქ იყვნენ წარმომადგენლები როგორც    „იმედიდან“, ისე „რუსთავი-2“-დან და ქარტიას მოაწერეს ხელი. მაგრამ მათ ჰქონდათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათი ხელმოწერა ნიშნავდა მათივე მედიასაშუალების მხარდაჭერას. ასე არ არის, რადგან ქარტიაზე თითოეული ჟურნალისტი აწერს თავად ხელს და პასუხისმგებლობას ამ ქარტიის დაცვაზე თავად ჟურნალისტი იღებს. მაგრამ ის, რომ ამ ორი ტელეკომპანიის ჟურნალისტები მოვიდნენ და აქ არიან - ეს კარგია. მე ვფიქრობ, რომ თუ არჩეული საბჭო იქნება კეთილსინდისიერი და ნდობით აღჭურვილი ყველას მხრიდან, შეიძლება, ხელმომწერები მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ ქარტიას შეუძლია მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა აამაღლოს. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტების პასუხისმგებლობაც შესაბამისი უნდა იყოს. აქვე გეტყვით, რომ წინა მცდელობებიდან ამ ქარტიას ბევრი რამ განასხვავებს. დროის გასვლის შემდეგ კი უფრო შემეძლება იმის თქმა, თუ რამდენად მუშა მექანიზმი შევქმენით.

ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი:  „ის, რომ დღეს ქარტიას შევუერთდით და ხელი მოვაწერეთ, ნამდვილად კარგია. აქედან გამომდინარე, ქართულ ჟურნალისტიკას ადვილად ვერ გალანძღავენ. ეს ქარტია იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტულ სტატიაზე საჩივრები საბჭოში წარადგინონ და კომისიამ თავისი დასკვნა დადოს. შეიძლება პროცესს გაჯანსაღება დასჭირდეს, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი ძალიან დემოკრატიულად დაიწყო.“

ელისო ჩაფიძე, გაზეთი „რეზონანსი“: „მნიშვნელოვანია, რომ კარგი საბჭო აირჩეს. ქარტიის მიღებამდე დიდი საგანმანათლებლო მუშაობა ჩატარდა. პარალელურად, სხვა ქვეყნების ჟურნალისტური ეთიკის კოდექსები და პრინციპებიც განიხილეს. აქვე ვაღიარებ, რომ როცა ჟურნალისტურ მუშაობას ვიწყებდი, საერთოდ არ ვიცოდი ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის შესახებ და, აქედან გამომდინარე, ეს ძალიან დაეხმარება დამწყებ ჟურნალისტებს. გარდა ამისა, გაცილებით კარგი ვითარებაა არჩეულ საბჭოში, რადგან კარგი კანდიდატურები იქნა დასახელებული და არჩეული.“

მაია მამულაშვილი,  გაზეთი „კახეთის ხმა“: „პირველ რიგში, ამ ქარტიას ხელი მოვაწერე იმიტომ, რომ თითოეული პრეამბულა ჩემს მიერ არის განხილული და შესწავლილი მუშაობის პროცესში. ასეთი შესაძლებლობა მე მანამდე არ მქონია. წინა მცდელობების კრახი გამოწვეული იყო იქიდან, რომ ჟურნალისტებს ამ ინიციატივებში მონაწილეობა არ მიუღიათ. დღეს საზოგადოებას პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა სჭირდება. ხოლო ეს მანამ არ იქნება, სანამ ჟურნალისტი თავის საქმეს პასუხისმგებლობით არ მოეკიდება.“

ეკა კუპატაძე, ტელეკომპანია „გურჯაანის“ საავტორო გადაცემის წამყვანი: „ეს არის ის, რაც დღეს ქართულ ჟურნალისტიკას აკლია. ეგრეთ წოდებული „სკანდალური“ ჟურნალისტების გამო ყველა ერთ ჩარჩოში ვექცევით, ამიტომაც კარგია რომ იყოს ზღვარი. თუ ქარტია სწორად იმუშავებს საზოგადოებას ექნება იმის გარანტია და შესაძლებლობა, ერთმანეთისგან ობიექტური და მიკერძოებული ჟურნალისტი გაარჩიოს.“ 

ია მამალაძე, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე: „მიხარია, რომ ამ ქარტიას ჩემი გაზეთის ჟურნალისტებმა ხელი მოაწერეს. რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები. ამ ქარტიის მიღება მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენს ხელთაა შანსი, რომ წყალგამყოფად იქცეს ეთიკურ და არაეთიკურ ჟურნალისტებს შორის სხვაობა. მე ვფიქრობ, რომ რევერანსების დრო დამთავრდა, რადგან უკვე დროა, შეცდომებზე ღიად მივუთითოთ.“

ირაკლი აბსნაძე, თავისუფალი ჟურნალისტი: „დღეს მნიშვნელოვანია, რომ მედიამ გამართულად და ობიექტურად იმუშაოს. ამისთვის სხვა მექანიზმი, გარდა თვითრეგულაციისა, არ შეგვრჩა. დღეს ყველამ კარგად იცის, როგორი ზეწოლაა ელექტრონულ მედიაზე ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ საზოგადოების ნორმალურად ინფორმირებულობისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორი მიწოდება. დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში კიდევ არსებობს თავისუფალი ჟურნალისტიკის განხორციელების მექანიზმები. წნეხი, რომელიც დედაქალაქშია, იმ დოზით არ არის რეგიონებში.“

გულო კოხოძე, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ ჟურნალისტი: „დღეს ძნელი სათქმელია, თუ რა მუშაობა და რა მომავალი ექნება ამ ქარტიას, მაგრამ მთელი წლის მანძილზე თითოეულ მძიმეზე და წერტილზეც კი ვმუშაობდით და იმედი მაქვს, ეს შრომა რაღაც შედეგს გამოიღებს. მჯერა, რომ ეს იქნება ცოცხალი ორგანიზაცია და ჩვენი ეს მუშაობა ფურცელზე არ დარჩება. აქვე გეტყვით, რომ ამ ქარტიას რეგიონული ჟურნალისტები აწერენ ხელს, რომლებსაც ეს ყველა პრინციპი შინაგანად ისედაც ჰქონდათ.“

შორენა შავერდაშვილი, ჟურნალ    „ლიბერალის“ რედაქტორი: „ეს ინიციატივა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, იმიტომ, რომ მედიის თვითრეგულირების რამდენიმე მცდელობა უკვე იყო. ქარტიამდე არსებობდა ორი საბჭო, რომლებმაც არ იმუშავა. შანსები იმისა, რომ ამ იდეამ და ინიციატივამ იმუშაოს, არის გაცილებით დიდი, იმიტომ, რომ ეს იდეა გაჩნდა თვითონ რეგიონალურ ჟურნალისტებს შორის. ასევე ძალიან კონსტრუქციულად მიდიოდა თითოეულ პოსტულატზე მუშაობა. ამიტომაც ჩვენ ამ ქარტიას ვაწერთ ხელს.“

ლაურა გოგოლაძე, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი: „ეს ჟურნალისტების მიერ შემუშავებული და მიღებულია, რასაც პუნქტობრივად გავდიოდით ეტაპ-ეტაპ. მეტსაც გეტყვით, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში მკითხველებთან ერთადაც კი განვიხილეთ, თუ რატომ იყო თითოეული პუნქტი ჩვენთვის და ჩვენი მკითხველებისთვის მნიშვნელოვანი. ამ ქარტიაზე ხელის მოწერით საზოგადოებას ვანდობთ ჩვენს ეთიკურობას. ჩემს მედია საშუალებაში ამ პრინციპების დაცვის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამ ქარტიის მიზანია, ჟურნალისტთა კორპუსის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს.“

გიორგი თარგამაძე, „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია: „ამას ორი განსხვავებული თვალით ვუყურებ - როგორც პოლიტიკოსი და როგორც ჟურნალისტი. მე ვთვლი, რომ მსგავსი შემთხვევა ორიგინალურია, რადგან თუკი ადრე ინიციატივები მოდიოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჟურნალისტთა ჯგუფების მხრიდან, ამჯერად ინიციატივა მართლა ქვემოდან, თქვენგან წამოვიდა. საგულისხმოა, რომ მასში აქტიურად არიან ჩართულნი ჟურნალისტები საქართველოს რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ მთელი ჟურნალისტური საზოგადოება ერთ ჟურნალისტურ ჩარჩოში მოექცეს პროფესიული კუთხით, მაგრამ ეს არის კარგი საშუალება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს კარგი არჩევანი, რომელ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს გამოუცხადოს ნდობა.“ 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია