1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები, მასწავლებელთა სამუშაო სტაჟის, განათლების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით მოიმატებს. საბაზო ხელფასი 220 ლარიდან 245 ლარამდე გაიზრდება, რაც მასწავლებელთა უმრავლესობისთვის რეალური ხელფასის 35-ლარიან ზრდას გამოიწვევს.
მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც. საბაზო ხელფასის გაზრდისა და სადამრიგებლო დანამატის გათვალისწინებით, სადამრიგებლო დანამატი 27 ლარიდან 63 ლარამდე გაიზარდა. მასწავლებელთა 50%-ზე მეტი ასევე კლასის დამრიგებელიცაა, შესაბამისად, მასწავლებელთა დაახლოებით 50%-ს ხელფასი საერთო ჯამში 70 ლარით გაიზრდება.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილების შედეგად, საბუნებისმეტყველო საგნების საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ხელფასებიც.
გაიზარდა სასკოლო ვაუჩერის ოდენობაც: პირველ 400 მოსწავლეზე სკოლა თითო ბავშვზე 70 ლარით მეტს მიიღებს; 400-ზე ზემოთ – 55 ლარით მეტს.