დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მეცხრე არხის ჩართვის უფლებას ქუთაისურ საკაბელოებს მარეგულირებელი კომისია უშლის?
2012/05/28 13:37:06

ბიძინა ივანიშვილის საკუთრების ქვეშ არსებულმა ტელევიზია „მეცხრე არხმა“ ქართულ მედიასივრცეში მაუწყებლობა 30 აპრილს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტელევიზიის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, მისი გავრცელების არეალი მეტად მწირეა და მისი ნახვა მხოლოდ „გლობალ TV“-ით, ინტერნეტითა და ტელეკომპანიის ფეისბუქის გვერდზე - TV9.ge-ზეა შესაძლებელი. ამჟამად არხი, საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში, დღე-ღამის განმავლობაში 15 საათით გადის პირდაპირ ეთერში, თუმცა, როგორც „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, ზაფხულიდან არხი 24-საათიან მაუწყებლობაზე გადავა და მისი ბადე საინფორმაციო გამოშვებებითა და თოქშოუებით შეივსება.

 

საპარლამენტო ქალაქსა და მეორე დედაქალაქში არხის მიმართ, როგორც ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტებიდან შევიტყვეთ, ინტერესი არაერთგვაროვანია. ქუთაისელების ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს აღნიშნული არხის ქუთაისის საკაბელო ტელევიზიებში ჩართვას, ნაწილისთვის კი არხის ჩართვას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გაგა მაისურაძე, საშუალო ასაკის მამაკაცი: „ძალიან მაინტერესებს, როგორი ტიპის გადაცემები და საინფორმაციოები გადის ახალ ტელევიზიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს საკაბელოზე ეს არხი არ აჩვენებს. რამდენჯერმე მეგონა, რომ ამოყვანა და მოძებნა უნდა-მეთქი, მაგრამ მერე, ოფისში რომ დავრეკე, მითხრეს, ეგ არხი არაა ჩვენს საკაბელოზეო. ინტერნეტი არ მაქვს, რომ ჩავრთო და ვუყურო. სამთავრობო ტელევიზიების საინფორმაციოები კი თითქმის ერთნაირი და იდენტურია, ყველა სიუჟეტი ერთმანეთს ჰგავს და ძალიან არ მომწონს.“

ლია გვანცელაძე: „მეცხრე არხის“ არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, საერთოდ არ ვიცი მაგ არხის შესახებ არაფერი. ქუთაისში თუ აჩვენებს საერთოდ, ისიც არ ვიცი. არც ჩემ ახლობლებს უთქვამს ვინმეს ამ არხის შესახებ.“

გიგა გელხვიიძე, სტუდენტი: „დავიწყებ იმით, რომ ქართულ არხებს ნაკლებად ვადევნებ თვალყურს, რადგანაც მთელი დღის განმავლობაში ან პოლიტიკური გადაცემები გადის, ან სერიალები, შიგადაშიგ კი - უცხოური ტელეარხებიდან უნიჭოდ გადმოკოპირებული გასართობი შოუები. ჩემი აზრით, „მეცხრე არხიც“ მორიგი ბუდეა ზემოთ ჩამოთვლილი გადაცემებისა და ნამდვილად არ არის საჭირო, რომ მას ქუთაისში ჰქონდეს მაუწყებლობა, რადგანაც სრულიად საკმარისია ის რამდენიმე ტელეარხი, რომლის ხილვის „ბედნიერებაც“ გვაქვს.“

გურამ აბულაძე, გარე მოვაჭრე (ყოფილი ინჟინერი): „იმდენი სულელური უცხოური გასართობი არხი აქვთ ჩართული... არ სჯობს, ყველა ქართული არხი ჩართონ და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მისცენ? ვისაც უნდა - უყურებს, ვისაც არ უნდა - სხვაზე გადართავს.“

ნუნუ მაჩალაძე: „სიამოვნებით ვუყურებდი „მეცხრე არხს“. როგორც ჩემმა შვილიშვილმა მითხრა, საინფორმაციოს წამყვანი ყოფილი „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილია და მაგიტომ ღირს მარტო მაგ არხის ყურება. ვგიჟდები ნათიაზე, ისე მიყვარს. ძალიან მინდა, ჩემს საკაბელოზე რომ ჩართონ ეგ ტელევიზია. თქვენ ჟურნალისტები ხომ ხართ, გაარკვიეთ ერთი, რატომ არ რთავენ“.

ქუთაისში რამდენიმე საკაბელო ტელევიზიაა. გაზეთი „P.S.“ შეეცადა, გაერკვია, იყო თუ არა შეთავაზება „მეცხრე არხის“ ადმინისტრაციის მხრიდან - მათი არხის ჩართვის შესახებ და რა პასუხი გასცეს. თავდაპირველად საკაბელო ტელევიზია „ბეტა TV“-ის დირექტორს, გაიოზ ღიბრაძეს დავუკავშირდით. როგორც საუბრისას გაირკვა, „ბეტა TV“ უფრო მსხვილ საკაბელო ტელევიზიას - „სატელიტ სერვისს“ შეერთებია. „მეცხრე არხის“ ადმინისტრაციიდან არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ, რომც იყოს, მაინც ვერ ჩავრთავთ, რადგან მარეგულირებელი კომისია არ მოგვცემს უფლებას, რომ ეგ არხი ჩვენს საკაბელოში ჩავრთოთ. მეტიც, ჩვენი საკაბელოდან უკვე კარგა ხანია ამოვიღეთ ისეთი არხები, რომლებიც რუსეთის საინფორმაციო გამოშვებებს აშუქებენ და მხოლოდ აპოლიტიკური რუსული არხები დავტოვეთ. ასე რომ, ჩვენ მარეგულირებელი კომისიის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ,“ - გვითხრა საკაბელო ტელევიზიის „სატელიტ სერვისის“ შვილობილი   კომპანია   „ბეტა   TV“-ის დირექტორმა გაიოზ ღიბრაძემ.
რადიკალურად განსხვავებული კომენტარი მოგვცა იმავე კომპანიის - „სატელიტ სერვისის“ დირექტორმა გელა მეფარიშვილმა. მან აღნიშნა, რომ „მეცხრე არხმა“ მათ მაუწყებლობისათვის მიმართა, თუმცა კარგი ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო, იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ:
„არხების გაზრდის ტექნიკური შესაძლებლობები არ გვაქვს, კაბელი არ გვაძლევს საშუალებას იმისათვის, რომ „მეცხრე არხი“ ჩავრთოთ. რადგან ამჟამად ჩვენი საკაბელო აჩვენებს 45 არხს, ჩვენ მეტ არხს, პრაქტიკულად, ვერ დავამატებთ. თუ ეს მოხდა, მაშინ სხვა არხი უნდა ამოვაგდოთ, რაც შეუძლებელია. თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ტექნიკის გაუმჯობესებას და მერე უკვე შეიძლება რაღაცები გავითვალისწინოთ“.

როგორც კულუარებში აცხადებენ, საკაბელო ტელევიზიებს ხელისუფლება არ აძლევს უფლებას, რომ           „მეცხრე არხი“ ჩართონ, რისი ნათელი მაგალითია „გლობალ TV“ - იგი ერთადერთი საკაბელო ტელევიზიაა, რომელიც „მეცხრე არხს“ აჩვენებს. მაგრამ რეგიონებში მისი სატელიტური ანტენების დამონტაჟების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიძულა მოსახლეობა, „თეფშებზე“ უარი ეთქვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია