„ყოველ ადამიანს აქვს უფლება - თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით,“ - წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე აზრს შეიცავს და უფრო მეტად ამყარებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია. ხოლო რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავისუფლება, ამას გაეროს 1946 წლის რეზოლუცია ცალსახად განმარტავს. იქ წერია: „ინფორმაციის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და ყველა თავისუფლების ქვაკუთხედი, რომლებსაც გაერო აღიარებს.“ აქედან გამომდინარე, დემოკრატიის მშენებარე საქართველო ინფორმაციის თავისუფლების ყველა პრინციპს უნდა იცავდეს. თუმცა დღეს ტერმინი „საიდუმლო ინფორმაცია“ ზოგიერთი საჯარო დაწესებულების მთავარი არგუმენტია. იგი ცალსახად ნიშნავს, რომ „საიდუმლო ინფორმაცია - საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციაა, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას“. ინფორმაციის თავისუფლების გლობალური ქსელის შექმნის აღსანიშნავად 2002 წლის 28 სექტემბერს დაარსდა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე. საქართველოში არსებულ ვითარებაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი თამარ გურჩიანი გვესაუბრება.
- ქალბატონო თამარ, დღეს როდესაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ ფასეულობებზე ლაპარაკობს, რამდენად არის ქვეყანაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი და არის თუ არა მოსახლეობისთვის ინფორმაცია საჯარო?
-ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორისთვის ინფორმაციის საჯაროობა შეზღუდული არ არის, მოსახლეობისთვის კი, პრაქტიკულად, მიუწვდომელია. როცა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორზე ვსაუბრობთ, იქ არის მოლოდინი გასაჩივრებისა, რადგან მათ აქვთ საშუალება, გადაიხადონ საკომპენსაციო ბაჟი და ასე შემდეგ. მოქალაქის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე კი ასეთი მოლოდინი არ არსებობს. ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ფოკუსირებული ჯგუფები, რომელთა პრობლემასაც ინფორმაციის საჯარო მოთხოვნა ითვალისწინებს. მოქალაქეებს კი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ესაჭიროებათ მოთხოვნილი ინფორმაცია.
როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ქვეყანაში კარგი კანონი უნდა არსებობდეს, რასაც, პრაქტიკულად, მივაღწიეთ კიდეც. მომდევნო ეტაპია ამ კანონების ცხოვრებაში დანერგვა და პრაქტიკულად გამოყენება. პროცედურები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა-მიღებასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად დამკვიდრდა და დღეს არც ერთი საჯარო დაწესებულება არ მეგულება, რომელმაც არ იცის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი. ხოლო რამდენად იცავს, ეს სხვა საკითხია. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც, პროცედურების გარდა, მაღალ დონეზე ვითხოვთ ამ უფლების განხორციელებას. საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა უნდა ისწავლონ, როგორ მოიქცნენ, როცა მოქალაქისგან საჯარო ინფორმაციის შესახებ გამოთხოვის განცხადებებს მიიღებენ. ასევე იზრუნონ რამდენად კვალიფიციურია პასუხი. დღეს რეალურად დგას კვალიფიციური ინფორმაციის მოპოვების პრობლემა, რადგან შინაარსი არასდროს არის დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი იმისა, რაც მოვითხოვეთ.
- და რა არის ამის მიზეზი?
- მიზეზი მაღალი დონის ბიუროკრატია და არაეფექტური მმართველობაა. და, რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახურებში დღეს არაკომპეტენტური კადრებია. კვალიფიციურობის ნაცვლად, საჯარო სამსახურებში პირად ინტერესებსა და ნაცნობობაზე დაფუძნებული კადრების შერჩევა-დანიშვნა ხდება. ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც აფერხებს ერთიანი სურათის დანახვას, რაც სამსახურის მუშაობაზეც დიდ ზეგავლენას ახდენს. როცა ადამიანები პასუხისმგებლები არიან რაღაც ინფორმაციაზე და სისტემატურად იცვლებიან თანამდებობაზე, პრაქტიკულად, იკარგება ინსტიტუციონალური მეხსიერება. ყველა გათავისუფლება-დანიშვნაზე კი ამ მეხსიერების აღდგენა ძნელია და გამოცდილება, რომელიც ამ მოხელეებს მუშაობის პროცესში უგროვდებათ, უბრალოდ, წყალშია გადაყრილი. მიზეზი კი არაკომპეტენტურობა და საჯარო სამსახურებში კლანურობა და კორუფციული ვითარებაა.
- ინფორმაციის მოპოვება განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურებიდან ჭირს. ამ საკითხში ვერც ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სარგებლობენ უპირატესობით. რატომ?
- თავდაცვის სამინისტროს აპარატი არის სამოქალაქო სტრუქტურა და დემოკრატიულ კონტროლს ახორციელებს შეიარაღებულ ძალებზე. დემოკრატიული კონტროლი გულისხმობს იმას, რომ მან უნდა დაიცვას გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპები. თუ რა არის სახელმწიფო საიდუმლო, ეს ძალიან კარგად არის დაწერილი კანონში და, შესაბამისად, ეს არის გამონაკლისი და არა - მათი მუშაობის წესი. საიდუმლო ინფორმაცია ნებისმიერ დაწესებულებას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ინფორმაცია დახურული იყოს. თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურა ზოგადად არის გაუმჭვირვალე და არანაირი ნება არ არსებობს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ღია და გამჭვირვალე იყოს.
- რას იტყვით შინაგან საქმეთა სამინისტროზე?
- რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტოს, მან დღეს უკვე გამოასწორა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ვითარება. თუმცა მედიასთან ურთიერთობა უდავოდ იმსახურებს კრიტიკას. იმიტომ, რომ სასამართლოებსა და შინაგან სქმეთა სამინისტროში სპიკერ მოსამართლეების და სპიკერ პოლიციელების დამკვიდრებული პრაქტიკა არ აღმოჩნდა ეფექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით. რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხების გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ფრთხილი უნდა იყოს, მაგრამ ამ სახის ცენტრალიზაცია, ზოგადად არაფერში ამართლებს და არც ინფორმაციის საჯაროობის კუთხით აღმოჩნდა მისაღები. როგორც ევროპის სასამართლომ თქვა, ინფორმაცია მალ-ფუჭებადი პროდუქტია და ამ ცენტრალიზაციას დიდი ბიუროკრატია ახლავს, რომელიც, თავის მხრივ, დიდ დროსთან არის დაკავშირებული. ჟურნალისტებისთვის კი გადამისამართებები, რაც დღეს რეალურად ხდება, არაეფექტურია. მე ვფიქრობ, ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი მუშაობის ტაქტიკა უნდა შეცვალოს.
- რეგიონებში კი პრობლემაა არამარტო ძალოვან სტრუქტურებთან, არამედ სხვა სამინისტროს ქვემდებარე სამსახურებთან ინფორმაციის საჯაროობაც. თუნდაც იმიტომ, რომ არ ყავთ ადგილზე საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები. ამიტომ ადგილობრივ დონეზე მომუშავე ჟურნალისტები იძულებული არიან, სამინისტროში არსებულ შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდნენ. იქიდან მიღებული დასტური ხშირად დაგვიანებულია. რა შეიძლება ამ კუთხით გააკეთოს სახელმწიფომ, რათა რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მოპოვება ხელმისაწვდომი გახდეს?
- ამ პრობლემის ტექნიკური პრობლემა არ არსებობს, მთავარია სახელმწიფოს ნება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს მობილური და ოპერატიული, რათა ინფორმაცია ყველასთვის დროში ხელმისაწვდომი იყოს. რაც შეეხება რეგიონებს, ინფორმაციის გავრცელებაში დაუშვებელია დისკრიმინაცია. სახელმწიფო დაწესებულება არ უნდა ეწეოდეს ინფორმაციის ექსპლუატაციას და ჟურნალისტებს შორის დისკრიმინაციას. ის, რომ რომელიმე სამსახურს არ ჰყავს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელი რეგიონში, ეს უკვე რეგიონსა და დედაქალაქში მომუშავე ჟურნალისტებს შორის დისკრიმინაციაა, რაც დაუშვებელია. ინფორმაციის ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭიროა პერმანენტული მუშაობა და არა - ცენტრალიზაცია. ამით და კარების კარგად დახურვით, ხელისუფლება საზოგადოებაში გაცილებით ცუდ ეჭვს აღძრავს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა მაქსიმალურად ღია იქნებიან. საჯარო დაწესებულებაში გვაქვს ერთი პრობლემა - მათ ვერ გაითავისეს ის, რომ საიდუმლო ვითარებაში უფრო მეტი პრობლემა აქვთ საზოგადოებისგან, ვიდრე მაშინ, როცა ღიაობის პრინციპით ხელმძღვანელობენ.