დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წლებთან და გამრჯე ხელებთან ერთად
2009/11/02 12:48:04

ყველა ნორმალური ადამიანი ცდილობს, საინტერესოდ იცხოვროს. როცა გივი კვინიკაძე თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ გიამბობს, ხვდები, რომ მან მართლაც საინტერესო 70 წელი განვლო. წლები, რომელიც დაუზარელ შრომას შეალია და დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ძველი შემართებითა და იდეებით განაგრძობს გზას, როცა წარსულზე გიამბობს, უბრალოდ, შეიძლება, არც დაიჯერო, რომ კომუნისტების წითელ ეპოქაშიც კი საკუთარი მეურნეობა ჰქონდა.

ბატონი გივი ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა, მშრომელ და განათლებულ ოჯახში. ალბათ, ამიტომაც შეუთავსა და გაითავისა ორივეს მადლი. 12 წლისა იყო, საკუთარი სახლის საძირკვლის ჩასხმა არავის დაანება, ვაზს უვლიდა, საჭრეთლით ჩუქურთმას ჭრიდა, თან შრომის გაიოლებასაც ცდილობდა: სოფლისთვის მექანიკური სალესი აპარატი გააკეთა, სკოლაში ტექნიკური ხელსაწყოები დაამზადა.

სკოლის დასრულების შემდეგ ჯერ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაასრულა ფიზიკა- მათემატიკის განხრით, შემდეგ - თბილისის პოლიტექნიკურში სამშენებლო ფაკულტეტი.

ბატონი გივი კარგად მღერის, ეს თავის დროზე სტუდენტური თვითშემოქმედების დათვალიერებისას შუმჩნეველი არ დარჩენია პარმენ ბუხაიძეს და, სწორედ მისი რეკომენდაციით, უგამოცდოდ მოეწყო მუსიკალურ ტექნიკუმში, მღეროდა ოპერის თეატრის გუნდში.

გივი კვინიკაძე: „კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელების სურვილი მქონდა, მაგრამ საშუალება - არა. ოთხი ოჯახი მყავდა მოსავლელი. მეც პროფესიულ სიმღერას თავი დავანებე, მხოლოდ სუფრაზე ვმღერი.“

წლების მატებასთან ერთად საზრუნავიც იმატებდა. ბატონ გივის კი შრომისა და ახლის შექმნის საოცარი სული ჰქონდა შთაბერილი. ჯერ ინდივიდუალური საწარმო შექმნა: ოთხ წელში 25 ტონა ღორის ხორცი ჩააბარა სახელმწიფოს.

1985 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოს ზონალური საწარმოს უფროსად დანიშნა. გუმათში კვების ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა, აქვე შექმნა ქათმის, მწყრისა და ხოხბის ინკუბატორიც.

„მინისტრი გახსნაზე რომ ჩამოვიდა, გაშტერებული იყო კარგა ხანს. მერე სამინისტროდან იყვნენ ჩამოსულები და მითხრეს, ამ ყველაფრის ავტორები ჩვენ ვიქნებით, თქვენ კი თანაავტორები იყავითო. არ ვქენი. მერე ქვეყანაც აირია და... გუმათში ჩემი შეძენილი 10 კილო ალუმინიც კი ვერ შევინარჩუნე. არადა, კარგი გეგმები მქონდა - ჩეხოსლოვაკიის მაგალითით, მინდოდა, მუხნარის ტყე ამეღო იჯარით და ხოხობი იქ გამეშენებინა. თან კიშინიოველებთან მქონდა ხელშეკრულება და ხოხბის ხორცის ბაზარი ათვისებული. “

1994 წლიდან ქალაქის პურპროდუქტების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, 7 საათამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა, მერე მეურნეობაში  - ბაღჩასა და ბოსტანში. თან სიმღერაც არ დავიწყნია, ახლა ღიმილით იგონებს, რომ ერთხელ, კარგი სიმღერის გამო, ქალაქის საბინაო სამსახურის უფროსად დანიშნეს.

ქალაქში მარტო ცდილობდა ცხენოსნობის განვითრებას. 2007 წელს, როცა რეჟისორმა გოგი დოლიძემ „აკაკის მოგზაურობის“ განმეორება გადაწყვიტა. ცხენებისა და ფაიტონის საქმე ბატონმა გივიმ მოაგვარა.

70 წლისაა და ისევ მხნედ, ძველებურად მზადაა ახალი იდეებისათვის, ახალი საქმიანობისათვის, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო 50000-იანი გრანტი მოიგო. ამ ფულით გეგუთში, მიწის ნაკვეთი შეიძინა, სახლი ჩადგა და... ოთხ სათბურში უკვე დათესილია ცერეცო, უკვე ისიც იცის, როგორ უნდა გაიტანოს ევროპულ ბაზარზე.

ბატონი გივი საინტერესოდ ცხოვრობს, მისაბაძადაც. წლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად კი ეს საინტერესო ცხოვრება მხოლოდ მისმა გამრჯე ხელებმა შექმნეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია