დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„იმედის“ უცხოური ტრიუმფი
2009/10/05 12:04:47

გასულ ხუთშაბათს ქუთაისის „ფოლკლორის სახლში“ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის მიღება გამართეს. „ფოლკლორის სახლის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ზეინაბ ბურჯანაძემ მოწვეულ სტუმრებს ანსამბლ „იმედის“ წარმატებული ზაფხულის შესახებ ერთგვარი ანგარიში ჩააბარა.

 

13-19 ივლისის ჩათვლით ანსამბლი „იმედი“ მსოფლიო ცეკვის ბავშვთა კონგრესში მონაწილეობდა, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მალაგაში გაიმართა. ანსამბლი 2002 წლიდანაა ამ კონგრესის წევრი, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყანაა გაერთიანებული. მალაგაში კონცერტები მეტად პრესტიჟულ „სერვანტესის თეატრის“ დარბაზში იმართებოდა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები აქვე აწყობდნენ მასტერკლასებს. გალა-კონცერტი კი უმშვენიერეს ადგილას, მალაგის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. გალა-კონცერტი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ერთი დღე მთლიანად ფოლკლორს დაეთმო, მეორე კი - კლასიკური ცეკვების შემსრულებლებს. ფესტივალის მიმდინარეობა ადგილობრივი ტელევიზიით შუქდებოდა, რომ ქართულმა ანსამბლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალბატონმა ზეინაბმა ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო მასალაც წარმოადგინა.

ახლახანს კი ანსამბლი „იმედი“ აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ვირჯინიის შტატში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალი ქალაქ ვიენაში, ვოლფტრაპის პარკში იმართებოდა. პროგრამაში ანსამბლის წევრებისათვის ექსკურსიაც შედიოდა. ასევე კონცერტი გაიმართა პრესტიჟულ სასტუმროში „ჰილტონი“, სადაც აშშ-ში მოღვაწე, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები იყვნენ მიწვეულნი.

კონცერტს საქართველოს ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელიაც ესწრებოდა, რომელმაც, ქართველი ბავშვების ცეკვით მოხიბლულმა, თავისი სამუშაო დღე შეცვალა, ისინი საელჩოში მიიწვია და გულთბილი შეხვედრა გაუმართა.

როგორც ქალბატონი ზეინაბი იხსენებს, დიდხანს ორჭოფობდნენ „ჰილტონში“ გამართულ კონცერტზე რა ცეკვა გაეტანათ. ქალბატონი ზეინაბი ცეკვა „ფარიკაობის“ გატანაზე იმიტომ ყოყმანობდა, არ უნდოდა, ქართველები „იარაღით ხელში“ გამოსულიყვნენ, უარყოფითი ასოციაციების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მისი მოსაზრება კოლეგებმა არ გაიზიარეს და როგორც ქალბატონი ზეინაბი ამბობს, მართალიც აღმოჩნდნენ, რადგანაც „ფარიკაობამ“ დარბაზის უდიდესი აღფრთოვანება დაიმსახურა.

ამ ფესტივალის სახე კი  „იმედის“ სოლისტი - ქართველი „ჯორჯი“, იგივე გიორგი მანაგაძე გახდა.

გიორგი მანაგაძე: „ჩვენმა ანსამბლმა ამერიკაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. იქ თითქმის ათი დღე ვიყავით. კონცერტები ყოველდღე იმართებოდა. ზოგჯერ დღეში ორ კონცერტზეც გამოვდიოდი. მე მაყურებლის სიმპათია გავხდი და ფესტივალის სახედაც ამირჩიეს.“

ეკა ლომინაძე ჯგუფის ერთადერთი წევრი გოგონა გახლდათ, რომელიც აშშ-ში იმყოფებოდა. ეკა ამბობს, რომ ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგანაც ქართველი ქალის ცეკვის სილამაზე მხოლოდ მას, ერთს, უნდა ეჩვენებინა. თავს ბედნიერად მიიჩნევს, რომ ეს შეძლო. ამერიკა ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით კი ქართველ ელჩთან გამართული შეხვედრა დაამახსოვრდა.

„ფოლკლორის სახლში“ სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ. მით უფრო, რომ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებითა და ინიციატივით „ფოლკლორის სახლის“ ბაზაზე უკვე შეიქმნა ახალგაზრდული პროფესიული ანსამბლი. მისი მთავარი ქორეოგრაფი შოთა ჯიშკარიანია. ის „იმედის“ პირველი თაობის წარმომადგენელია. გარკვეული პერიოდი „სუხიშვილებშიც“ ცეკვავდა, მოგვიანებით კი რვაკაციანი პროფესიული გჯუფი ჰყავდა, რომელიც, ძირითადად, საზღვარგარეთ გამართულ შოუებში მონაწილეობდა. ქალთა ჯგუფს ქორეოგრაფი ია ესვანჯია უხელმძღვანელებს. ჯგუფის ლოტბარი ქეთევან ბანცაძეა, სამხატვრო ხელმძღვანელი კი რუსუდან მილორავა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1260
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია