ქალაქის ახალგაზრდობისთვის დღემდე ყველაზე პრობლემურად დასაქმებისა და გართობის საკითხი რჩება, ყველაზე დიდი ინტერესი კი გასართობი, საგანმანათლებლო და გასვლითი ღონისძიებების მიმართ აქვს. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ყველაზე აქტიურად ქუთაისის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, რომლის უფროსის, ხათუნა ცანავას თქმით, თვითმმართველობის ძირითადი ფუნქცია - მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, მისი ყველაზე აქტიური ნაწილის - ახალგაზრდობის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ის ფაქტი, რომ ქალაქის თვითმმართველობაში ახალგაზრდობის საკითხები სტრუქტურულად სამსახურის სახით არის წარმოდგენილი, იმის მიმანიშნებელია, რომ თვითმმართველობის მხრიდან, შესაძლებლობების ფარგლებში, ანგარიში ეწევა ახალგაზრდულ ინიციატივებს“, - ამბობს ხათუნა ცანავა.
მისი თქმით, ქუთაისში ახალგაზრდები არც ისე აქტიურები არიან, რასაც, ნაწილობრივ, არაინფორმირებულობით, ნაწილობრივ კი მათი მუშაობისადმი ნდობის ფაქტორის ნაკლებობით ხსნის. აქტიური ისევ ის ძირითადი ბირთვია, რომლებიც ქალაქში გამორჩეულები არიან და შედეგსაც აღწევენ, პროექტების წარმატებაც მათი აქტიურობის შედეგზეა დამოკიდებული.
თუ წინა წლებში ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება მაქსიმუმ 10.000 ლარს შეადგენდა, ბოლო წლებში მდგომარეობა საგრძნობად შეიცვალა. კომიკურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ 3 წელიწადში დაფინანსება 250%-ით გაიზარდა და წელს ახალგაზრდულ პროგრამებს უკვე 201.00 ლარი მოხმარდება.
ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებშიც გამოყოფილი თანხები იხარჯება: ახალგაზრდობის სოციალური დაცვისა და ეთნო-კონფლიქტების შედეგად დაზარალებული თუ იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი სულიერი განვითარების პირობების უზრუნველყოფა; ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკური განვითარება, სპორტსა და ტურიზმში აქტიურად ჩაბმისთვის ხელშეწყობა; თავისუფალი დროის ორგანიზება; გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართვის ხელშეწყობა;
2009 წელი ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა დედის დღისადმი მიძღვნილი აქციით დაიწყო, რომლის ფარგლებში მოხდა ახალშობილთა დედებისა და 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების შედეგად დაღუპულ მებრძოლთა დედების მონახულება. ამავე პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიან დედებს გაეწიათ დახმარება.
შემდეგ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართა სოციალური აქცია, კრიზისში მყოფი ეთნო-კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისათვის რელიგიური ფილმების ფესტივალი. აქციის ფარგლებში ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, ხოლო 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, განხორციელდა რამდენიმე სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცათ საშუალება, თოჯინების თეატრში დასწრებოდნენ წარმოდგენებს. ბავშვებს საჩუქრად სასწავლო ინვენტარიც გადაეცათ.
იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც, ტრადიციულად, საახალწლო მასკარადით სრულდება, საკმაოდ შორს წაგვიყვანს. წლის განმავლობაში განხორციელებული უამრავი პროგრამისა და ამა თუ იმ ღონისძიების გარდა, იყო არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებული რამდენიმე ინოვაციური პროგრამაც, როგორც სტუდენტების, ისე მოსწავლეთა ინიციატივით. გამორჩეული პროგრამები იყო ახალგაზრდების სულიერი განვითარების მიმართულებითაც.
„მინდა აღვნიშნო ისიც, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა თვითმმართველობების გააქტიურებას, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდგომ სწორედ ეს რესურსი გადაინაცვლებს უმაღლეს სასწავლებლებში და, ფაქტობრივად, 2 წლის შემდეგ მივიღებთ სწორედ იმ ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად მიიღებენ ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საქმიანობაში მონაწილეობას“, - გვითხრა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ცანავამ.
ყოველი წლის ოქტომბერში, ახალგაზრდებს თავიანთი ინტერესების, შემოქმედებითი თუ სხვა ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი პროექტები. შარშან ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურში სულ 40-მდე პროექტი შევიდა, აქედან 25 განხორციელდა. ხათუნა ცანავას თქმით, წელს პროექტების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, რომლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა უკვე ჰპოვა, თუმცა, ეს ფაქტორი მაინც არ განსაზღვრავს იმას, რომ ქალაქის ახალგაზრდობა აქტიურია.
„დაგვიანებულს ვერ ვიტყვი, მაგრამ საბიუჯეტო პროცესი ძალაშია შესული და 2010 წლის პარამეტრები უკვე განვსაზღვრეთ, თუმცა, როგორც ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, თავისი ინტერესების მიხედვით, გამორჩეული ინიციატივების შემთხვევაში, მოგვმართონ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ფინანსური რესურსების გათვალისწინებითა და თვითმმართველობის მორალური მხარდაჭერის საფუძველზე, მათი ინიციატივები აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი“.