დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი აფრიკიდან დაბრუნდა
2012/12/03 12:24:22

აფრიკის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, სუდანში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე ქუთაისის ახალგაზრდულმა  თეატრმა პირველი ადგილი დაიმსახურა. პრიზით დაბრუნდა თეატრის მსახიობი სოფიო ჩირაძე. მას ჟიურიმ ქალის საუკეთესო როლის ნომინაცია არგუნა. გასტროლები 20 ნოემბრიდან  27 ნოემბრამდე სუდანის დედაქალაქ ხართუმში მიმდინარეობდა. საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც აფრიკულ და არაბულ თეატრებთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე. სუდანი, ეგვიპტე, მაროკო, ქუვეითი, გაერთიანებული საამირო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა თავიანთ სპექტაკლებს აფრიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვევით სუდანის სახელმწიფო თეატრში მართავდა. ქუთაისელებმა ჟან ბატისტ მოლიერის „დონ ჟუანი“ ითამაშეს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კახა ბაკურაძეა.

 

აფრიკული გასტროლები თეატრისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. ეს ერთადერთი კონტინენტია, სადაც ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი მანამდე ნამყოფი არ იყო. თეატრის დირექტორი ზურაბ ფხაკაძე განსაკუთრებული მადლობელია იმერეთის გუბერნატორის ვახტანგ ბალავაძისა და ქუთაისის მერის ბესიკ ბრეგაძის. როგორც ზურაბ ფხაკაძემ განაცხადა, მათ შეუძლებელი შეძლეს და თეატრს მოუძებნეს მეცენატები, რომლებმაც შემდეგ გასტროლი დააფინანსეს.

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი აფრიკაში ყოფნის დროს სასტუმრო „ჰილტონში“ მიიღო სუდანის კულტურის მინისტრმა იასარ ველიზადემ. მან ქართველებისათვის სპეციალურად გამართულ  საზეიმო ვახშამში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქვეყნის სახელმწიფო კაპელამ აფრიკული ფოლკლორის კონცერტი გამართა.

 ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს ჰქონდა პატივი, ფესტივალი გაეხსნა. სპექტაკლს კი კონტინენტის 22 ქვეყნის განათლების მინისტრი დაესწრო. განათლების მინისტრები აფრიკის მინისტერიალში იღებდნენ მონაწილეობას და ეს სასიამოვნო დამთხვევა ამის გამო მოხდა. ქუთაისელებს სასტუმრო „ქორალში“ არაბეთის ელჩი შეხვდა, რომელმაც თეატრი დუბაიში დაპატიჟა. ოფიციალური მიწვევა კი ქუთაისის ახალგაზრდულმა  თეატრმა მაროკოს ფესტივალზე მიიღო. მაროკოში თეატრალური ფესტივალი მომავალი წლის მაისში გაიმართება.

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი 1991 წელს დაარსდა. თეატრს ამ ხნის მანძილზე დადგმული აქვს 50-მდე სპექტაკლი. მათ შორის არის საეტაპო სპექტაკლები - „მედეა“ ( რეჟ.დათო დოიაშვილი) და „სიყვარული ძნელია“ (რეჟ. ნუგზარ ლორთქიფანიძე ).

 

სუდანი - მითი და რეალობა

სუდანის შესახებ ქუთაისის თეატრალურ დასს ზუსტად იმდენი განათლება გვქონდა, რამდენიც - მათ ჩვენზე. ანუ არცერთმა არ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. ბუნებრივია, როცა წასვლა გადაწყდა, ინფორმაციები ინტერნეტით მოვიძიეთ. პირველი, რაც „გუგლის“ საძიებო სისტემამ ამოგვიგდო, ეს იყო შეიარაღებული ჯარისკაცები და მდინარე ნილოსი. შევიტყვეთ ის, რომ სუდანი, სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, უდიდესი ქვეყანაა არაბულ სამყაროში. ფართობის მხრივ მეთხუთმეტეა მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ესაზღვრება ეგვიპტე, ლიბია, ჩადი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია და ერიტრია. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე.

ამასთან საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ ვიცხოვრებდით დედაქალაქ ხართუმში, სადაც ფესტივალი იმართებოდა. ხართუმი, სუდანის  დედაქალაქი და ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქი, მდებარეობს თეთრი და ცისფერი ნილოსის შერწყმის ადგილზე.

ხართუმის მეტროპოლიურ არეალში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს.

რაც შეეხება ზეპირ გადმოცემებს, გვეუბნებოდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით: კრიმინალის დონე იყო მაღალი... რომ არ შეგვჭამონ... მაგალითისთვის მოჰყავდათ, რომ იქაურ აბორიგენებს სამოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირის ელჩი ჰყავდათ შეჭმული და სხვა რამ.

ბუნებრივია, ჩვენი სტერეოტიპული შეხედულებები აფრიკაში ჩასვლის დღიდან დაიმსხვრა.

 

აფრიკული დღეები

ქართულ დელეგაციას 6 კაცი წარმოადგენდა: თეატრის დირექტორი ზურაბ ფხაკაძე, მსახიობები სოფიო ჩირაძე, დათო გოდერიძე, სოსო ცინცაძე, სოსო ხურციძე და თქვენი მონამორჩილი დათო ლიკლიკაძე.

აეროპორტში ჩასულებს ოცდაათამდე ადამიანი დაგვხვდა. ყველამ გულში ჩაგვიკრა. ბარგს ხელი არ მოგვაკიდინეს. სასტუმროში დაბინავების შემდეგ დაიწყო ჩვენი აფრიკული დღეები: კონცერტები, ფოლკლორის საღამოები, ექსკურსიები, ტრადიციული კერძების რესტორნები და მუზეუმები... ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც პროგრამა გვთავაზობდა. ამასთან ყოველდღე ვესწრებოდით აფრიკული და არაბული სახელმწიფოების სპექტაკლებს.

 

ნილოსი...

მდინარე „ნილოსი“ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ადრეც ბევრი ვიცოდით ამ მდინარის შესახებ. დამეთანხმებით, ყველას სურს ნილოსის ნახვა. ჩვენ კი პირდაპირ სანაპიროსთან ვცხოვრობდით. ნილოსი მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი და ცისფერი ნილოსის შეერთებით.  ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს. ჩვენ საშუალება მოგვეცა, საკუთარი თვალით გვენახა ამ ცივილიზაციის ნაშთები.

 

კულტურათა დიალოგი

რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაინც წარმოიშვა ბევრი კულტურა. თუმცა ისეთმა გარეშე ძალებმა, როგორც თავდაპირველად არაბებმა, ხოლო შემდეგ - ევროპელებმა, გამანადგურებელი ეფექტი მოახდინეს აფრიკული ცხოვრების განვითარებაზე.

აფრიკა, სავარაუდოდ, ადამიანთა მოდგმის აკვანს წარმოადგენდა. ანთროპოლოგებმა ტანზანიაში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი და შრომის პრიმიტიული იარაღების ნაშთები, რომლებიც 2 მილიონი წლითაა დათარიღებული. მართალია, ამ მემკვიდრეობის ზუსტი კვალი დიდი კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სრულიად საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები სწორედ აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვნენ.

აფრიკული კულტურა ისტორიის მანძილზე განიცდიდა უცხოური კულტურების გავლენას და, თავის მხრივ, ზემოქმედებას ახდენდა სხვა ქვეყნების და კონტინენტების კულტურაზე. უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებაში. აფრიკის კონტინენტზე არსებობს 2000-ზე მეტი ადგილობრივი ენა, ეს ყველაფერი კონტინენტის მაღალ კულტურაზე მეტყველებს.

აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული  სახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ.

 

დაბრუნება სამშობლოში

თუ გინდა ნამდვილი ევროპელობა იგრძნო, აფრიკაში უნდა მოხვდე. ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვიყავით. მათ სურდათ, ბევრი რამ ესწავლათ ჩვენგან. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენი თეატრალური წარსულით. ფესტივალის ორგანიზატორებს სურთ, საქართველო ნახონ. ყველაზე ემოციური მომენტი აეროპორტში გაცილება გახლდათ. მიუხედავათ იმისა, რომ ბევრის ენა არ გვესმოდა (მხოლოდ ცოტა თუ საუბრობდა ინგლისურად), ჟესტებით გვახვედრებდნენ, რომ კვლავ დაბრუნებას გვთხოვდნენ. მათ უნდოდათ, რომ გვყვარებოდა სუდანი, აფრიკელები...

ჩვენის მხრივ კი დიდი სევდა და ცრემლები ვაჩვენეთ განშორების გამო. დავსიტყვდით, რომ მეგობრობას შევძლებდით. მეგობრობას ხომ საზღვრები არ აქვს.

 

დავით ლიკლიკაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1412
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია