„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით, 2009 წლის 1 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ასაკით პენსიონერები და ინვალიდები 5 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.
ასაკით პენსიის მინიმალური ოდენობა 75 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. რაც შეეხება ინვალიდებს, 2009 წლის 1 ნოემბრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ასევე 75 ლარის ნაცვლად მიიღებენ 80 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები 65 ლარის ნაცვლად - 70 ლარს.
ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოში 641 350 ასაკით პენსიონერი და 108 406 პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული, რომელთა საპენსიო უზრუნველყოფისთვის ნოემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 71 მილიონი ლარი დაიხარჯება.