დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ალტერნატიული დოკუმენტი უსაფრთხო სკოლისათვის
2012/04/17 12:25:37

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება“ - განხორციელება (მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ). სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტიც. რომლის განხილვა დაგეგმილია საქართველოს 7 ქალაქში.

 

  

12 აპრილს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოიწვია უმაღლესი და საჯარო სკოლების პედაგოგები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც წარუდგინა უსაფრთხო სკოლის არსებული პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი. იგი მომზადებულია განათლების სპეციალისტების - სიმონ ჯანაშიას და სოფიო გორგოძის მიერ.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ და ამავე ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერმა თამარ მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე მოსულ საზოგადოებას გააცნეს, უპირველესად, ამ დოკუმენტის მიზანი - გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გაუმჯობესების გზები შესთავაზონ.

ია ანთაძე: „ჩვენმა ექსპერტებმა შექმნეს ალტერნატიული პოლიტიკის დოკუმენტი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს, რეალურად, უსაფრთხო სკოლა. ჩვენ ვიცით, რომ განათლების სამინისტრო ახორციელებს პროექტს უსაფრთხო სკოლის შესახებ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი შორს არის სრულყოფისგან, მას აქვს ხარვეზები და რაში ვეთანხმებით დღევანდელ პოლიტიკას, რაში არ ვეთანხმებით და რისი დამატება მიგვაჩნია საჭიროდ, - სწორედ ამ თემებზე ვმუშაობთ ახლა.“

დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკის, სამართლებრივი დოკუმენტებისა და სკოლის დონეზე ვითარების შესწავლას. ალტერნატივების შემუშავებისას გათვალისწინებულია სასკოლო ძალადობის შემცირების სფეროში საერთაშორისო გამოცდილება და სამეცნიერო ცოდნა.

უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უნდა გულისხმობდეს მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების ფართო გაგებას - როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია მოსწავლეების ფიზიკური უსაფრთხოება. სკოლის არქიტექტურა, ინვენტარი, ჯანსაღი კვება, უცხო პირების სასკოლო ტერიტორიაზე შეშვების, კატაკლიზმებთან და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული რუტინები და სხვა წინასწარი ზომები მოსწავლეების ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ეხმარება.

ამ დოკუმენტის მიზანია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მხოლოდ ერთი მიმართულების - ძალადობის შემცირების - თვალსაზრისით რეკომენდაციების შემუშავება. ძალადობა, ისევე, როგორც სკოლის უსაფრთხოება, ფართო თემაა და მოიცავს როგორც მოსწავლეებს შორის არსებულ ძალადობას, ისე - ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებულ პრობლემებს.

პროექტის პრეზენტაციაზე მოსული საზოგადოება გაეცნო ალტერნატივებს, ასევე - რეკომენდაციებსაც.

დოკუმენტი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ პრეზენტაცია დისკუსიაში გადაიზარდა.

თამარ მოსიაშვილი: „დღეს ჩვენ ქუთაისის საზოგადოებას გავაცანით უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი, ამ დოკუმენტში ასახულია ის რეალური სიტუაცია, რაც სკოლებში გვაქვს ამ ვითარებით. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მანდატურის ინსტიტუტი არის სკოლაში უსაფრთხოების ერთადერთი და სწორად შერჩეული გარანტი, საკმაოდ მრავალია ალტერნატივა. ზოგადად შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ჩვენი დიდი სურვილია, რომ სკოლაში გაძლიერდეს ზრუნვის ელემენტი და შეემცირდეს კონტროლის ელემენტი, სკოლებმა დაიწყონ თავისუფლად სუნთქვა და შემცირდეს საფრთხის გაზრდა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია